ავტორი:

"ვაშინგტონთან ახლოს ვცხოვრობთ, ეზოში თბილისის სურათები გვაქვს... მეუღლე ენერგეტიკულ კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტია" - გაიცანით გოგიბერიძეები, ქართველების მასპინძელი ოჯახი აშშ-ში

"ვაშინგტონთან ახლოს ვცხოვრობთ, ეზოში თბილისის სურათები გვაქვს... მეუღლე ენერგეტიკულ კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტია" - გაიცანით გოგიბერიძეები, ქართველების მასპინძელი ოჯახი აშშ-ში

"მინდა ყველამ იცოდეს, ეს სახლი ამერიკაში არის სიკეთის, სათნოების, სიყვარულის, ბედნიერების და მუსიკის სახლი, სადაც ძალიან გულწრფელი და სუფთა ხდები. გარედან როგორი ლამაზიცაა, იმაზე უფრო საოცარია სულიერად. ნამდვილი ქართული, ოთხშვილიანი ოჯახი ცხოვრობს აქ... ასევე ამერიკაში ჩამოსული ყველა ქართველის მომფერებელი, მასპინძელი" - ასე გააცნო სოციალურ ქსელში ცნობილმა მომღერალმა ლაშა ღლონტმა ამერიკაში, ვაშინგტონთან ახლოს მცხოვრები - გოგიტა გოგიბერიძის და თამუნა ელბაქიძის ოჯახი საზოგადოებას, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა...

თამუნა ელბაქიძე და გოგიტა გოგიბერიძე ამერიკიდან გვესაუბრნენ...

- ამერიკაში 2011 წლის ბოლოს გადმოვედით. მეუღლე მუშაობდა ჯერ საქართველოში AES-ში. 2003 წელს კიევში მიიწვიეს იგივე კომპანიაში და 2011 წელს იგივე კომპანიამ მოიწვია ამერიკაში და ჩამოვედით ამ მიზეზით. აქედან გამომდინარე მოვხვდით აქ... მეუღლე ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, თავიდან ჩემთვის და ბავშვებისთვის ძალიან რთული იყო. ენა არ ვიცოდით, აქ მეგობრებიც არ გვყავდა. ძალიან მოკლე დროში გადაწყდა ჩვენი აქეთ გადმოსვლა... ფაქტიურად, ორ ქვეყანაში ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. კიევშიც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები. ყველაზე რთული პერიოდი პირველი 6 თვე იყო. ყველაფერი სხვანაირია ამ ქვეყანაში საქართველოსთან და უკრაინასთან შედარებით. განათლების სისტემა, ცხოვრების რითმი, ურთიერთობები... საბედნიეროდ, ძალიან მალე გავიცანი აქაური ქართველები და ნელნელა ჩემი განწყობაც შეიცვალა ამ ქვეყნის მიმართ. ენის კურსებზე დავიწყე სიარული და როგორც კი ინგლისურად კომუნიკაცია შევძელი, უფრო გამიმარტივდა აქ ყოფნა და შესაბამისად, შეჩვევაც.

- გაგვაცანით თქვენი შვილები...

- გვყავს ოთხი შვილი. მამუკა 25 წლის, გვანცა 22 წლის, გიორგი 15 წლის და ანა 9 წლის. მამუკა და გვანცა საქართველოში დაიბადნენ. გიორგი კიევში და ანა ამერიკაში... უფროსმა ბავშვებმა აქ დაამთავრეს სკოლა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი. მამუკა მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანიაში, ახლა დროებით საქართველოში ცხოვრობს. მუდმივად ენატრებოდა და კოვიდმა მისცა საშუალება, საქართველოდან ემუშავა ამერიკაში. გვანცაც ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს, პროექტების მენეჯერია. პატარები ჯერ სკოლაში დადიან...

გოგიბერიძეები

- როგორ იქცა ამერიკაში თქვენი სახლი ქართველებისთვის ასე ღიად?

