"მთავარი არხის" ეთერში გუშინ გავიდა ბექა ყორშიას სიუჟეტი, რომელშიც ის ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩევლი, ვინმე აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც როინ მეტრეველს უარი არ უთქვამს.
თემას ეხმიანება "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია და წერს:
"ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ.
ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, ზუსტი და ადვილად აღსაქმელი მხილება. ამიტომაც არის ეს 10 წუთი, ალბათ, გაცილებით საშიში სისტემისთვის, ვიდრე შეფასებების, გამოძიებების, ახსნა-განმარტებების, მსჯელობებისა და რთული კონსტრუქციების საათები, დღეები, თვეები და, შესაძლოა, წლებიც.
ამიტომაც არის ახალგაზრდა, ღრმად განათლებული, ფასეულობების ერთგული, ორიგინალურად მოაზროვნე გამბედავი პატრიოტების ადგილი იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავლის საკითხები წყდება - იქნება ეს მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა.
ბექა, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში.
აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება.
მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით", - წერს ნიკა გვარამია.