პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მივესალმებით, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს კრიტიკული ხმების გაჩუმების სურვილს, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის რეგიონალურმა დირექტორმა, მარი სტრატერსმა განაცხადა.
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ ნიკა გვარამიას გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯია საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედია თავისუფლებისთვის. თუმცა, ღრმად შემაშფოთებელია, რომ ოდესმე შესაძლებელი იყოს ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრონ.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების ფარგლებში ვალდებულება აიღო ადამიანის უფლებების დაცვისთვის მთელი რიგი რეფორმები განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, ეს ვალდებულებები ცარიელია გამოხატვის თავისუფლების მზარდი ხელყოფის ფონზე. ეს აშკარა იყო პარლამენტის ბოლო მცდელობაში, მიეღო კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ს ან მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირებულიყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტს მისი გადაწყვეტილებისთვის და ძალისხმევისთვის, დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები გაუარესებისგან, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს კრიტიკული ხმების გაჩუმების სურვილს და, სანაცვლოდ, უზრუნველყოს ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და, შესაბამისად, თავისუფალი პრესის,” - განაცხადა სტრატერსმა.