ავტორი:

"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც ადგილობრივი მედია წერს, საკურორტო სეზონი ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ ზღვაში სამი ადამიანი დაიხრჩო. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა და დიდი ალბათობით, სამივე მათგანი წყალში ნასვამი ჩავიდა...

  • მოსახლეობა ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას მიმართავს, მიიღოს ზომები ნასვამი დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის, რათა მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ახალგაზრდა მაშველების სიცოცხლე არ შეეწიროს, რომლებიც ზღვაში ხშირად სპეციალური ეკიპირების გარეშე ჩადიან, რადგან ის არ აქვთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, არასდროს ფრთხილობენ, არ ითვალისწინებენ მათ რჩევებს, ზღვაში შესვლის ან კანიონზე ყოფნისას. ცდილობენ ისეთ ადგილებში გადაიღონ ფოტო თუ ვიდეო, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ, ზღვაში უმეტესად ნასვამები შედიან, ძლიერი ღელვისას, ან თუნდაც შტორმის დროს და იღუპებიან.

"მათი ახლობლები კი, რუსეთში დაბრუნებისთანავე, აფხაზეთის ლანძღვა-გინებას იწყებენ - თუ რამდენად არ შეესაბამება მომსახურება ფასებს, რამდენად სახიფათოა ძველი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, რომ ადგილობრივებს არ სურთ წინსვლა, განვითარება, პროგრესი, მაგრამ უნდათ მხოლოდ შემოსავალი" - მიაჩნიათ მათ.

რამდენიმე დღის წინ, რიწის პარკთან, იუპშარის კანიონში რუსი ტურისტი ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 27 წლის ტურისტი იქ "უაზის" მარკის ავტომობილით, კანიონთან მაქსიმალურად მიახლოებას შეეცადა, რა დროსაც მანქანა მოწყდა და ქვებზე დაეხეთქა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რუსეთის მოქალაქის ცხედრის ამოსაყვანად 15 საათზე მეტი დასჭირდა... "დაღუპული 1996 წელს, ქალაქ პენზაში დაბადებული ვლადისლავ ვიშნიაკოვი აღმოჩნდა" - ნათქვამია abkhaz-auto.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, ხრამში გადავარდნილი მანქანა ადგილობრივებმა ნახეს და სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ავტომანქანაში 28 წლის ქალი, ალბინა კოპეევაც იმყოფებოდა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ყოველ წელს ასეა, სეზონს ტრაგედიებით ვხსნით... ქალს ორივე ქვედა კიდურები, ფაქტობრივად, სრულიად დამტვრეული აქვს. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ქალმა ვეღარასდროს გაიაროს... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი ტურისტები კანიონიდან ან სხვა ექსტრემალური ადგილებიდან გადაცვივდნენ. ყოველ წელს, ათობით მსგავსი ფაქტი ხდება. იქვე ახლოს პატარა კაფე მაქვს. როდესაც დავინახე, ეს მანქანა სად აპირებდა ასვლას, ვუთხარი, ამ მოდელის მანქანით, ასეთ სახიფათო ადგილას ასვლას როგორ ბედავ-მეთქი, ცინიკურად გადმომხედა, გასაგებია, რომ თქვენ აფხაზეთს იქით არაფერი გინახავთ, მაგრამ სხვა უფრო ექსტრემალური ადგილებიც არსებობს, რომელიც დალაშქრული მაქვსო. ცოტა ხანში, საშინელი ხმა გავიგე - მანქანის ქვებზე დახეთქების ხმა" - წერს ადგილობრივი ლეონ ჯიკირბა.

აფხაზების თქმით, წლებია მწვავედ დგას ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ჩასული ტურისტების თემაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ტრაგედიით სრულდება.

1-ელ ივნისის, ღამეს სოხუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. ის მეთევზეებმა იპოვეს და მილიცია გამოიძახეს. დაღუპული 1981 წელს დაბადებული აღმოჩნდა... ერთ-ერთი ვერსიით, მასზე იძალადეს და ზღვაში ჩააგდეს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ის საბანაოდ მარტო შევიდა და დაიხრჩო.

"როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, რუსები არასდროს აღიარებენ, რომ პრობლემა მათშიც არის და ზღვაში ნასვამი ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი არ უნდა შეხვიდე... ჩვენი სანაპიროები მოუვლელია, სავსეა ნაგვით და არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ჯერ საკურორტო სეზონი არ გახსნილა, ისინი კი შეშლილებივით შეცვივდნენ ზღვაში, მოედნენ მთა-ბარს. იხოცებიან, ხრამებში ცვივიან. ერთმანეთის გამოცდილებას არ ითვალისწინებენ, ჩვენ აგდებით გვიყურებენ და ტრაგედია რომ მოხდება, ისევ ჩვენ გვადანაშაულებენ" - წერს ასიდა ბენია.