დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ - დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კამპანია თვეების განმავლობაში არყევდა საქართველოს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი.
"ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.