ავტორი:

"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..." - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი

"უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე..."  - 33 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან და ავარიას გადარჩენილის ნაამბობი

"საშინელება ტრიალებდა. ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე მივჩოჩდი... ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი..." - რას იხსენებს საბაგაროს ტარგედიას გადარჩენილი?

33 წლის წინ, 1990 წლის 1-ლ ივნისს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ავარიის გამო ორივე ვაგონი მოწყდა და უდიდესი სიჩქარით ქვემოთ დაეშვა. მგზავრების ნაწილი ვაგონებიდან გადახტა, ნაწილი - გადავარდა, საბოლოოდ კი, 19 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა, მათგან15-მდე მძიმედ. დაღუპულთა შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები, ასევე, ქალები, ჯარისკაცები. ავარიის ოფიციალურ მიზეზად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა. მომხდარი მსოფლიოში საბაგირო გზების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა.

"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება 1990 წლის 1-ლ ივნისის ამბებს ტარგედიას გადარჩენილი, მიხეილ ირემაშვილის ინტერვიუ, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ:

- იმხანად 15 წლის ვიყავი და მე-80 პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ, საბაგირო გზის ბილეთები ავიღეთ, ვაგონში შევედით და წინა მხარეს დავდექით. მახსოვს, ვაგონში ბევრი ადამიანი იყო, უმრავლესობა - ახალგაზრდები, კიდევ იყვნენ ქალები და 3-4 პატარა ბავშვი. ჩვენ მარცხნივ სამი ჯარისკაცი იდგა, ორი რუსი და ერთიც - უზბეკი, მარჯვნივ გამცილებელი ქალი გვედგა. ზემოდან მომავალი ვაგონი საბაგირო გზის დაახლოებით, შუაში შეგვხვდა. იქიდან ბავშვები გვიქნევდნენ ხელს. მოგვიანებით შევიტყვე, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოუყვანიათ ექსკურსიაზე. ბოლო ბოძამდე ვიყავით ასულები, მალე სადგურშიც შევიდოდით, ბრახუნის ხმა რომ გავიგონეთ. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა:

უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა და ჩამოქაჩა, მაგრამ აბა, ელვისუსწრაფესად მქროლავ ვაგონს რას გააჩერებდა! ერთი ბიჭი მიეხმარა, მოგვიანებით გავიგე, მორაგბე ყოფილა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გადარჩა თუ - არა. მოკლედ, დამუხრუჭების ცდა უშედეგოდ დასრულდა. მერე კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმრავლესობა გათიშულა. ვერავინ იხსენებდა, ვაგონიდან როგორ გადმოცვივდნენ. როგორც გვითხრეს, ჩვენი ვაგონი სამ თუ ოთხსართულიანი სახლების სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. ნაწილი ძირს ვეყარეთ, ნაწილი - სახურავზე დარჩენილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. არც ფეხსაცმელი მეცვა, არც საათი მეკეთა. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამომძვრალვარ. ახლაც გაოგნებული ვარ, იქ როგორ გამოვეტიე და ზედ არ შევრჩი. წამოდგომა ვცადე და ფეხი არ დამემორჩილა - ბარძაყის ძვალში გადამტეხვოდა, საავადმყოფოში კი ტვინის შერყევაც დამიდგინეს. გააგრძელეთ კითხვა