ავტორი:

"პიროლა": რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა?

"პიროლა": რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა?

თუკი ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი მინიმუმამდე იყო შემცირებული, ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა იმატა. მიმდინარე წლის აგვისტოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობა კოვიდის ახალი ვარიანტის "პიროლას“ აღმოჩენის შესახებ გააფრთხილა.

რა არის ცნობილი კორონავირუსის ამ შტამის შესახებ და რამდენად საშიშია ის?

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში კოვიდის შემთხვევების მატების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, არდადეგები და მოგზაურობის სეზონია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა მუტაცია კიდევ ერთხელ განიცადა და BA.2.86, კონკრეტულად კი "პიროლა“ გაჩნდა.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ამერიკულმა ცენტრმა უკანასკნელი კვლევა 30 აგვისტოს გაავრცელა, სადაც განახლებული და გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს რისკ-ჯგუფებისთვის შემოდგომის ვაქცინაციის მნიშვნელობას და დასძინეს, რომ იმუნიტეტზე "პიროლას“ გავლენისა და მსოფლიოში გავრცელების კვლევა კვლავაც გრძელდება.

აგვისტოს შუა რიცხვებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ კლასიფიცირებულია Omicron სუბსტრანი, სახელად BA.2.86, მუტაციების დიდი რაოდენობით, როგორც „დაკვირვების ქვეშ მყოფი ვარიანტი“. არაოფიციალურად მას "პიროლა" შეარქვეს. მის წინამორბედებთან შედარებით, „პიროლას: 30 მუტაცია ჰქონდა, რაც ოდნავ ნაკლებია, ვიდრე თავად "ომიკრონი“, რომელიც უკიდურესად ინფექციური იყო, როდესაც ის პირველად გამოჩნდა. როგორც "ომიკრონის“ შემთხვევაში, მეცნიერებს ეშინოდათ, რომ "პიროლა“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს მოსახლეობაში. აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ მათი ექსპერტების აზრით, როგორც Covid-19-ის გამოვლენის არსებული ტესტები, ასევე დაავადების სამკურნალო მედიკამენტები "პიროლას“ შემთხვევაში ეფექტური რჩება.

ამ შეფასებას ეთანხმება ევროპული ცენტრიც - ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მითითება, რომ BA.2.86 ვარიანტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდ-დაავადების უფრო მძიმე ფორმა.

აფეთქება დიდ ბრიტანეთში

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები - პარასკევს, მისმა ჯანდაცვის სამინისტრომ გააზიარა კოვიდ ვირუსის გავრცელების ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომელიც აგვისტოში ქვეყნის აღმოსავლეთში, მოხუცთა თავშესაფარში ჩატარდა: დაწესებულების 38 მაცხოვრებლიდან 33 კოვიდ-19-ით დაავადდა და კვლევებმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევიდან 28-ში დაავადება „პიროლას“ ვარიანტით იყო გამოწვეული. განყოფილების ინფორმაციით, ერთ პაციენტს მკურნალობა დასჭირდა. ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ "პიროლას“ ვარიანტი გარკვეულწილად ვრცელდება მოსახლეობაში როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.

"ჩვენ ვმუშაობთ გავრცელების მასშტაბის გასარკვევად. ამავდროულად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აქვს ვაქცინაციის უფლება, გაიკეთოს ის შემოდგომის იმუნიზაციის დაწყებისთანავე“, - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი