მწერალი, რომელიც მკითხველს „კატასტროფის მიზეზების ძებნაში“ ეხმარება - გრიგოლ აბაშიძის რომანის ახალი გამოცემა

მწერალი, რომელიც მკითხველს „კატასტროფის მიზეზების ძებნაში“ ეხმარება - გრიგოლ აბაშიძის რომანის ახალი გამოცემა

„მაგრამ საკმარისია ადამიანი რაიმე გამოცდის წინაშე დადგეს და ძლიერი სულიერი რყევა განიცადოს, რომ იგი კვლავ თავისი წარსულის პირისპირ აღმოჩნდეს და იქ დაიწყოს კატასტროფის მიზეზის ძებნა…“

ეს პატარა ნაწყვეტია გრიგოლ აბაშიძის რომანიდან „ყორნალი“. ის ავტორის შედარებით ნაკლებად ცნობილი რომანია, თუმცა ნაწარმოები ნებისმიერ ადამიანზე, ვინც მას წაიკითხავს, წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

გრიგოლ აბაშიძე იმ ავტორთა რიგებს განეკუთვნება, ვინც მკითხველს ისტორიულ წარსულსა თუ არსებულ რეალობას განსაკუთრებულად საინტერესო კუთხით სთავაზობს. მწერალი ცდილობს თავის ნაწარმოებებში ისტორიას ახალი სიცოცხლე შესძინოს და ახალი თაობისთვის გაკვეთილი გახადოს.

„ყორნალის“ თითოეული ეპიზოდიც სწორედ ასეთია. რომანის საშუალებით გრიგოლ აბაშიძე სულ სხვა თვალით ანახებს ადამიანებს საკუთარ შეცდომებს, მის მიზეზებს, შედეგებს. ეხმარება „კატასტროფის მიზეზების“ მოძიებასა და გააზრებაში.

და ეს ყველაფერი მხოლოდ აღნიშნულ ერთ რომანს არ ეხება. მწერალი მთელი თავისი შემოქმედებით ცდილობს ქართველების გამოფხიზლებას, თვითმყოფადი ერის შექმნასა და ახალგაზრდა თაობის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ გრიგოლ აბაშიძე თავისუფლად გვესაუბრება წარსულის შეცდომებზეც და ცდილობს მკითხველს დაანახვოს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ამ შეცდომებს; დაარწმუნოს ყველა, რომ მათი გამეორება არ შეიძლება.

ლიტერატურის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ მკითხველი სარკეში ჩაახედოს; უნდა დაეხმაროს იმ გამოწვევების გადალახვაში, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს თან. გრიგოლ აბაშიძეს ამის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას დიდი როლი მიუძღვის ისტორიული რომანის, როგორც ჟანრის განვითარებაში. თუმცა ის აქტიურად წერდა ლექსებსაც. რომანების გარდა გამოცემული აქვს ლექსების კრებულიც. პარალელურად, გრიგოლ აბაშიძე მთარგმნელიც გახლდათ. თავად მისი ნაწარმოებები კი სხვადასხვა ენაზეცაა თარგმნილი.

მრავალმხრივ ნიჭიერი მწერლის მკითხველისთვის დაუვიწყარი რომანები ისევე აქტიურად გამოიცემა დღემდე, როგორც ეს ათწლეულების წინ დაიწყო. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ გრიგოლ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ავტორთა შორის, რომელთა ნაწარმოებებიც „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში გამოიცემა. უკვე გამოცემულია და საკმაოდ დიდი ტირაჟით გაყიდულია: „ლაშარელა“,„დიდი ღამე“ და „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“. ამჯერად კი მკითხველს „ყორნალი“ განსაკუთრებულ ფასად შეძენის შესაძლებლობა აქვს.

R