- როდესაც საქართველოდან ვაშინგტონში მეგობრები, მომღერლები ჩამოდიან, ყოველთვის ვიკრიბებით ჩვენთან სახლში. აქაც ძალიან დიდი დიასპორა გვაქვს და ხშირად ვიკრიბებით. ქართულ საკვირაო სკოლაში ბაღის პედაგოგი ვარ. ვცდილობ ყველა ქართველს პატარა სითბო გავუზიარო. 2015 წელს ანსამბლი „ალილო“ და თეატრალური კვარტეტი გვყავდა სტუმრად... „ალილოს“ წევრი ბატონი გია დავითიანი ჩვენი მეზობელია საქართველოში. როგორც კი გავიგეთ "ალილო" ჩამოდიოდა, მაშინვე დავგეგმეთ ეს შეხვედრა. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა ლაშასთან და ყველასთან... საქართველოშიც ვხვდებით ერთმანეთს, როცა ჩამოვდივართ. ძალიან სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა... პირველად ანსამბლი „გორდელა“ გვყავდა სტუმრად, 2014 წელს... 2018 წელს იყო "ქართული ხმები" და აჩიკო ნიჟარაძე. კონცერტი ქართულ საკვირაო სკოლაში ჩატარდა, სკოლის შემდეგ კი ჩვენთან შევიკრიბეთ, ვიმღერეთ, ვისაუბრეთ... დიდი ხნით ვერ გაჩერდნენ ბიჭები, ნიუ-იორკში მიდიოდნენ. ჩვენთან შეკრება ძირითადად სიმღერები და მოლხენაა...

- ამერიკაში სად ცხოვრობთ?

- ვაშინგტონთან ახლოს ვცხოვრობთ... საკუთარ ეზოში ძველი თბილისის სურათები გვაქვს. აქ უნიჭიერესი მხატვარი - თამი მოსულიშვილი ცხოვრობს, მას მოვახატინე. ესეც ჩემი იდეაა. რაზეც არის ნახატი, სათავსო, პატარა სახლია ხელსაწყოებისთვის და ეზოს მოსავლელი აპარატურისთვის. სახლს არ ჰქონდა აივანი, მოვაშენეთ, შემდეგ ფილები დავაგეთ და ეს კონტეინერი ცოტა მაღიზიანებდა თავისი ვიზუალით. უცებ ასეთმა აზრმა გამიელვა, ძველი თბილისი მოუხდება აქაურობას- თქო... მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს თამი მოსულიშვილს. ერთია იდეა მოგივიდეს და მეორე, რამდენად შეიძლებოდა ამის განხორციელება. თამისთვისაც პირველი პროექტი აღმოჩნდა ასეთი მაშტაბური ნამუშევარი.. ასეთი სილამაზე გამოგვივიდა. სავიზიტო ბარათია ჩვენი სახლის და ჩემი ქართველი მეგობრებისთვის...

- სახლშიც გაქვთ ქართული ელემენტები?

- პატარ-პატარა ელემენტები მაქვს სამზარეულოში. ქართული ღვინო, ყანწები, პაწაწუნა ქვევრები და თამის მოხატული ძალიან ლამაზი თეფში. გუდიაშვილის ნახატებიდან გადმოხატული, ყველაზე დიდი ძველი თბილისი გვაქვს ეზოში...

- ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებთანაც მეგობრობთ?

- დიახ, აქ ხშირად ვიკრიბებით. აქაური ხელოვნები მართავენ პერსონალურ გამოფენებს და დავდივართ. მეგობრულ შეხვედრები გვაქვს, დაბადების დღეები, ისე დღესასწაულები. საელჩო მასპინძლობს ხშირად ქართველებს. სულ ახალახან გაიმართა საღამო, რომელიც ძალიან ლამაზი და ემოციებით სავსე იყო. მიღება გაიმართა კონგრესის ბიბლიოთეკაში, ულამაზესია ბიბლიოთეკა და მსოფლიოში პირველია წიგნების რაოდენობით. საღამო ტრადიციულად დაიწყო. ბატონი დავით ზალკალიანი გამოვიდა სიტყვით და კიდევ რამდენიმე დიპლომატი. მოგვილოცეს დამოუკიდებლობის დღე. ყოველთვის ხაზგასმულია საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, მეგობრობა. საღამო გახსნა უნიჭიერესმა ნუცა ბუზალაძემ. შეასრულა საქართველოს და ამერიკის ჰიმნი. ნუცას შემდეგ თეატრალურმა კვარტეტმა და ქალბატონმა ქეთი გაბისიანმა გააგრძელეს...

- ისევ თქვენს ოჯახზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, ბავშვებმა ქართული იციან?

