ავტორი:

"ჩემი შვილის ფლომასტერებით დავიწყე ხატვა და "კვატებიდან" იხვების ოჯახზე გადავედი" - ჟურნალისტიკიდან მხატვრობაში - მარტოხელა დედა და მისი სახალისო გატაცება, იხვები: ბიკენტი, აგრაფინა და დოდოლიკა

"ჩემი შვილის ფლომასტერებით დავიწყე ხატვა და "კვატებიდან" იხვების ოჯახზე გადავედი" - ჟურნალისტიკიდან მხატვრობაში -  მარტოხელა დედა და მისი სახალისო გატაცება, იხვები: ბიკენტი, აგრაფინა და დოდოლიკა

ხელოვნება რომ უყვარდა და უყვარს, თავის დროზე სწორედ ამიტომ აირჩია უნივერსიტეტში ხელოვნბეათმცოდნეობის ფაკულტეტზე ესწავლა. ხატვაც უყვარდა, მაგრამ მაინც იშვიათად ხატავდა. პანდემიაში კი ამის საოცარი სურვილი გაუჩნდა. ფაქტობრივად, ყოველ დღე ახალ-ახალ ნამუშევარს ქმნიდა და სოციალურ ქსელში ტვირთავდა. ჰოდა, ასე დაუგროვდა უმეტესად იხვების, კვატების საკმაოდ დიდი რაოდეობა. როგორც ამბობს, იმ ნახატებიდან დღეს მხოლოდ ორიღა შემორჩა, რადგან ყველა გაიყიდა... ახლა თავად გვიამბობს, როგორ გახდა "კვატიზმის ფუძემდებელი“.

თეო ფირანიშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ერთ-ერთ საუკეთესო ოჯახში. დავამთავრე 1-ელი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიუხედავად ჩემი სპეციალობისა, ჟურნალისტიკისკენ გადავიხარე და იმ დროს არსებულ ყველა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთში ვმუშაობდი. შემდეგ იყო ქალაქ თბილისის საკრებულო, 12 წელი პრესსამსახურის თანამშრომელი ვიყავი. პარალელურად ვაკეთებდი და ვაკეთებ სხვადასხვა სახის შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებს. ჩემი და ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის ბევრს ვშრომობ.

- პანდემიაში სრულიად მოულოდნელად სოციალურ ქსელში საკუთარი ნამუშევრები წარმოგვიდგინე. ხატავდი ძალიან საყვარელ "კვატებს“. რატომ? რამ მოგცა ამის ინსპირაცია?

- პანდემიამ მგონი, სრულიად მსოფლიოს ადამიანები შეცვალა. ეს პერიოდში თითქოს "გადავსხვანაირდით“. შეგვეზღუდა პროფესიული საქმიანობა, ერთად ყოფნა. პანდემიის დროს ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა, საკუთარი თავი თითქოს თავიდან აღმოაჩინა. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. არ ვიცი, რა მომანდომა, თავში რა გადატრიალდა, ასეთი ინტენსივობით არასდროს დამიხატავს. ფუნჯით ხელში მხოლოდ სტუდენტობის დროს ვიყავი, შემდგომი პერიოდი საკუთარი თავი უფრო კალმით ხელში მახსოვს.

ერთ დღესაც ჩემი შვილის ფლომასტერებით დავიწყე ხატვა და "კვატების" შემდეგ, იხვების ოჯახზე გადავედი. ყოველ დღე ვხატავდი, ეს ნერვულ სისტემაზეც კარგად მოქმედებდა, მამშვიდებდა.

- ისე მახსოვს, რომ ყველა იხვს, თავის ისტორია და სახელი ჰქონდა... ეს როგორ ხდებოდა? ესეც იქცევდა ყურადღებას...

- ჩემი იხვები, კვატები თავისი ლამაზი წამწამებით, ჩაცმულობით ყურადღებას მართლა იქცევდა. ყველა იხვს თავისზე მორგებული სახელი ჰქონდა, აგრაფინას მოყვა ბიკენტი, ბიკენტის - დოდოლიკა, ჟუჟანა და სხვა. რაჭაში ლეგენდად დადიოდა ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია და რომ დავხატე, რატომღაც მათი სახელები დავარქვი, ლექსუნა და ფატიმა... მახსოვს მთელი "ფეიუსბუკ" სივრცე ყოველდღე ელოდებოდა ახალ "კვატს“ როდის დავხატავდი და დავდებდი. უკვე ვეღარ ვხვდებოდი სახელის მოლოდინში იყვნენ თუ ორივეს ტანდემს ელოდნენ. მოკლედ, ჩვენთვის იმ რთულ, პანდემიით დამძიმებულ დროს, დაძაბულობაში ხალისი შემომქონდა.

- ბავშვობაში ხატავდი?

- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვობაშიც მხოლოდ "კვატებს“, იხვებს ვხატავდი... იცით რომ, ყველასთვის კარგად ნაცნობი, უნიჭიერესი მხატვრები ჩემი მეგობრები არიან. სხვათა შორის, ამ სიცილ-სიცილში სოფო ფარჯიანმა (ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი) "კვატიზმის“ ფუძემდებლად მომნათლა და ისიც ასე ელოდებოდა ჩემს ბატი-ტასიკოებს.

იმისთვის, რომ მეხატა, საღებავებით და ფუნჯებით ჩემი მეგობარი თეა ედიგარაშვილი მამარაგებდა. საღებავები საკმაოდ ძვირია, მაგრამ თეას დღემდე არ შეუწყეტავს ჩემი მომარაგება. მადლობა მას ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა კიდევ იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად გვერდში დამიდგა.

- სპეციალისტები შენ ნამუშევრებს როგორ აფასებენ?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, უბრალოდ, ვიცი, რომ მათ ვუყვარვარ... თუ მე რაღაც "მაქვს“, მართლა გულწრფელად შემიფასეს და მითხრეს, რომ ჩემს ნახატებში ჩემი ხასიათი ჩანს. მეუბნებიან, რომ არ გავჩერდე და ვაკეთო ის, რაც გულით მსურს.

- სიახლეც გაქვს, ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ შენი ნამუშევრები ჩანთებზე ამოიპრინტა და მასზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ეს იდეა საიდან მოვიდა?

- ნახატები გაიყიდა, მხოლოდ 2 დამრჩა. ვიფიქრე, მოდი, ვსინჯავ ჩანთებზე გადატანას-მეთქი... მსგავსი ტიპის ჩანთები ყოველთვის ძალიან მომწონდა. დავბეჭდე უმაღლესი ხარისხის ტილოზე. სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სილამაზე შეიძლებოდა გამოსულიყო. იდეა ერთია, შესრულებულება მეორე და მერე ეს ყველაფერი რამდენად აღქმადი იქნება. გაამართლა, ხალხს მოეწონა და საკმაოდ მოთხოვნადია.

- თეო, მარტოხელა დედა ხარ, გყავს არაჩვეულებრივი შვილი... რა სიძნელეების დაძლევა გიწევს და ალექსანდრე როგორ გაფასებს?

- საზოგადოებამ იცის, რომ ვარ მარტოხელა დედათა და და ბავშვთა ორგანიზაციის "მომავლის მზე" დამფუძნებელი. ვეხმარები მარჩენალ დაკარგულ და სტატუსის მატარებელ მარტოხელა დედებს. ვიბრძვი უკეთესი სოციალური პირობებისთვის, თუმცა ჯერჯერობით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არაა... მეც სტატუს მატარებელი დედა ვარ, ვიცი, მათ რა საჭიროება აქვთ...

7 წელზე მეტია, ამ ხალხს გვერდით ვუდგავარ და ვეხმარები ყველაფრით, რისი საშუალებაც მეძლევა... მყავს 12 წლის შვილი ალექსანდრე ფირანიშვილი. სხვათა შორის, ჩემი პირველი შემფასებელი სწორედ ჩემი შვილია. ალექსანდრეს რჩევა უმნიშვნელოვანესია. უაღრესად წესიერი, გონიერი ადამიანია. ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ. ეს ის თაობაა, რომლისგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებ. საკმაოდ სხარტები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ალექსანდრე არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი გონება აბსოლუტურად მისკენაა მიმართული. მას უკვე აქვს გეგმები, მომავალში რის გაკეთება უნდა და როგორ. მეც ზუსტად ვიცი, რომ რაც მიზნად აქვს დასახული, აუცილებლად მიაღწევს. არაჩვეულებრივად იცის ინგლისური, სწავლობს ძალიან კარგად. სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიური ბიჭია... მშობლისთვის უმთავრესი შვილის ბედნიერებაა. ყველა ბავშვს მინდა, ვუსურვო ბედნიერი და ლაღი მომავალი.

- როგორია ხატვის კუთხით შენი სამომავლო გეგმები?

- ვგეგმავ გამოფენას. ახალ ნახატებზე ვმუშაობ და მათ სხვადასხვა პროდუქტზე გადავიტან. თანამშრომლობაზე მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მაქვს. ეტაპობრივად შევთავაზებ მომხმარებელს სხვადასხვა ნაწარმს, ასევე ახალ ნახატებს. სულ მალე ერთ-ერთ გალერეაში ჩემი ახალი ნამუშვრები გამოიფინება. ზაფხულის პერიოდი ძალიან გადატვირთული მექნება, მთელი სეზონის განმავლობაში, ერთ-ერთ სასტუმროში შოურუმი იწყება. ასე რომ, ამისთვის უკვე ვემზადები.