საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს მესიჯი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ანუ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ასე უყურებს საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამმზომი ჩაურთოს და ა.შ. ეს არის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოხატულება და ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისი პოლიტიკური პარტიებით, ტელევიზიებითა და NGO-ებით არის უცხოური აგენტურა. ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატულება. უცხოური აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ ასე, რომ შეიძლება ვიღაცამ დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს",- განაცხადა კობახიძემ.