- დიახ, ოჯახში ქართული ესმით და საკვირაო სკოლაში დადიან. კიევშიც დაგვყავდა... ოჯახში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ეს არის ყველაზე მთავარი. ბავშვები უცხო ენას ძალიან სწრაფად სწავლობენ, ამიტომ დამატებით კიდევ უცხო ენაზე საუბარი სახლში აღარ არის საჭირო. ქართულ სიმღერებს ვუსმენთ... იციან რომ ჩემთან ინგლისურად არ უნდა ისაუბრონ. ქართული საკვირაო სკოლაც ძალიან გვეხმარება ამ ყოველივეში. ასე ვიყავით კიევშიც. საკვირაო სკოლას და ქართულ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- საქართველოშიც ხშირად ხართ?

- კი, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ, გურულები ვართ... თბილისი, გურია და ბათუმია ჩვენი მარშრუტი. ვფიქრობ, წელს ბავშვები კახეთში წავიყვანო... უფროსი შვილი ორი წელია თბილისშია. ვცდილობ, მაქსიმალურად ქართული ფესვები გავაღვივო ბავშვებში.

გოგიტა გოგობერიძე

- ჩვენ დროებით ემიგრაციაში მყოფი ქართველები ვართ, 20 წელია რაც სამშობლო დავტოვე, აქედან ბოლო 12 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმოღვაწეობ და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მიფიქრია, რომ სამშობლოში არ დავბრუნდები, პირიქით, დღე არ გავა ისე, რომ არ ვიფიქრო ჩემს სამშობლოზე და იმაზე თუ როდის დავბრუნდები. ასე ვზრდით შვილებსაც, მათ იციან, რომ ქართველები არიან და საზღვარგარეთ დროებით ვართ, იმისთვის რომ თანამერდოვე განათლება მიიღონ და თავის სამშობლოს გამოადგნენ. უფროსი შვილი ფაქტიურად უკვე დაბრუნდა და საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე წელია. როგორც მოგეხსენებათ ემიგრციაში სამშობლოს სიყვარული უფრო გამძაფრებულია და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს უფრო ემოციურად აღიქვამ, ასეა ხელოვნებაც. ქართული მუსიკა, სიმღერა და ზოგადად ქართული ხელოვნება ხომ ჩვენი მაიდენტიფიცირებელია. ხელოვანები კი ერთგვარი ელჩები არიან, რომლებსაც ეს ყველაფერი ასე ლამაზად მოაქვს ჩვენამდე და ქართულ კულტურას აცნობენ მთელს მსოფლიოს. ჩემთვის დიდი პატივია და ნამდვილად საამაყოა მათთან ურთიერთობა.

- როგორ შეძელით ასეთ დიდ ქვეყანაში ამდენად წარმატებული კარიერა აგეწყოთ?

- რაც შეეხება კარიერას და წარმატებას, ეს დიდი შრომის, მუდმივი სწავლის, გაბედული გადაწყვეტილებების და კომპრომისის შედეგია. თუმცა ჩემი წარმატების მთავარი საფუძველი მაინც ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახია. ორ ქვეყანაში თავიდან ცხოვრების დაწყება არ არის ადვილი და მე რომ გვერდზე არ მყოლოდა ასეთი ძლიერი, გაბედული, მოსიყვარულე, ერთგული და არაჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ, ამას ვერ შევძლებდი. მე ძალიან დიდ ენერგიას ვუთმობ ჩემს საქმეს და სამწუხაროდ, იმდენ დროს ვერ ვახმარ ოჯახს და შვილებს რამდენიც საჭიროა, მაგრამ ამას თამუნა მშვენივრად ართმევს თავს, ოთხი შვილის გაზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ის კომპრომისია, რომელიც ზემოთ ვახსენე.

ისე, წარუმატებელი არც საქართველოში ვყოფილვარ, მე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ და საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ ამ სფეროში უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობები ვეღარ დავინახე. თანაც ისეთი მიმზიდველი შემოთავაზებები მქონდა, რომ უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მაგალითად, ძალიან ბევრი წარმატებული ქართველია ამჟამად ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მაგრამ ჩემს გარემოცვაში, ჩემს სფეროში არ ვიცნობ არავის, ვინც აშშ-ში, მსხვილ გლობალურ კომპანიაში, დირექტორის პოზიციაზე მიეწვიათ საქართველოდან. ამჟამად ერთ-ერთ უდიდეს, ინტერნაციონალურ კომპანიაში ვმუშაობ ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე, ციფრული ტრანფორმაციის დარგში, რომელიც მოიცავს კომპანიის ტრასფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელეტის ჩათვლით.