"ნაციონალური მოძრაობა“ არის "ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეალური ცვლილებების გასაღები "ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. როგორც ელისაშვილი აცხადებს, "ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს, თუმცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს და ეს უნდა იყოს ეროვნული ამოცანა.
"ლევან ხაბეიშვილს უთქვამს "ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს "ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები, ბოდიში, და "შეგვეტენებით" თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობა“ არის "ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი. ხომ შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე, დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები "ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. "ოცნება“ უნდა წავიდეს - "ნაციონალები“ არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“,- აცხადებს ელისაშვილი.
ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
"ეს გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.