გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზაფხულის ნომერი #2 (128), რომელშიც წაიკითხავთ:
კავკასიაში ნამყოფ მოგზაურთაგან საყურადღებო ავტორია ავსტრიელი იდა (ლაურა) პფაიფერი, რომელიც აქ XIX საუკუნის პირველ ნახევარში იმყოფებოდა. პირველი მოგზაურობისას იდამ 1842 წელს ვენა დატოვა და კონსტანტინოპოლის, ბეირუთის, იერუსალიმის, დამასკოს, კაიროს მონახულების შემდეგ წითელ ზღვას მიაღწია, ხოლო მომდევნო წელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს კი იდა ჰონკონგიდან გადავიდა ინდოეთში, სპარსეთში, ერაყში და ბაბილონის მონახულების შემდეგ, 1848 წლის აგვისტოში, მოგზაურობა სომხეთსა და საქართველოში განაგრძო. საზოგადოებამ განსაკუთრებული ინტერესით მიიღო პფაიფერის ნაშრომი ამ მოგზაურობის შესახებ, რომელიც მან ცოტა მოგვიანებით გამოსცა. კავკასიაში მან თვეზე მეტხანს დაყო და თხზულებაში ცალკე თავი დაუთმო “აზიურ რუსეთს”, სადაც სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობა აქვს აღწერილი.
ის დაწვრილებით აღწერს კავკასიაში რუსეთის სასაზღვრო ადგილებს, რომელიც მისი გადმოცემით მდინარე არაქსზე გადიოდა. ავსტრიელი მოგზაური ვერ მალავს გულისწყრომას რუსეთის ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ბიუროკრატიული სისტემისადმი. ის აღწერს ასევე ადგილობრივ მმართველ წრეებში არსებულ გამომძალველობას: “როგორც კი რუსულ მიწაზე ფეხი დავდგი, დაიწყო უსირცხვილო მათხოვრობა წვრილმანი გასამრჯელოსთვის. ჩინოვნიკს, სხვა ადამიანებს შორის ჰყავდა ერთი კაზაკი, რომელიც ირწმუნებოდა, გერმანული ვიციო. ჩემი სურვილების გამოსაკითხად ჩემთან გამოგზავნეს. ამ არამზადამ ისევე იცოდა გერმანული, როგორც მე ჩინური სამ-ოთხ სიტყვამდე. ავუხსენი, რომ მისი დახმარება არ მჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, საჩქაროდ გამომიწოდა ხელი და წვრილი ფული მთხოვა მომსახურებისთვის”. იდა პფაიფერს იმდენად დიდი პრობლემები შეუქმნეს სამგზავრო დოკუმენტების მომზადებისას, რომ იგი რუსულ სახელმწიფო სისტემაზე განაწყენებული წერს: “ოო, კეთილო არაბებო, თურქებო, სპარსელებო, ინდუსებო და ვინც უნდა იყოთ, ამის მსგავსი თქვენთან არაფერი შემთხვევია! როგორ ბედნიერად ვმოძრაობდი ყველა თქვენ-თქვენ ქვეყნებში, როგორ მოწყალედ მექცეოდნენ სპარსეთის საზღვარზე, როცა ვერ ვიგებდი, პასპორტს რომ მთხოვდნენ - და აქ კი, ქრისტიანულ ქვეყანაში ამ პატარა მანძილზე რამდენი წყენა შემხვდა!”
წლეულს სრულდება დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის (1887-1973) გარდაცვალების 50 წლისთავი, აგრეთვე 150 წელიწადი მისი მასწავლებლის, გამოჩენილი ლატვიელი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის, აკადემიკოს იანის ენძელინსის (1873-1961). სტატია მათი ნახევარსაუკუნოვანი სამეცნიერო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის ისტორიას ეძღვნება... ენათმეცნიერულ კვლევა-ძიებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს აკადემიკოსებმა გიორგი ახვლედიანმა და აკაკი შანიძემ (1887-1987), პროფესორ იოსებ ყიფშიძესთან (1882-1919) ერთად. იანის ენძელინსი მიჩნეულია თანამედროვე ლატვიური დამწერლობის ერთ-ერთ შემქმნელად. ამ ორი დიდი ენათმეცნიერის მჭიდრო კვლევითი თანამშრომლობისა და ახლომეგობრული ურთიერთობის დასადასტურებლად საინტერესო წყაროს წარმოადგენს მათი მიმოწერა. აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ხუთი წერილი ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ისტორიის ფონდში. ამ წერილების ქრონოლოგიური ჩარჩო 10 წელიწადს მოიცავს. მათგან პირველი წერილი დათარიღებულია 1948 წლის 30 აპრილით, ხოლო უკანასკნელი - 1958 წლის 22 დეკემბრით. რუსულ ენაზე დაწერილი ეს წერილები, ჩვენეულ თარგმანთან ერთად, ქვეყნდება პირველად.
პიერფონის ციხე-დარბაზი საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული შუა საუკუნეების ძეგლია. მძლავრი თავდაცვითი ნაგებობა დგას პარიზის ჩრდილოეთით, უაზას დეპარტამენტში, პიერფონის კომუნაში მდებარე კომპიენის ისტორიული ტყის პირას - სწორედ ამ ტყეში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც I მსოფლიო ომი დასრულდა. ციხე-დარბაზმა, XIX საუკუნეში ჩატარებული რესტავრაციის მიუხედავად, კარგად შემოინახა სწორედ შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო არქიტექტურის ძირითადი თავისებურებანი. აღსანიშნავია, რომ პიერფონის ციხე-დარბაზს დღეს საკმაოდ ხშირად იყენებენ ფილმებისა და სერიალების გადაღებისას.
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ: