ავტორი:

საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"

საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"

ქართული მითები, ლეგენდები და ზღაპრები სავსეა უნიკალური, საინტერესო და ავთენტური პერსონაჟებით. ჭინკები, დევები, ქაჯები და ავსულები - ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ასევე, ის უძველესი რიტუალები, როგორიცაა მაგალითად ჭიაკოკონობა, რომელიც აღდგომის წინ იმართებოდა და კოცონზე გადახტომას მოიცავდა, ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად.

ქართული მითები თითქოს ცალკე სამყაროა, თავისი მისტიკური ელფერითა და იდუმალებით. და თუ მითები და ლეგენდები თქვენი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს, მაშინ „მოთხრობები ქართლიდან“ თქვენთვის ისეთივე საინტერესო აღმოჩენა იქნება, როგორც ჩემთვის.

წიგნი, რომელიც საინტერესო სიახლეა ქართველი მკითხველისთვის - რვა მოთხრობას აერთიანებს, სადაც ქართული მითებისა და ზღაპრების ამბებს სრულიად ახალ ჭრილში გაეცნობით. თუ საშიში ამბები გიყვართ, საინტერესო და საოცრად ამაღელვებელი თავგადასავლებისთვის მოემზადეთ! წიგნში - „მოთხრობები ქართლიდან“ გადაეყრებით ყველაზე საზარელ არსებებსა და მონსტრებს, რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ბნელ და უძირო გამოქვაბულში შეხვდებით დევს, რომელიც სრულებითაც არ ჰგავს ჩვენთვის ბავშვობიდან კარგად ნაცნობო ზღაპრების საყვარელ პერსონაჟს, რომლიც მოტყუება ნაცარქექიამ მარტივად შეძლო და რომელიც ჩვენში თანაგრძნობას და შეცოდებას უფრო იწვევდა, ვიდრე შიშს. რევაზ-გიორგი არველაძის მოთხრობაში - „12 აგვისტო“, სადაც მოქმედება 1121 წელს ვითარდება, შეხვდებით ისეთ დევს, როგორიც ალბათ სინამდვილეში იქნებოდა, რეალურად რომ ეარსება.

როგორც თავად ავტორი ამბობს: „მინდოდა ჩემი ქვეყნის მითოლოგიური არსებები წარმომეჩინა და "შეუცნობლის“ აგენტებად მექცია - შუასაუკუნეების "შემზარავის“, როგორც ჟანრისა და ლავკრაფტისეული მისტერიის ნაზავი შემექმნა“.

მოთხრობები მართლაც ატარებს იმ განსაკუთრებულ, ბნელ და შემზარავ მისტერიის ატმოსფეროს, როგორიც „ლავკრაფტისეული ჰორორისთვისაა“ დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალმა, რევაზ-გიორგი არველაძემ „მოთხრობები ქართლიდან“ ინგლისურ ენაზე დაწერა და წიგნადაც ამერიკაში გამოსცა, რომ ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები, მითოლოგია და თქმულებები გაეცნო.

უსასრულო ფანტაზია, საინტერესო პერსონაჟები, მისტიკის, საშინელებისა და თანამედროვე რეალობის საინტერესო გადაკვეთა, და რა თქმა უნდა, დაძაბული ატმოსფერო, რომელიც კითხვის დროს, რაღაც მომენტებში შიშის ჟრუანტელსაც კი მოგგვრით. ყველაზე უშიშარი ადამიანების გონებასაც კი ამოგზაურებს ღამის კოშმარების საინტერესო სამყაროში.

მოთხრობაში „ჭიაკოკონობა“ - მწერალი ძალიან ოსტატურად ახერხებს თანამედროვე ყოველდღიურობაში მისტიკის შემოტანას. მას შემდეგ, რაც წითელ ზმანებაში, კოცონის თავზე მოცეკვავე ქაჯს წარმოიდგენთ, რომელსაც მთელი სხეული არაბუნებრივად დაგრძელებია, ამაზრზენად დაუღია შავი უძირო პირი, რომელსაც შემზარავი ნიღბის მიღმა მალავს, ვეჭვობ, მზის ჩასვლის შემდეგ, ვაკის პარკში გასეირნების იდეა მიმზიდველად მოგეჩვენოთ. და თუ რა კავშირშია ვაკის პარკი და იქ აღმართული ქალის ძეგლი მოთხრობასთან - ამაზე პასუხს თავად წიგნში იპოვით.

მოთხრობები ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა. თარგმანი მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული, ორიგინალთან ემოციური კავშირი, ავტორისეული სტილი და ხასიათი პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. წიგნი გამომცემლობა „პალიტრაL“-მა, საკმაოდ ორიგინალური ფორმით გამოსცა. წიგნს ორივე მხრიდან წინა ყდა აქვს, ერთი მხრივ - ქართულად, ხოლო მეორეს მხრივ - ინგლისურად. შესაბამისად, თავად წიგნიც ორი ნაწილისაგან შედგება - ქართული და ინგლისური ვერსიების სინთეზს წარმოადგენს.

წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: „12 აგვისტო“; „გველმოწამენი“; ჭიაკოკონობა“; „წრებრუნვა“; „დობილთა ლუდხანა“; „ნადავლისა და მტაცებლის ამბავი“; „ავი სტუმარი“ და „მაცილი ობობა“. წიგნს ასევე ახლავს Manoela Costa Artwork-ის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები.

რაც შეეხება თავად ავტორს, 26 წლის რევაზ-გიორგი არველაძე პროფესიით რეჟისორი და ვიდეომემონტაჟეა, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ის მწერლის ამპლუაში - ქართულ მითოლოგიაზე შექმნილი მოთხრობების კრებულით გაიცნო. ვფიქრობ, წინ შთაბეჭდილებების ზღვა და დაუვიწყარი ემოციები გელოდებათ!

ავტორი: თეა ინასარიძე