ცოტა ხნის წინ, აქტიურ, მხიარულ, კომუნიკაბელურ ლევან გიორგაძეს - თბილისის გიდს, ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დაუდგა. მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ადამიანები ლევანს თანადგომას უცხადებდნენ. სოციალური ქსელიც მის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მას მერე წელიწადი და რამდენიმე თვე გავიდა, ლევან გიორგაძემ ფეხზე დადგომა შეძლო, მკურნალობისა და რეაბილიტაციის არც ისე მარტივი კურსი გაიარა...
რა გზის გავლა მოუხდა მისთვის ურთულეს დღეებში, რა დაეხმარა გამოჯანმრთელებაში და როგორ გრძნობს ახლა თავს? - ამ საკითხებსა და საყვარელ საქმიანობაზე AMBEBI.GE -ს ესაუბრა:
- დიდწილად მთელი ჩემი ცხოვრება იმ სფეროებში ვიყავი, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება. ეს იყო რადიო, ტელევიზია, კონცერტების წაყვანა, 7 წელი მედიაკოორდინატორად "ისთერნ პრომოუშენში“ ვიმუშავე... მოკლედ, მთელი ცხოვრება საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა, ოღონდ, სხვადასხვა პროფილით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემი საკუთარი პროექტით და კომპანიით დაგვირგვინდა, რაც თბილისში უფასო საფეხმავლო ტურებს გულისხმობს. ზეკომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ურთიერთობა და სოციალური კომუნიკაცია არა მარტო ტურისტებთან, ჩემს გარემოცვასთან, ხალხთან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როცა პროექტი დავიწყე, მთლიანად ჩემი ცხოვრება გახდა. ვიდრე ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, ვიყო გიდი, ვიქნები გიდი... აგრეთვე მენეჯმენტიც მაბარია, მყავს სხვა გიდებიც, - ამიტომ ვარ რიგითი გიდიც და ხელმძღვანელიც.
- ჯანმრთელობის პრობლემა გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა, გადაღლილობამ ხომ არ გამოიწვია?
- არა, ის ჩემი ცხოვრების სტილთან არანაირ კავშირშია. მქონდა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის სისტემასთან და თან ფსიქოსომატურია... არის არა მარტო ფიზიკური დაზიანება, არამედ პრობლემა ტვინიდანაც წამოვიდა (ტვინს კუჭის პრობლემა დამახსოვრებული აქვს და მუდმივად თავს გახსენებს. ასევე არის ქრონიკულიც, არ იკურნება და მედიკამენტებიდან მხოლოდ ანტიდეპრესანტები ესაჭიროება). მოკლედ, დანიშნულმა მედიკამენტმა ჩემზე მძიმედ იმოქმედა და ორგანიზმში არაერთი ფუნქციური დარღვევა გამოიწვია. ამ მედიკამენტს უპრობლემოდ იღებს ყველა, მაგრამ 10.000-ში ერთი აღმოვჩნდი, რომელსაც უკუჩვენება მომცა. ერთ პრობლემას მეორე, მესამე მოჰყვა და იმით დაგვირგვინდა, რომ მეტაბოლურმა ენცეფალოპათიამ კუნთის გაშეშება გამოიწვია, რის შემდეგაც ქირურგიული ჩარევა მოხდა, კონკრეტულად მყესები ჩასერეს, რათა მყესები და კუნთები ამოძრავებულიყო... აქილევსის მყესის ოპერაცია ყველაზე რთულია, რომელიც ორივე ფეხზე გამიკეთდა. იმის ალბათობა, რომ ტურებს ვეღარ დავუბრუნდებოდი, საკმაოდ დიდი იყო. ტურებს კი არა, ცხოვრებას თუ დავუბრუნდებოდი, ამის ალბათობაც აღარ იყო... გონება ნახევრად დაკარგული მქონდა. ეს მდგომარეობა სამ კვირამდე გაგრძელდა, რასაც რეანიმაციაში სხვა გართულებები დაერთო, პნევმონია და ა.შ. მერე საქმე ფეხებზე მიდგა და რეაბილიტოლოგები ჩაერთნენ. ამანაც ვერ უშველა. მოკლედ, მიჰყვა და მიჰყვა პრობლემები და მდგომარეობა გაიწელა.
- მკურნალობის პროცესში ოპტიმისტურად იყავით განწყობილი?
