ავტორი:

"თავს ესხმიან ზურა ჯაფარიძეს? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში... სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი" - მიხეილ სააკაშვილი

"თავს ესხმიან ზურა ჯაფარიძეს? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში... სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე განხორციელებულ ძალადობას გმობს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ "პოსტში“ წერს, ჯაფარიძე "ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას“.

"კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს.

ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან, მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.

ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.

თავს ესხმიან ზურას? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში.

სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი.

ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორის მუნიციპალიტეტში 17 ივნისს თავს დაესხნენ. გამოძიების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე მოქალაქემ საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. თავდამსხმელი დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.