ავტორი:

"ქართველ თანამშრომლებს უფროსები ავალებდნენ ეთქვათ, - რუსები კი არა, უკრაინელი მიმტანები არიანო..." - "რეტროს" ყოფილი თანამშრომელი დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ჰყვება

"ქართველ თანამშრომლებს  უფროსები ავალებდნენ ეთქვათ,  - რუსები კი არა, უკრაინელი მიმტანები არიანო..." - "რეტროს" ყოფილი თანამშრომელი დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ჰყვება

ბათუმში, რესტორან "რეტროს" მფლობელის მიერ თანამშრომელზე ძალადობის სავარაუდო საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • როგორც ცნობილია, მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, "რეტრო" დატოვა 15-მდე თანამშრომელმა, მათ სამსახური რესტორანმა "ფშაურმა" უკვე შესთავაზა.

რესტორნის ყოფილი თანამშრომელი რეზო მახარაძე ჰვება, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა ქართველ თანამშრომლებს.

"ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე შემოდიოდა (რესტორნის მფლობელი) და შეურაცხყოფას აყენებდა მიმტანებს, ბარმენებს, მზარეულებსაც. ამას რუსი "სტაფი" რომ უყურებდა, იდგნენ და დაგვცინოდნენ. ქართველი მომხმარებლებიც ღიზიანდებოდნენ იმის გამო, რომ რუსი მიმტანი ემსახურებოდათ. ისინი სვამდნენ კითხვას, რატომ გვემსახურება რუსი მიმტანიო? ქართველ თანამშრომლებს უფროსები ავალებდნენ ეთქვათ, - რუსები კი არა, უკრაინელი მიმტანები არიანო... ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა - როდესაც მიმტანმა თქვა, რომ ესენი უკრაინელები არიანო, რუსი მიმტანი გამოვიდა და თქვა, - უკრაინელი არ ვარ, რუსი ვარო. რუსებს უფრო მეტი პრივილეგიები ჰქონდათ, მათ შორის ხელფასის მხრივ. ჩვენი დაფასებაც არ იყო... " - ამბობს რეზო მახარაძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან "რეტროში“ მიმტანის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

ასევე იხილეთ: