ვარკეთილში მომხდარმა ამბავმა, რომელიც 18 ივნისს მოხდა და დღეს გახმაურდა, საზოგადოება შეძრა. მამაკაცმა მეზობლების, მამა-შვილის მკვლელობა სასტიკი მეთოდებით სცადა.
როგორც დაზარალებული ქრისტი მიქელაძე ამბობს, მეზობელი მათ სახლში გვიან ღამით შეიჭრა და მას და სახლში მყოფ მამამისს მძიმე ჭრილობები მიაყენა, ასევე სცადა სახლის დაწვა.
"გავიგე კარების ხმა და მამა მეგონა, მაგრამ მამა რომ შემოდის, ყოველთვის ამბობს, მოვედიო და და ხმა არ ამოუღია, კი გამკრა გულში... ერთი ორი წუთის შემდეგ ალბათ ისევ კარების ხმა გავიგე და უკვე მამაჩემის ხმა, ამბობდა, რა გინდა, გიჟი ხომ არ ხარ. თავი დამანებე, გადი აქედანო.
ჩოჩქოლის ხმა გავიგე და შიშველი გამოვვარდი აბანოდან. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ მამაჩემი. უკვე დანა ეჭირა ხელში და უკვე ურტყამდა მამას. მივვარდი, მამაჩემს თავი დაანებე-მეთქი. იატაკის ჯოხი გამოვიტანე, რომ ჩავარტყამ-მეთქი და ეგეც წამართვა... ამის მერე შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მეც დამაგდო და წამოვდექი. ამ მომენტში მე მუშტი ჩამარტყა თუ წიხლი.... აბანოში შემთარია თმებით. ხმას თან საერთოდ არ იღებდა, ხმა არ ამოიღო და არ მოგკლავო, ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე, რომ გავგუდულიყავი.
მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას უმოწყალოდ ურტყამდა. ბოლოს დაუვარდა ეს დანა და ლოგინის ქვეშ შევაგე. დავინახე ჩემს ზეწარს ცეცხლი მოუკიდა და ასევე მეორე დღეს გაზის კანფორებიც ღია იყო. ცეცხლი რომ გააჩინა და გაზი გაუშვა, გაიქცა და დაბლა დაიჭირეს" - ამბობს "ტვ პირველთან" საუბრისას ქრისტი მიქელაძე.
ბრალდებული რომა გიკაშვილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. საქართველოს პროკურატურამ მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: