ქართული "ნიჭიერის" და "X-ფაქტორის" ნახევარფინალისტი, ბერძნული "ვოისის" მეორე ადგილის მფლობელი დოდონა ნამორაძე ქართველმა მაყურებელმა მოზარდობისას გაიცნო. სიმღერის ნიჭის გარდა, დასამახსოვრებელი იყო 14 წლის დოდონას ნათქვამი - 1 წელიწადში 500 წიგნი წავიკითხეო, რაც ბევრს გაუკვირდა... აღმოჩნდა, რომ კითხვის განსაკუთრებული უნარი აქვს, რის შესახებაც თავად გვიამბობს...
- როცა 14 წლის ვიყავი, მხოლოდ სწავლით და სპორტით გახლდით დაკავებული. შესაბამისად, ჩემთვის დროის განაწილება ბევრად მარტივი იყო... წელს უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე, მაგრამ გასული 4 წლის განმავლობაში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ვმღეროდი... ასევე, ჩემი ბიზნესი მქონდა... ამ ყველაფრის გამო, წიგნების კითხვისთვის დრო არ მრჩებოდა, მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც ვკითხულობდი.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- დენ ბრაუნის "ინფერნო". დენ ბრაუნი მას მერე მიყვარს, რაც "და ვინჩის კოდი" წავიკითხე... საერთოდ, როცა წიგნს წავიკითხავ და მომეწონება, მეორედ, მესამედაც ვკითხულობ. ყოფილა შემთხვევა, 19-ჯერ წამიკითხავს, რადგან ყოველ ჯერზე, ახალ-ახალ რაღაცებს იღებ მკითხველი. მაგალითად, ჯემალ ქარჩხაძის "მდგმური" 6-ჯერ წავიკითხე, "იგი" - 19-ჯერ... თითქოს ძალიან ადვილი ენითაა დაწერილი, მაგრამ როდესაც მეორედ, მესამედ კითხულობ, უკვე იცი, მოვლენები როგორ განვითარდება და სიტყვებს სხვანაირად უკვირდები, ბევრი ახალი რამის აღმოჩენა შეგიძლია. თითქოს შენ ხარ, ვინც ამ წიგნს წერს... ახლა სტივენ კინგის "11/22/63"-ის წაკითხვას ვაპირებ... მაქვს წიგნები, რომლებსაც წელიწადში მინიმუმ, ერთხელ ვკითხულობ. ეს არის ჰომეროსის "ილიადა" და ჯემალ ქარჩხაძის "მდგმური".
- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის საინტერესოა?
- მაგალითად, ეკრანიზაციის შემდეგ, "ბინდი" დიდი ბულინგის ქვეშ მოჰყვა (იღიმის). ამის გამო, ბევრმა გადაწყვიტა, წიგნი არ წაეკითხა. ამას არ ვემხრობი, რადგან წიგნი მართლა კარგია. იმ ასაკში წავიკითხე, რა ასაკისთვისაც გათვლილია ეს წიგნიც და ეკრანიზაციაც. ჩემი აზრით, "სწორად" ეკრანიზაცია იშვიათია, მაგრამ მაგალითად, "ჰარი პოტერი" ფილმად კარგადაა გადმოცემული. ეკრანზე წიგნიდან ბევრი რაღაც ნაჩვენები არ არის ან შეცვლილია, რა თქმა უნდა - ეს ყოველთვის ხდება, მაგრამ კარგი ეკრანიზაციებია... ბავშვობიდან მიყვარს "წიგნის ქურდი", რომლის ეკრანიზაციაც ძალიან მომწონს! ასევე, მომწონს თჰე გივერ. წიგნი იმის შესახებაა, რომ თავდაპირველად, ადამიანები ფერებს ვერ ხედავენ, რადგან მათ რაღაც წამლებს ასმევენ. ამ პრეპარატების გამო, უნარი არ აქვთ სიყვარულის, ემოციების და ა.შ. ერთ-ერთი ადამიანი გადაწყვეტს, წამალი აღარ დალიოს... ნელ-ნელა ადამიანები უკვე ფერებსაც ხედავენ და ბევრი რაღაც იცვლება. ფილმში ეს ძალიან ლამაზადაა გადმოცემული: თავდაპირველად, შავ-თეთრად იწყება და ფერებში ძალიან ნელა გადადის - ისე, რომ თვალი ვერ ამჩნევს, სანამ ყველაფერი სრულ ფერებში არ გადავა... მომხრე ვარ, ფილმის ნახვამდე, ჯერ წიგნი წაიკითხონ, რომ ბოლომდე ჩასწვდნენ, რაც ეკრანზეა ასახული.
