ავტორი:

"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია

"ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ, არადა, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა და წარმატებული სპორტსმენია

16 წლის გიორგი ზარქუა პარასპორტსმენია. პარატაიკვანდოში ის ევროპის ჩემპიონია და ამის გარდა, არაერთი სხვა ჯილდო აქვს სპორტის ამ სახეობაში მოპოვებული. გიორგი ჰყვება, რომ ხელების გარეშე დაიბადა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის შეზღუდულ შესაძლებლობებს არ ნიშნავს. გიორგი თავის ცხოვრებაზე, მიზნებზე Palitravideo-ს ესაუბრა.

  • "ქუჩაში რომ გამოვდივარ, ფაქტობრივად, ყველა მიყურებს, ანუ რაღაცით განსაკუთრებული ვარ. ეგ მაგარია. ჩემი ასაკის ბავშვები როცა მიყურებენ, მივდივარ და ვეუბნები, რა იყო, ანგელოზი არ გინახიათ თუ რა?!

ისე მოხდა რომ, დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა, ხელების გარეშე. ვერც წარმომიდგენია, რომ ჩემი ცხოვრება ხელებით უფრო საინტერესო იქნებოდა. ვარ პარასპორტსმენი, კონკრეტულად, პარატაიკვანდოს წარმომადგენელი. პარატაიკვანდო არის ჩხუბის ხელოვნება, სადაც ვჩხუბობთ ფეხებით.

მეტროთი მგზავრობისას მაგრად მახალისებენ ხოლმე, ანუ ბარათი რომ ამოვიღო, გავატარო და გავიდე (დახმარების თხოვნისას) მეუბნებიან ხოლმე, უფლება არ გვაქვს, სხვის ჯიბეში ხელი ჩავყოთო და მე ვეუბნები, მე სულ არ მაქვს ხელი და მერე თავიანთი ბარათით მატარებენ ხოლმე.

როცა სადმე ვარ და ხელის ჩამორთმევა უნდათ, ძალიან უხერხული მომენტია, ზოგს ჰგონია, რომ უზრდელი ხარ და სინამდვილეში, უზრდელი კი არ ხარ, უბრალოდ ხელი არ გაქვს. ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად შავი იუმორი მეხმარება. შავი იუმორი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. შეიძლება ვიღაცასთან მივიდე და ვუთხრა, მოდი ხელი ჩაგირტყა, ახალგაცნობილ ადამიანებთან რომ მივდივარ, პირველ რიგში, მაგას ვეუბნები, აბა მოდი ხელი ჩამოგართვა. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ კომპლექსი მოვხსნა. ადამიანებს რომ ვუყურებ, სანამ მაგ ხუმრობას ვიტყვი, ძალიან დაკომპლექსებულები არიან, რაღაც ზედმეტი არ წამოსცდეთ, მივდივარ და ვეუბნები, მოდი ჯეირანი ვითამაშოთ, თუ ტვირთია ასატანი, მოდი, მე მითხარი, აგატანინებ.

რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ საერთოდ არ მჭირდება პროტეზი. ჩემი თავი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიცხოვრო ჩვეულებრივად, მე-12 კლასში გადავედი, ადაპტირება არასდროს არ გამჭირვებია. ყველაფერს ზეპირად ვაბარებ, ღმერთს მადლობა, მეხსიერება მაქვს.

ძალიან ბევრ სფეროში ვაპირებ განვითარებას, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ, გიორგი ზარქუას ვინ უნდა გამოვიდეს, იტყვის რომ ჟურნალისტი. ამ პროფესიაში ვხედავ ჩემს განვითარებას" - ნახეთ ვიდეო