ავტორი:

თუ ზაფხულის საკითხავი წიგნები ჯერ არ შეგირჩევიათ, ამ სიას უნდა შეავლოთ თვალი - რჩევები "პალიტრა L-სგან"

თუ ზაფხულის საკითხავი წიგნები ჯერ არ შეგირჩევიათ, ამ სიას უნდა შეავლოთ თვალი - რჩევები "პალიტრა L-სგან"

თუ ფესტივალებზე, მეგობრების რჩევითა თუ ბლოგების გავლენით შეძენილი წასაკითხი წიგნები დაგიგროვდათ, თუმცა მათთვის დრო მთელი წელი ვერ გამონახეთ, ზაფხული მშვენიერი სეზონია ინტელექტუალური დასვენების მოსაწყობადაც.

ზღვის სანაპიროზე, აგარაკზე ჰამაკში თუ მთის სიგრილეში კარგი წიგნის კითხვას მართლაც არაფერი სჯობს. თუ თქვენი საკითხავი წიგნების გრძელი სია გაბნევთ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ბლოგების ეს სერია, რომელიც ყველა გემოვნების მკითხველზეა მორგებული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ივნისის ამ კვირის სამი წიგნი „პალიტრა L-ის“ რჩევით შემდეგია:

ნიკოლას სპარქსი - საოცნებო მხარე

ნიკოლას სპარქსი ამერიკელი ავტორი და სცენარისტია. მას გამოცემული აქვს 17 რომანი, საიდანაც რვა კინოსურათის ინსპირაცია გახდა. მათ შორის არის: „გზავნილი ბოთლში“, „იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“, „ღამეები როდანთში“, „ძვირფასო ჯონ“, „უკანასკნელი სიმღერა“, „იღბლიანი“ და „შვიდი ნავსადგური“. აქედან რამდენიმე მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა და თაობების რჩეულიც გახდა.

ავტორის რომანი „საოცნებო მხარე“ ნამდვილი საზაფხულო საკითხავია. მისი მსუბუქი წერის სტილი, გრძნობებისა და განცდების ოსტატურად გადმოცემა და რაც მთავარია, საინტერესო სიუჟეტი მკითხველზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს.

წიგნში არის ადამიანის ოცნებების, მუდმივი ძიების და სიყვარულის შესახებ, რომელიც მართლაც ყველაფრის პასუხია. მოვლენების მოულოდნელი განვითარება კი ჩაგითრევთ და რომანს იქამდე ვერ მოწყდებით, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ შეიტყობთ.

რუპი კაური - მზე და მისი ყვავილები

რუპი კაური ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორია. ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო სადებიუტო ნამუშევრით „რძე და თაფლი“, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. ეს პოეტური კრებული ათასობით მკითხველმა აღიარა, როგორც საინტერესო ნამუშევარი.

არანაკლებ პოპულარული გახდა რუპი კაურის „მზე და მისი ყვავილები“, რომლის პოეტური სათაურის ქვეშ მოქცეულია 5 ნაწილი და თითოეული მწუხარების, საკუთარი თავის უარყოფის, ფეხზე წამოდგომის, ზრდისა და გაფურჩქნის შესახებ გვიამბობს.

ეს ცხოვრებისეული კრებული, სადაც გამორჩეული მხატვრული ოსტატობითაა გადმოცემული ადამიანის ხვედრი, მკითხველს ავსებს ახალი ენერგიით და აჩვენებს შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ გვერდითაა და ვერ ვხედავთ.

სოფი ოქსანენი - ძაღლების პარკი

თუ ამ ზაფხულს წასაკითხად რაიმე გამორჩეულს ეძებთ, სოფი ოქსანენის ეს რომანი სწორედ თქვენთვისაა. ფინელ-ესტონელი ავტორის საერთაშორისო ბესტსელერი პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც სუროგაციის გლობალური ბაზრის შესახებ გვიამბობს. სოფი ოქსანენი უკრაინელი სუროგატი დედების ბედს მათი მშობლიური სოფლებიდან ჰელსინკის ქუჩებამდე მიუყვება. დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარზე ქალების შანტაჟისა და მათი სხეულების ექსპლუატაციის გზით შექმნილი ბიზნესი ერთი შეხედვით ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს... მაგრამ ძაღლების პარკში შვილის „დამკვეთი“ ოჯახების მოლოდინში გართული ქალები თავად ხდებიან სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო და დაუნდობელი პარკის „ბინადრები“.

რომანი ასახავს იმ სირთულეებს, რომელიც სუროგატი ქალების წინაშეა და სრული სიცხადით მოგითხრობთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან. ავტორის მხატვრული ოსტატობა კი მათ ყოფას უფრო ცხადად და მტკივნეულად წარმოაჩენს.

გამომცემლობა „პალიტრა L“ საზაფხულო საკითხავს ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ბლოგების ახალ სერიას და მანამდე არ დაგავიწყდეთ, ახალი თარგმანების, კლასიკური, თანამედროვე, სამეცნიერო თუ საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან არჩევანს თვალი გადაავლოთ გამომცემლობის ვებგვერდზე.

R