ავტორი:

"გეგმებს უყვარს სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“ - რუსული მხარე იუწყება, რომ უკრაინა მასშტაბურ შეტევაზე გადავიდა, უკრაინა ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს

"გეგმებს უყვარს სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“ -  რუსული მხარე იუწყება, რომ უკრაინა მასშტაბურ შეტევაზე გადავიდა, უკრაინა ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყეს. ოპერაციის ადგილად კი ასახელებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქს ესაზღვრება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადების თანახმად, "4 ივნისს, დილიდან მოწინააღმდეგემ დაიწყო მასშტაბური შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით“, - ინფორმაცია ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სააგენტოებმა ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელეს.

კონაშენკოვისვე თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების "სტრატეგიული რეზერვებიდან“ ბრძოლაში ჩაერთნენ 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები, სხვა სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფების მხარდაჭერით.

რუსი გენერლის განცხადებით, მოწინააღმდეგის მიზანი იყო, "ფრონტის ყველაზე მოწყვლად მონაკვეთებზე" რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევა, რასაც "ვერ მიაღწია და წარმატება არ ჰქონიათ".

უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ სამხრეთ დონეცკის მიმართულებით მართლაც შეიმჩნეოდა უკრაინელთა აქტიურობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს დაზვერვითი ბრძოლა იყო თუ დიდი კონტრშეტევის დასაწყისი.

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები წინ წავიდნენ ზაპოროჟიეს ოლქში ერთ-ერთ მიმართულებაზე:

"4 ივნისს უკრაინული ძალებმა განახორციელეს ლოკალური შეტევები და მიაღწიეს გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს როგორც დონეცკის ოლქის დასავლეთ, ისე ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს კონტრშეტევის დაწყების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების შესახებ არც სხვა წყაროები იუწყებიან.

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს უკრაინის თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო. მათ სიჩუმის ნიშნად თითი ტუჩთან მიაქვთ. ვიდეოკადრები კი მთავრდება წარწერით:

"გეგმებს უყვარს სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="annamaliar/810" data-width="100%"></script>

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს - დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

"ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

"უკრაინის მეზობელ ბელგოროდის ოლქში რუსეთი აგრძელებს რეიდებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფების წინააღმდეგ. როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კრემლში ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ უნდა იმოქმედონ მათ წინააღმდეგ, ამ ეტაპზე კრემლის მოქმედება არაკოორდინირებული და ქაოსურია", - წერს უნიანი.