- ყოფილა შემთხვევა, როცა ჯერ ეკრანიზაცია გინახავთ, შემდეგ კი - წიგნის წაკითხვის სურვილი გაგჩენიათ?
- კი. 14 წლის ვიყავი, როცა "სიამაყე და ცრურწმენა" ეკრანზე ვნახე. სამწუხაროდ, წიგნი წაკითხული არ მქონდა. შემდეგ წავიკითხე და მომეწონა...
- ლიტერატურული ნაწარმოები პირველად რომელ ენაზე წაიკითხეთ?
- 3 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით, ჩემმა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ კითხვა შემეძლო. 4 წლისას უკვე 3 ენაზე კითხვა შემეძლო: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რა თქმა უნდა, ინგლისურად და რუსულად გამართულად ვერ ვკითხულობდი, რადგან ამ ენებში სხვაგვარი გამოთქმებია... თურმე, მშობლებთან მივდიოდი და ვეკითხებოდი, - ეს რა ასოა-მეთქი? ხუმრობა-ხუმრობაში კითხვა შემომესწავლა (იცინის). საშინლად ცელქი, ხმაურიანი ვიყავი. ჩემი გაჩერების ერთადერთი გზა ახალი წიგნის ყიდვა იყო, რადგან ერთი წიგნის კითხვას რომ დავასრულებდი, ის წიგნი აღარ მინდოდა. არანორმალურად სწრაფად ვკითხულობდი. 5 წლისას უკვე წაკითხული მქონდა: "პეპი გრძელიწინდა", "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ბიძია ტომის ქოხი"... 8 წლისამ "სამი მუშკეტერი" წავიკითხე. რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე... მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით (მანამდე კახეთში ვცხოვრობდით). ახალ სკოლაში ბიბლიოთეკარი არ მიცნობდა. გაკვეთილებს შორის ყველაზე გრძელი, 20-წუთიანი შესვენების დროს, ბიბლიოთეკიდან წიგნს ვითხოვდი და ან იმ 20 წუთშივე ვასრულებდი კითხვას, ან - 3-4 წიგნი სახლში მიმქონდა, მეორე დღეს კი - ვაბრუნებდი. ერთ დღესაც ბიბლიოთეკარი გამიბრაზდა, - წიგნები ტყუილად რატომ მიგაქვსო?! არ სჯეროდა, რომ 3 წიგნს 1 დღეში ვკითხულობდი (იღიმის)... დღემდე ყველაფერს სწრაფად ვკითხულობ, მაგრამ ძველებურად სწრაფად - ვეღარ, რადგან ხშირი კითხვის პრაქტიკა აღარ მაქვს. თუნდაც მაშინ, როცა საჯაროდ ვთქვი, რომ ერთ წელში 500 წიგნი წავიკითხე, მეკითხებოდნენ, - როგორ შეძელიო? 1 საათში 1 წიგნს (400 გვერდი) ჩვეულებრივად ვკითხულობდი (ინგლისურად), რადგან ხაზებად, მარცხნიდან მარჯვნივ არ ვკითხულობ: აბზაცს რომ შევხედავ, გონებაში თავისით შედის ყველა სიტყვა... არსებობენ ადამიანები, ვინც მთელ გვერდს შეხედავენ და კითხულობენ, მე გვერდს - ვერა, მაგრამ - აბზაცების, გვერდის მესამედის წაკითხვა უცებ შემიძლია. არ ვამჟღავნებდი, რომ ეს უნარი მქონდა. ამის შესახებ პირველად 2-3 წლის წინ, მამაჩემს ვუთხარი. სიცილი დაიწყო - მეც ასე ვკითხულობო (იღიმის). ალბათ, ეს გენეტიკური უნარია.
- ანუ ასე წაკითხულ ტექსტს ჩვეულებრივად იაზრებთ, არა?
