გვანცა ზადიშვილი წარმატებული პარასპორტსმენია, მოფარიკავე. მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორი გახლავთ, გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, გუნდურში კი მსოფლიო თასის მედლების მფლობელი... პარამოფარიკავე მის ცხოვრებაში მომხდარი უმძიმესი ამბის შემდეგ გახდა. ამბობს, რომ ფარიკაობამ გადაარჩინა...
წლების წინ ასევე წარმატებული სტუდენტი ავარიაში მოჰყვა. მისი ცხოვრება მას შემდეგ სრულიად შეიცვალა...
გვანცა ზადიშვილი თავისი ცხოვრების ამბავს გვიყვება:
- ბავშვობაში მოუსვენარი და ცელქი ვიყავი. ხეებზე, ავტოფარეხებზე დავძვრებოდი. ერთხელ ხიდანაც ჩამოვვარდი. დიღმის მასივში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე. დაწყებით კლასებში ფრიადებზე ვსწავლობდი. ჩემი ფოტო სანიმუშო მოსწავლეების სტენდზეც იყო გამოკრული...
მეშვიდე-მეცხრე კლასში კი სწავლის გარდა ყველაფერი მაინტერესებდა. ერთხელ მასწავლებელმა წყალწაღებულადაც მომიხსენია. გეოგრაფიის მასწავლებელმა მითხრა - ნიშნები ჟურნალში ჩაგიყარე, რომ კლასში არ ჩარჩენილიყავიო. მოკლედ, დიდი ჩავარდნის პერიოდი მქონდა. მეათე კლასის მეორე სემესტრში კი დამრიგებელმა გამოგვიცხადა, ბავშვებო, კლასში 2 ათოსანი გვყავსო. ერთ-ერთი მე ვიყავი. მეათე კლასიდან აღმასვლა დავიწყე და უნივერსიტეტის პერიოდამდე გამყვა.
- სამომავლოდ ბევრი სხვადასხვა პროფესია მინდოდაო, საბოლოოდ, სად ჩააბარე?
- ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე… მაგ დროს კომპიუტერი არ მქონდა და ჩემმა კლასელმა შეიყვანა უნივერსიტეტის კოდები. იმ დროისთვის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება უზომოდ მინდოდა. ეროვნული გამოცდის შედეგი რომ დაიდო, აღმოჩნდა, რომ პირველი არა და მეორე გეოლოგიური ფაკულტეტი მქონდა ჩაწერილი. ლამის გავგიჟდი, საერთოდ არ დამსიზმრებია ასეთი ფაკულტეტი თუ არსებობდა. ბევრი ვიტირე, დედა მაწყნარებდა, არა უშავს, მერე სხვაგან გადახვალო. სწავლა რომ დავიწყე, იმდენად შემიყვარდა ეს პროფესია, პირველივე სემესტრის მერე განვაცხადე, არსად გადავდივარ, გეოლოგიურს ვაგრძელებ-თქო. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული და გამოსაჩენი სტუდენტი ვიყავი. ლექტორები მაქებდნენ, სტიპენდიატიც ვიყავი. ჩემი მომავალი პროფესია მიყვარდა. ერთხელ ლექტორმა მკითხა, შენი პროფესიით ხომ გინდა სამსახური დაიწყოო? როგორ არა-მეთქი. მერე მთავარ ჰიდროგეოლოგთან შემახვედრა, მუშაობა ბორჯომში უნდა დამეწყო. მაგისტრატურაზეც ჰიდროგეოლოგიაზე ჩავაბარე. დიდი გეგმები მქონდა.
- რაღაც ეტაპზე მარტო ცხოვრობდი, რადგანაც მამა სიმსივნით გარდაიცვალა, დედა და ძმა ემიგრაციაში იყვნენ, ხომ?
- კი, ასე იყო. მამა ჩემს ავარიამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, რაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია აღმოჩნდა. ჩემს ამბავზე არც მქონდა საერთოდ რეაქცია, რადგან ცხოვრების მთავარი ტრაგედია უკვე მომხდარი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი, რასაც მანამდე ვაშენებდი, დამენგრა. საერთოდ რომელ სწავლაზე და წარმატებაზე იყო საუბარი. როგორ უნდა მეცხოვრა, ისიც არ ვიცოდი. წავიდა და სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა... მეგონა, რომ მამა იყო ადამიანი, რომელიც არ გარდაიცვლებოდა. საუკეთესო მეგობრები ვიყავით.
- მამის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, როგორც აღნიშნე, ავარიაში მოყევი...
- მამაჩემის ბიძაშვილი, მამიდას ვეძახით, რაიონიდან ექიმთან კონსულტაციაზე იყო ჩამოსული, მე და ჩემი დეიდაშვილიც მოგვინახულა. მერე, რომ ვაცილებდი, მასთან ერთად გაჩერებაზე ვიდექი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უეცრად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ საფრთხის მოახლოების უდიდესი შიში ვიგრძენი. გავიხედე-გამოვიხედე და საფრთხე არაფერი იყო, ამ შიშმა 2 ნაბიჯით უკან მაინც დამახევინა.
მერე ვიფიქრე, რა უნდა მოხდეს, ჩვეულებრივად დადიან მანქანები და ერთი ნაბიჯი ისევ წინ გადმოვდგი... ყველაფერი წამებში მოხდა, მამიდას ველაპარაკებოდი, რომ უცებ თითქოს ჩამობნელდა, თვალები რომ გავახილე, ვიღაც ბიჭს ხელში ვეჭირე, რომელმაც მახსოვს, დაიყვირა, თვალები გაახილაო... თვალები რომ გავახილე, ფანჯრების მსხვრევის ხმა ყურში ჩამესმა. ვერაფერს მივხვდი, გარდა იმასა, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წამები იყო. ამიტომ, საკუთარ თავს ვუთხარი - გვანცა, დატკბი-თქო და ცაში ყურება დავიწყე. ნოემბერი იყო... მერე და მერე გონება რომ არ დავკარგე, გადარჩენის შანსი მომეცა. პანიკა და ისტერიკები არ დამიწყია. მაქსიმალურად თავდაცვის მექანიზმი ჩავრთე, ერთადერთი, ექიმებს ვეუბნებოდი, ფეხი გამისწორეთ-მეთქი... მენჯ-ბარძაყის მძიმე დაზიანება მივიღე და კიდევ 17 სხვა დაზიანება მქონდა. ყველაზე მეტად მენჯ-ბარძაყის არე მტკიოდა. ექიმმა მითხრა, შენმა მდებარეობამ, სადაც იდექი, გადარჩენაში დიდი როლი ითამაშაო... თუმცა მამიდა ადგილზე გარდაიცვალა...
- ვიცი, რომ შემდეგ ვიდეოჩანაწერს უყურე. როგორ შეძელი ეს? არ გაგიჭირდა?
- არა. ხელმეორედაც ჩავართვევინე. ცოტა გული მიფანცქალებდა, მაგრამ ისე არა, რომ ტირილი დამეწყო. უბრალოდ, მაინტერესებდა, რანაირად მოხდა, ის რაც მოხდა. ვიდეოში რომ ვდგავართ მე და მამიდა, მანქანა ისეთი სისწრაფით გვეჯახება, რომ ერთ წამში აღარ ვართ ვიდეოში. გადაგვყარა სადღაც. ექიმმა ისიც მითხრა, ალბათ მთელი ანგელოზები მხრებზე გესხდნენ, რადგანაც წარმოუდგენელ ვითარებაში გადარჩიო.
- მკურნალობის პროცესი როგორ წავიდა?
- მედპერსონალში გამიმართლა. „სასწრაფოთი“ რომ მივყავდით საავადმყოფომდე, ხომ ვამბობ, გონზე ვიყავი და თავი ხელში მყავდა აყვანილი. ემერჯენსის განყოფილებაში რომ შემიყვანეს, იმდენი რამ მქონდა დაზიანებული, არ იცოდნენ, რით დაეწყოთ. მერე ნარკოზის ნიღაბი რომ გამიკეთეს, მოვდუნდი, თუმცა ჩემს თავს ვუთხარი, საიმედო ხელში ხარ-თქო. რეალურად მაშინ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის... დაიწყო ტკივილები, კუდუსუნის ძვალიც გატეხილი იყო. ტკივილები დღესაც მაქვს მენჯ-ბარძაყის არეში. ამიტომ, ძირითადად წოლას ვარჩევ ხოლმე.
- სახსრის გამოცვლა ხომ არ დაგჭირდა?
- ახლაც მჭირდება, მაგრამ იმ მომენტში, ჩემს ტრავმატოლოგს რის საშუალებაც მიეცა, ისე იმოქმედა. ყველაფერი, რაც დაზიანდა, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგინეს. მარჯვენა ფეხი დამოკლდა. მკურნალობის პროცესი, შემთხვევიდან, ნახევარი წელი მიმდინარეობდა. ერთი თვე რეანიმაციაში ვიყავი, მერე პალატაში და ბოლოს სახლში - 4-თვიანი წოლითი რეჟიმი მქონდა. ვიწექი და ვერ ვინძრეოდი. ნაწოლებიც გამიჩნდა, ამის საშინელი ტკივილებიც დაემატა. ნაწოლების განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფეხზე მიმაგრებულმა პლატფორმამ და რკინებმა... დიდი ტკივილები მაქვს გადატანილი...
მერე ვფიქრობდი, არ შეიძლება ასეთი განსაცდელი ადამიანს თავს დაატყდეს ისე უბრალოდ, რაღაცის გამო მოხდა-მეთქი. ვფიქრობდი ამაზე და პასუხიც მალე მივიღე... ნოემბერში მოხდა ეს ამბავი და მაისში ფეხი შევდგი პარასპორტის განვითარების ცენტრში. რეალურადაც მართლა ერთი ფეხით შევედი, რადგან ყავარჯნებით ვიდექი.
- ე.ი. ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა, რომ პარასპორტსმენი გამხდარიყავი?
- ასე გამოვიდა... მოკლედ, მეგობრის რჩევით იმ ექიმთან წავედი კონსულტაციაზე, რომელიც შშმ პირებთან მუშაობს. იმისთვის მივედი, რომ ერჩია, სად გამევლო რეაბილიტაცია. ცოტა ადრე მომიწია მისვლამ და სანამ ექიმს ველოდებოდი, მომესმა ჭახა-ჭუხის ხმა. დამაინტერესა, რის ხმა იყო. ხმას გავყევი და დარბაზში აღმოვჩნდი, იქ ჩემ მომავალ მწვრთნელს, მალხაზ მესხს გაკვეთილი ჰქონდა. შევედი თუ არა, დამინახა, მუზარადი მოიხსნა და მკითხა, - რა დაზიანება გაქვს?.. მოკლედ, ფარიკაობაში ჩავები. შანსი გამოჩნდა და ჩავეჭიდე.
- სწავლა ტრავმის გამო ვეღარ განაგრძე?
- აკადემიური მქონდა აღებული... ამ სპორტით მიღებული პირველი შთაბეჭდილება უზარმაზარი იყო, მომნუსხველი სანახაობა აღმოვაჩინე, ძალიან ჩამითრია. მას მერე უკვე 6 წელი გავიდა. ჩემი ცხოვრება ახლა ძალიან საინტერესოა, კი საინტერესო, ვიდრე ავარიამდე იყო.
ამ სპორტმა მეტი თავდაჯერებულობა მომცა, უდიდესი სიამაყის გრძნობა და დღეს რომ ამაყი და თავაწეული დავდივარ, უმეტესწილად ამ სპორტის დამსახურებაა. დამანახა, რომ არაფერი დამთავრებულა და ყველაფერი ახლა იწყება...
- ხელოვნური სახსრის ჩაყენებით ხომ შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას ხელი მეტად შეუწყო. სიარულის ხარისხიც გაიუმჯობესო...
- კი, ხელოვნურ სახსარს ჩავიყენებ და მერე ჩვეულებრივად ვივლი. ამას მაშინ დავაპირებ, როცა მივხვდები, რომ ფარიკაობაში ჩემი თავი ამოვწურე. ფარიკაობამ გადამარჩინა. რაც ამ სპორტმა მომცა, იმ ყველაფერს ვერ გადამიწონის ნორმალური სიარულის შესაძლებლობა.
- მთავარი რა არის დიდი განსაცდელის დაძლევისას?
- საერთოდ, თითოეული ცხოვრებისეული პრობლემა, ტრაგედია, ხელს არ მაქნევინებს, პირიქით, გამოწვევაა. ბრძოლა უფრო საინტერესოა, საკუთარი თავის გამოცდაც, რის გაკეთება შეგიძლია. ამ სპორტთან ერთად, ჩემმა ხასიათმაც დიდი როლი ითამაშა. საერთოდ „სიძლიერის გენი“, მგონია, რომ ყველა ადამიანშია, იმდენი რამ აქვს კაცობრიობას გამოვლილი და დაძლეული, ეს რომ არ ჰქონდეს, არ შეიძლება. თუ ვინმეში ეს მიძინებულია, ვურჩევ, გააღვიძოს.