25 ივლისს ვაკის მედიათეკაში ქეთევან ირემაშვილის ახალი წიგნის "შვიდი კარი - შეხვედრა საკუთარ თავთან“ გაიმართება. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-ს ეკუთვნის.
გამოცემა მკითხველს საკუთარი თავის შეცნობასა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. "თუ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა გწყურია და გულწრფელად გაინტერესებს, რა გაფერხებს, ეს წიგნი შენთვისაა“ - ვკითხულობთ წიგნის პირველ ფურცელზე.
"წიგნი "შვიდი კარი“ მკითხველს სირთულეებით და აღმოჩენებით აღსავსე თვითშემეცნების გზაზე ეპატიჟება. გულწრფელობითა და თხრობის უნიკალური მანერით ავტორი ახერხებს მკითხველში საკუთარი თავის შემეცნებისა და სიცოცხლის მიმართ ბუნებრივი ლტოლვის გაღვიძებას...
შვიდი კარის გავლისას გაშლილი თემები იმდენად უნივერსალური და ყოვლისმომცველია, რომ მკითხველი, თავისდაუნებურად, ამ დიალოგის მონაწილედ იქცევა და, თითქოს, კარგავს დროისა და სივრცის განცდას წიგნის ფურცლებში.
ავტორის ჩანაფიქრია, თითოეული ჩვენგანი არა მხოლოდ იმ დიალოგის მსმენელად, არამედ მის სრულფასოვან მონაწილედ აქციოს. ამ თანამონაწილეობის მიზანი კი თანაშემოქმედებაშია: მკითხველმა თავად უნდა გაიაროს შვიდი კარი და თავად იპოვოს ის უნივერსალური გასაღები, რომელიც მის ცხოვრებას ყველაზე მეტად მიესადაგება...“ - ასე ახასიათებს წიგნს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ რო.
წიგნის რედაქტორი ლია თოფურია კი აღნიშნავს, რომ წიგნის ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან კვლავ დაბრუნების სურვილი უჩნდება მკითხველს.
"ცხოვრების მანძილზე ბევრი ზღვარის გადალახვა გვიწევს, სახიფათო რიფებისთვის გვერდის აქცევა, და აქ ხელის ოდნავი წაშველებაც კი ღმერთის წყალობაა. აი, სწორედ ამაზეა ეს წიგნი. მრავალ ტკივილში გამოტარებული წიგნია. ნურავის ეგონება, რომ ერთს გადაიკითხავს და გადადებს. არა, აუცილებლად მოუნდება, რომ კიდევ ერთხელ და უფრო დინჯად წაიკითხოს, ჩაუღრმავდეს. რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მასში ყველა იპოვის საკუთარ თავს, საკუთარ პრობლემას. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, თუმცა აღარ მეგონა, თუ კიდე რამეს ახალს გავიგებდი ჩემ შესახებ, თუ რამეზე არ მქონდა ნაფიქრი...
და კიდევ ერთი. წიგნში, ჩემი აზრით, ერთი ფრაზაა საკვანძო, მარად ახალი და მუდამ აქტუალური მოსაზრება: "იმისათვის, რომ ძლიერი დაიბადო, უნდა მოკვდე, როგორც სუსტი“, - ლია თოფურია.
წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს მისი ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. წარდგენაზე დასწრება თავისუფალია.
R