- საერთოდ პრობლემებს მშვიდად ვხდები, ვარ ხალისიანი ადამიანიც და ნაწილობრივ ესეც დამეხმარა. ამასთანავე, მიზანიც მქონდა, დავბრუნებოდი ტურებს, რომელმაც ჩემი ფეხზე დადგომა დააჩქარა... ყველაფერი დაიწყო გასული წლის იანვარში და ნოემბრიდან ხელჯოხით პირველი არასაფეხმავლო, ღვინის დეგუსტაციის ტური ჩავატარე, სადაც სიარული არ მჭირდებოდა. მას სხვა ტურებიც მოჰყვა.
- ახლა როგორ ხართ?
- ახლახან დავბრუნდი, სამი კვირა სამოგზაუროდ ვიყავი. მოვიარე ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პორტუგალია... ვმოძრაობ, დავდივარ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციონალი არ არის აღმდგარი, ამიტომ ნელი ტემპით დავდივარ, ფეხები მალე მეღლება. კუნთები ჯერ არ არის ძლიერი.
- რა სარეაბილიტაციო პროცედურებია კიდევ გასავლელი, რომ ყველაფერი ბოლომდე აღდგეს?
- კონკრეტული ვარჯიშებია და თანაც ვაპირებ, ცურვაზე ვიარო. ახლა მთავარია ფეხის კუნთების მოძლიერება. მოკლედ, მყესის პრობლემაა, რაც დროში გაწელილი ამბავია.
- მაგრამ პროცესი მგონი, ასე თუ ისე სწრაფად წავიდა.
- თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში რთულ მდგომარეობას არასდროს ვნებდები და ეს თვისება ახლაც გამომადგა. ექიმებსაც ძალიან უკვირთ, 7-8 თვეში ტურებს როგორ ვაწყობდი... ამ ხნის განმავლობაში მივხვდი, რომ ანტიდეპრესანტი არ უნდა დავლიო, რომ უკუჩვენებას მომცემს, თუმცა მძიმე მდგომარეობიდან როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი, დამოკიდებულია ერთმნიშვნელოვნად გარემოცვაზე, ხალხთან კომუნიკაციაზე, რომ შიგნით დაგროვებული პრობლემები გაიფანტოს. ამასთანავე, აუცილებელია მიზანი, რომლისკენაც უნდა იღვწოდე. როცა მითხრეს, შეიძლება ოპერაციამ არ გაამართლოსო, ეს ინფორმაცია დავბლოკე. სიტყვა "შეიძლება“ გამოვრიცხე და ამას დავუპირისპირე განწყობა, რომ მე ამას შევძლებდი. მთავარია, რომ ემოციური ტიპი არ ვარ. ვცდილობ, პრობლემას დინჯად და მშვიდად შევხედო. ფორიაქი აორმაგებს პრობლემას, სტრესისკენ მიჰყავხარ. ფსიქოლოგიც მირჩიეს, მაგრამ ისეთი ხალხი მედგა გვერდით, არ დამჭირდა...
- მახსოვს, სოციალური ქსელები თქვენს მხარდასაჭერად გაერთიანდა...
- დღემდე არ ვარ ჩაყოლილი იმ კომენტარებს, იმდენ ხანს ვიყავი დათაგული. ფიზიკურად ჯერ ვერ მოვერიე თავს, რომ წამეკითხა, წერდნენ უცხოელები, ქართველები.... ახლაც ქუჩაში რომ მხვდებიან, ვხვდები, რომ უხარიათ ჩემ დანახვა. მადლობა ყველას. ხუმრობა მიყვარს, ბოლო ხანს ვამბობ ხოლმე, ოდესმე სამოთხის ტური თუ დაგჭირდებათ, წაყვან-წამოყვანით მოგემსახურებით-მეთქი. ფაქტობრივად, იქ ვიყავი - ნახევრად გათიშულისთვის ჰალუცინაციები და სიზმრები რეალობასთან იყო შერწყმული. არადა, მანამდე დაგეგმილი მქონდა ამერიკაში წასვლა, ეტყობა, ჩამრჩა, რომ ვერ წავედი და იქ ვიყავი. ვინაიდან იმ მედიკამენტმა ნახევარსფერო გათიშა, მხოლოდ რაღაცებზე ვრეაგირებდი. რომ მეკითხებოდნენ, ხანდახან სწორად ვპასუხობდი, ხანდახან - ვერა. სამყარომ მეორე შანსი მომცა. ვისაც რაიმე მსგავსი პრობლემა აქვს, თავის თავში უნდა ნახოს ძალა, რომ გაუმკლავდეს. ეს ადამიანს დიდად ეხმარება.