ავტორი:

კადიროვის "დაგვიანებული შურისძიება" თუ "უცნაური დამთხვევა" - ჩეჩნეთის ლიდერის მტრის შვილი, რომელიც პრიგოჟინის "ვაგნერში" იბრძოდა, უკრაინაში მოკლეს

კადიროვის "დაგვიანებული შურისძიება" თუ "უცნაური დამთხვევა" - ჩეჩნეთის ლიდერის მტრის შვილი, რომელიც პრიგოჟინის "ვაგნერში" იბრძოდა, უკრაინაში მოკლეს

უკრაინაში დაიღუპა კადიროვის დაუძინებელი მტრის, რუსლან იამადაევის შვილი, საიდი-ჰუსეინ იამადაევი. ის ჯგუფური ყაჩაღობისა და ორგანიზებული დანაშაულების ჩადენისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა სასჯელს და რამდენიმე თვის წინ, ევგენი პრიგოჟინის წარმომადგენლობამ "ვაგნერის" რიგებში გადაიბირა.

"კადიროვის ამბიციებსა და რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს შეწირული ოჯახის ტრაგედია - ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ძმებმა ეროვნულ საქმეს უღალატეს, რუსი შეიარაღებულების მხარეს გადავიდნენ და მათთან შეთანხმებით, რკინიგზას "დარაჯობდნენ", სატვირთო ვაგონებს ძარცვავდნენ. მათი ხალხს ეშინოდა, ისინი კი, რუსების წაქეზებით, გავლენებს იძლიერებდნენ. შეგროვილი თანხებით პოზიციებს იმყარებდნენ და შემდეგ ქვეყნის სამსახურშიც ჩადგნენ, ორივეს სამხედრო საქმე ჩააბარეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დროებით - კადიროვმა მათზე ძებნა გამოაცხადა და ჩეჩნეთში არც ჩაესვლებოდათ", - ასე ეხმაურებიან ჩრდილო კავკასიელები სოციალურ ქსელში იამადაევების საქმეს, რასაც საფუძველი ნამდვილად აქვს...

  • იამადაევების კლანი ჩეჩნეთში კადიროველებზე არანაკლებ ცნობილი და გავლენიანი იყო. იმდენად, რომ ზოგ შემთხვევაში, ჩეჩნეთის ლიდერს ანგარიშს არ უწევდნენ და არც ემორჩილებოდნენ, რაც კადიროვის გაღიზიანებას იწვევდა, მას მხოლოდ მორჩილი და მართვადი პერსონები მოსწონს.

სწორედ დაუმორჩილებლობის გამო გაანადგურა კადიროვმა ძმები იამადაევების ოჯახი. ჯერ უკრაინის ომში დაღუპული ჰუსეინის მამა, რუსლანი მოკლეს, შემდეგ კი მისი ძმა სულიმი, რომელიც ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაური იყო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, ის დუბაიში ჩაცხრილეს.

ჩეჩნეთში იამადაევების ოჯახზე შურისძიებას დაგვიანებული სამართლიანობაც კი უწოდეს, რადგან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ძმებმა თავის ხალხს რუსებთან გარიგების გამო უღალატეს და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა დანაყოფმა ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქი გუდერმესი უბრძოლველად ჩააბარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. სანაცვლოდ, რუსეთის სამსახურში ჩადგნენ და წლების განმავლობაში, ვიდრე მათი ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიის "სულთან კადიროვთან" არ გადაიკვეთა, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ყოფილი საველე მეთაური, რუსლან იამადაევი, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატი და გმირი იყო, 2008 წლის 24 სექტემბერს მოსკოვში ჩაცხრილეს. ქილერმა ჩეჩენ სამხედროს მაშინ ესროლა, როდესაც ის დაჯავშნილ ავტომობილში იჯდა და ფანჯრის შუშა ჰქონდა ჩაწეული. ორი წლის შემდეგ, იამადაევის მკვლელობისთვის დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მოუსაჯეს ჩეჩენ თავდამსხმელს ასლანბეკ დადაევს. ასევე დააკავეს მისი თანაშემწეები - ელიმხან ხაცუევი და თემურ ისაევი, რომელთაც 14-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ორივე ძმის შვილები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი მამების მკვლელობის უკან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა იდგა, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ამ საქმეში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა.

გამოცემის ცნობით, საიდ-ჰუსეინ იამადაევი 2014 წელს ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ულიანოვსკის ოლქის, #2 კოლონიაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2021 წელს მან პუტინს შეწყალება სთხოვა და ვიდეომიმართვაში შეახსენა, რომ "რუსეთის გმირის" და სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, რუსლან იამადაევის შვილია. პუტინს მის თხოვნაზე არ უპასუხია. პერიოდულად ვრცელდებოდა კადრები, თუ რა პირობებში იხდიდა უმცროსი იამადაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. კამერაში მას ჰქონდა ტელევიზორი, მაცივარი, ელექტროგამათბობელი, თანამესაკნეებთან ერთად ქეიფობდა და პერიოდულად, რეჟიმის ადმინისტრაციასთან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა.

"პუტინი, ცხადია, კადიროვის დაუძინებელი მტრების ოჯახის წევრებს თავისუფლებას არ მიანიჭებდა, მაგრამ როგორც რუსეთის გმირის შვილს, ციხეში შედარებით კომფორტულ მდგომარეობას უქმნიდა. ეს ხომ სპეცსამსახურების მიდგომაა... როგორც გაირკვა, ჰუსეინი "ვაგნერებმა" გადაიბირეს და უკრაინის ომში რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდა. რა "უცნაური დამთხვევაა", რომ კადიროვის დაუძინებელი მტრების შვილი, სწორედ ახლა, პრიგოჟინი-ვაგნერის დაპირისპირების ფონზე დაიღუპა. თუ ჰუსეინის დოსიეს გადავხედავთ, ფაქტობრივად, ბავშვობიდან კრიმინალების გარემოცვაში გაიზარდა და იარაღთან ერთად ეძინა... ანუ გამოუცდელი ვერ იქნებოდა. ცნობილია, რომ კადიროვი ბოლო დროს კიდევ უფრო შფოთავს და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი დევისი სოციალურ ქსელში.