უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით გამართული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა.
"ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გავმართე. ღამის 02:50 საათზე რუსმა ტერორისტებმა კახოვსკას ჰესის სტრუქტურების შიდა აფეთქება განახორციელეს. დატბორვის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტია. გაიცა დავალება სახიფათო უბნებიდან ევაკუაციის და ყველა ქალაქისა და სოფლის, რომლებსაც წყალი კახოვსკას წყალსაცავიდან მიეწოდება, სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ყველაფერს ვაკეთებთ ხალხის გადასარჩენად. ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა" - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სხდომაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობაზე, რათა რუსეთს ამ ტერაქტისთვის მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
„რუსების მიერ კახოვსკას ჰესის განადგურება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მოხდა კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის საბოლოო დემონტაჟი: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები. რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“.
მისივე თქმით, გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლის შტაბის სხდომა.
"მოკლედ შტაბის შეხვედრის შედეგების შესახებ - ვერაფერი და ვერავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, - წერს დანილოვი.
წაიკითხეთ ასევე: