არნოლდ შვარცენეგერი აცხადებს, რომ ექიმების შეცდომის გამო, ლამის სიცოცხლეს გამოემშვიდობა. 76 წლის მსახიობი მწარე გამოცდილების შესახებ მის Youtube არხზე ლაპარაკობს:
"რამდენიმე წლის წინ, ვიდრე "ტერმინატორის" მეექვსე ფილმის გადაღებას დავიწყებდით, რიგით მესამე ღია გულის ოპერაცია გავიკეთე",- იხსენებს შვარცენეგერი გამოქვეყნებულ ვიდეოში და იქვე დასძენს: "ლამის გადავირიე! ანესთეზიიდან რომ გამოვედი, ექიმები მედგნენ თავზე და იმისთვის მიბოდიშებდნენ, რომ ოპერაციამ გეგმის მიხედვით არ ჩაიარა."
76 წლის მსახიობი ყვება, რომ ოპერაცია, რომელიც არაინვაზიური უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ გართულდა, რაც მისმა ექიმებმა შეცდომა დაუშვეს და გულის კედელი გაუჭრეს. ამ შეცდომის გამო, არნოლდს შიდა სისხლდენა დაეწყო და სასწრაფოდ მოუწიათ მისი გაჭრა, რომ სიკვდილისგან გადაერჩინათ.
ასეთი დაბრკოლების მიუხედავად, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო: "იმის თქმა მსურს, რომ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ეს საშინელება იყო და მის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. როგორ უნდა დამეღწია თავი? ვფიქრობ, ასეთ დროს მიდგომა უნდა შეცვალო, თავი ხელში აიყვანო და თქვა: კარგი, უპირველესად, საავადმყოფოს უნდა დავაღწიო თავი".
შვარცენეგერისთვის გამოჯანმრთელება ნელი პროცესი აღმოჩნდა. თავდაპირველად, ის დღეში მხოლოდ 10 ნაბიჯის გავლას ახერხებდა. მან მეგობრებსაც კი დაურეკა და სთხოვა, გაემხნევებინათ.
კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა ამავე ვიდეოს კადრები დაურთო, რომელშიც ის პაციენტის ხალათშია და ოჯახისა და მეგობრების თანხლებით საავადმყოფოს შენობაში ნელი ნაბიჯით ცდილობს სიარულს.
"დერეფნებში სიარულისას სულელურად გამოვიყურებოდი, მაგრამ მთავარი იყო, მევარჯიშა, რადგან ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ თუ ამას არ ვიზამდი, პნევმონია დამემართებოდა და ჩემს გადარჩენას ვეღარ შეძლებდნენ".
არნოლდ შვარცენეგერმა არ დაყარა ფარ-ხმალი და შეძლო შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოჯანმრთელება, რათა 2019 წლის "ტერმინატორი" გადაეღო.
ყოფილი ბოდიბილდერის თქმით, მის სწრაფ გამოჯანმრთელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სურდა, ფილმში ფიზიკურად დატვირთულ სცენებში თვითონვე ეთამაშა და არ გადაელოცა ისინი დუბლიორისთვის:
"ფორმაში უნდა ჩავდმგარიყავი, უნდა მერბინა, მემოძრავა, მძიმე ნივთები ამეწია და საბრძოლო სცენები გადამეღო".
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა