ავტორი:

Rammstein-ის ვოკალისტს, ტილ ლინდემანს სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლეს - 24 წლის შელბის მტკიცებით, მისთვის გოგონების შერჩევის ორგანიზებული სისტემა არსებობდა

Rammstein-ის ვოკალისტს, ტილ ლინდემანს სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლეს - 24 წლის შელბის მტკიცებით, მისთვის გოგონების შერჩევის ორგანიზებული სისტემა არსებობდა

გერმანიის პოლიციამ ჯგუფ Rammstein-ის ვოკალისტის, ტილ ლინდემანის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებით გამოძიება დაიწყო. რამდენიმე ქალის თქმით, ისინი კონცერტის შემდეგ გამართულ წვეულებაზე სექსისთვის მიიყვანეს.

ერთ-ერთი ფანი ირლანდიიდან, შელბი ლინი, BBC-ის ეუბნება, რომ სასმელში ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარეს, რათა ლინდემანთან სექსზე ადვილად დაეყოლიებინათ. 60 წლის მუსიკოსი ბრალდებებს უარყოფს და მათ, "გამონაკლისის გარეშე, გამოგონილს" უწოდებს.

"ტილ ლინდემანის წინააღმდეგ სექსუალურ დანაშაულებსა და ნარკოტიკთან დაკავშირებული ბრალდებების წინასწარი გამოძიება დაწყებულია", - ნათქვამია ბერლინის პროკურატურის სპიკერის განცხადებაში. პროკურორებმა გამოძიება დაიწყეს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მესამე პირების მიერ შეტანილი სისხლის სამართლის რამდენიმე საჩივრის საფუძველზე.

24 წლის შელბის თქმით, გოგონების შერჩევის ორგანიზებული სისტემა არსებობდა, რომლის მეშვეობითაც ის ლიტვაში ჩატარებული კონცერტის შემდეგ პატარა ოთახში შეიყვანეს.

შელბის განცხადებებმა სხვა ქალებსაც მისცა გამბედაობა, რომ მუსიკოსის წინააღმდეგ თავიანთი ბრალდებები სამართალდამცავებამდე მიეტანათ. შელბის მსგავსად ისინიც ეჭვობდნენ, რომ სოციალურ მედიაში წინასწარ შეარჩიეს. მათი ვარაუდით, გოგონებს მუსიკოსისთვის მისი რუსი თანამშრომელი ქალი არჩევდა, რადგან სწორედ ის პატიჟებდა გოგონებს კონცერტის წინა და შემდგომ წვეულებებზე.

ჯგუფის სპიკერის თქმით, ისინი შიდა გამოძიებას აწარმოებენ ბრალდებებთან დაკავშირებით და გამოძიების გასაადვილებლად, გამოკითხვას პერსონალთან ატარებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა