ავტორი:

"ბოლო წვეთი იყო თურქეთში მყოფი პოლიტიკოსის ლიკვიდაციის ბრძანება" - ნავრუზბეკოვის აღიარება: რუსეთიდან გაქცეულ ФСБ-ს თანამშრომელს პოლონეთიდან დეპორტაციას უპირებენ

"ბოლო წვეთი იყო თურქეთში მყოფი პოლიტიკოსის ლიკვიდაციის ბრძანება" - ნავრუზბეკოვის აღიარება: რუსეთიდან გაქცეულ ФСБ-ს თანამშრომელს პოლონეთიდან დეპორტაციას უპირებენ

პოლონეთში დაკავებული ФСБ-ს თანამშრომელი, ემრან ნავრუზბეკოვი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა, შესაძლოა, უკან დააბრუნონ. ის ლტოლვილთა ბანაკში, საბუთების შემოწმებისას დააკავეს... დაღესტნელმა ნავრუზბეკოვმა პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, 2022 წლის ოქტომბერში მიმართა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღესტნელი ლტოლვილთა ბანაკში აგრესიულად იქცეოდა, არ ემორჩილებოდა მათ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავად ნავრუზბეკოვი ფაქტს უარყოფს. თუმცა, ამის მიუხედავად, გაიმართა სასამართლო პროცესი, რომლის შედეგადაც ადგილობრივმა მართლმსაჯულებამ დაღესტნელს პოლონეთიდან გასვლა და ე.წ. შენგენის ქვენებში შესვლა აუკრძალა. 15 აგვისტომდე, ანუ რუსეთში დეპორტაციამდე, ის საემიგრაციო ციხეში დატოვეს.

გამოცემა currenttime.tv-ის ცნობით, ФСБ -ს თანამშრომლის ცოლი, რომელიც ასევე ლტოლვილთა ბანაკშია, ქმრის თხოვნას მედიას უზიარებს და დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ყოფილი ძალოვანი ირწმუნება, რომ ჯობია პოლონეთში დახვრიტონ, რადგან რუსეთში წამებით სიკვდილი ელოდება.

39 წლის უფროსი ლეიტენანტი, ემრან ნავურზბეკოვი, გასულ წელს, მედიასთან საუბარში ჰყვებოდა, რომ წლების განმავლობაში ФСБ-ს კონტრდაზვერვის განყოფილების თანამშრომელი იყო და ჩრდილოეთ კავკასიაში, მართული ტერაქტების მოწყობა უწევდა.

"მე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც სამსახური იმიტომ დავტოვე, რომ დანაშაულებრივ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება არ მინდოდა... ბოლო წვეთი იყო თურქეთის საქმე - ე.წ. გასტროლის ფარგლებში, თურქეთში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტის ლიკვიდაციის ბრძანება მქონდა. ის დაღესტანში, ჩეჩნეთსა და დანარჩენ რუსეთში იძებნებოდა... ეს ზღვაში წვეთშია, რასაც ჩვენი სამსახური მოითხოვდა, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო. ამის გაკეთება არ მინდოდა, ამიტომაც ბელარუსის გავლით, პოლონეთის საზღვრამდე მოვაღწიე და ჩავბარდი" - ჰყვება დაღესტნელი ჩინოვნიკი.

  • ნავრუზბეკოვის კარიერია ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ძალებში დაიწყო. შემდეგ მან მუშაობა ОМОН-ში გააგრძელა. მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება უწევდა, მათ შორის, კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და ტერორიზმთან ბრძოლა, რაც უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხდებოდა.

მისი თქმით, თავის წარსულზე საჯაროდ საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გადაწყვიტა.

"ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ხმამაღლა მინდა განვაცხადო იმ საშინელ საქმეებზე, რასაც მე და ასობით ათას ადამიანს გვავალებდნენ. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მინდა იმის დემონსტრირება, რომ ამ საშინელ სამსახურთან, რუსეთის სპეცსამსახურებთან საერთო აღარაფერი მაქვს. მე მარტო არ ვარ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის ომის შემდეგ, შეიარაღებულ ძალებს, სპეცსამსახურებს, ОМОН-ს უამრავი ადამიანი ტოვებს და ევროპაში ცდილობს თავშესაფრის პოვნას... ბევრი ახლა გეგმავს გაქცევას. ახლა მოსკოვის იზოლატორში ზის ჩემი თანამშრომელი და ახლობელი, ასევე ФСБ-ს თანამშრომელი, რამაზან რასულოვი, რომელიც ერთ-ერთ მაიორთან ერთად, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. მათ ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებში ვიზიტისას უთვალთვალებდნენ. რამდენიმე დღეში კი, დააკავეს.

რასულოვმა მოასწრო ცოლისთვის დისკის გადაცემა, სადაც ჩვენი სამსახურის საშინელი საქმიანობებია ასახული, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ამ ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღეში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მისი ძმა, რომელიც მახაჩყალაში უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და უკრაინის ომიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ვითომ შემთხვევითია ეს ამბავი?.. არ მგონია" - ამბობს ნავრუზბეკოვი.

მისი ოჯახის თქმით, ისინი აპირებენ პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, რადგან ФСБ-ს დაღესტნელ თანამშრომელს რუსეთში სიკვდილი ელოდება.