თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის კიბეზე ჩასვლისას რუსული რუბლი ესროლეს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ.
„როდესაც ამბობთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ამბავს „ფორმულაც“ ესწრებოდა, შეცდომას უშვებთ, რადგან „ფორმულა“ თავად ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი გაეცათ. ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს ასევე კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს „ყოველგვარი ორიენტაცია არეული“ უწოდა. მდინარაძის განცხადებით, უმცირესობების წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, რადგან თუ მათ საწინააღმდეგოდ რაიმეს იტყვიან, გამოვა, რომ შეურაცხყოფას LGBT ნიშნით აყენებენ.
„თუ რაიმეს პროპაგანდისტი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რისი, მაინც არასწორი ორიენტაცია გაქვს. დღეს ტრენდულია LGBT პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს და ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ LGBT პროპაგანდით რაიმე ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ამაზე კვლევები არსებობს. ამერიკაში, სამწუხაროდ, 18-დან 25- წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს იმაზე, რომ ამ თემის წარმომადგენელია. ხომ ვამბობთ, რომ პროპაგანდა არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ კვლევებმა გვაჩვენა, რომ LGBT პროპაგანდა ძალიან ცუდი რაღაც ყოფილა და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. პოლიტიკასთან ეს იმ კავშირშია, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ეს გეგმის ნაწილია. ვიღაცამ რაიმე რომ თქვას, გამოვა, თითქოს LGBT ნიშნით მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს არის ბინძური კამპანია, ვითომ ანტირუსული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წაიკითხეთ ასევე: