გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. ხუთივე მათგანი კლინიკა ,,გორმედშია“ მოთავსებული.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს, ხუთივე პაციენტის ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მკურნალობა პედიატრიულ განყოფილებაში უტარდებათ და დინამიკა დადებითია.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა მათგანი სტაციონარს დატოვებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სახლიდან უნებართვოდ წაიყვანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და თანატოლებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ.
"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.