- კი, კი... შემიძლია, ჩვეულებრივადაც, მარცხნიდან მარჯვნივ წავიკითხო. მაგალითად, უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს, რასაც ცოტათი მეტი დაკვირვება, მეტად ჩაღრმავება სჭირდება, ასე (ჩვეულებრივად) ვკითხულობ, მაგრამ რაც უფრო ნელა წავიკითხავ, მით უფრო ნაკლებად გამომაქვს აზრი. ამიტომ, თუკი რამის სწავლა მინდა, ჩაწერა მიწევს... როცა აბზაცებად ვკითხულობ, თითქოს იმ აბზაცში შემიძლია, ჯერ მე-12 სიტყვა წავიკითხო, შემდეგ - მესამე, მეხუთე, რაც მერე წინადადებას ქმნის - გონებაში ეწყობა... არ ვიცი, როგორ ავხსნა (იღიმის)...
- როგორც მითხარით, ინგლისურ ენაზე კითხვა უფრო გიიოლდებათ...
- 11 წლამდე ინგლისურად არაფერი წამიკითხავს. უბრალოდ, ასოები ვიცოდი და სიტყვები როგორც ეწერა, ისე ვკითხულობდი. მაგალითად: Game over - "გამე ოვერ". შემდეგ ფილიპინებზე საცხოვრებლად ჩავედით (იქ 6 წელი გავატარე). პირველივე თვეს წიგნის წაკითხვა ძალიან მინდოდა. რა თქმა უნდა, იქ ქართულენოვანი წიგნები არ იყო. ბიბლიოთეკაში შევდიოდი და ჩემი ჭკუით, ვკითხულობდი: ნახატებიანი წიგნების წაკითხვას ვცდილობდი, რომ აღმექვა, რა ეწერა. ასე ნელ-ნელა ვისწავლე. დაახლოებით 3 თვეში, ინგლისურად უკვე ჩვეულებრივად ვკითხულობდი. ფილიპინებზე ჩასვლიდან 6 თვეში "ნუ მოკლავ ჯაფარას" ინგლისურად წავიკითხე.
- ასაკისთვის შეუსაბამო რა წაგიკითხავთ?
- ფრენკ პერეტის - Prophet. ეს ჩემი საყვარელი წიგნებიდან ერთ-ერთი გახლავთ. 6 წელია, არ წამიკითხავს. საქართველოში ვერსად ვიპოვე... საერთოდ, წიგნების ელექტრონული ვერსიის წაკითხვა არ შემიძლია. მიყვარს, როცა ხელში მიჭირავს, ვფურცლავ... შეიძლება, Prophet კიდევ რომ წავიკითხო, იგივე ფიქრები არ გამიჩნდეს, რასაც ამ წიგნზე ახლა ვფიქრობ, მაგრამ 14 წლისამ შოკი მივიღე... რაღაც საოცრება იყო!.. ეს წიგნი არის ადამიანის შესახებ, რომელიც შემთხვევით ხდება წინასწარმეტყველი... მაშინ დიდად ვერ ვაანალიზებდი, რა ხდებოდა, მაგრამ ჩემი ასაკის კვალობაზე, ბევრი წაკითხული წიგნის შემდეგ, საკმაოდ განვითარებული გახლდით. ჩემთან საუბრის დროს ვერ მიხვდებოდით, რომ 14 წლის ბავშვს ელაპარაკებოდით, წიგნი ადამიანს ბევრად ზრდის და მეც უკვე სხვანაირი მსოფლმხედველობა მქონდა... 16 წლიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. სწავლაც მიყვარდა. მახსოვს, საქართველოში ყოფნისას (მეხუთე კლასამდე) ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს მთელი წლის მასალა 1 დღეში უკვე წაკითხული მქონდა, ამიტომ ქართულის გაკვეთილები ჩემთვის მოსაწყენი იყო...
- რომელიმე საყვარელ ავტორს პირადად შეხვედრიხართ?
- არა და არც სურვილი მაქვს, ოდესმე შევხვდე, რადგან ასეთი გამოთქმა არსებობს: "არასდროს შეხვდე შენს გმირებს". ისინი გონებაში სულ სხვანაირად გყავს წარმოდგენილი. პატარა პარალელს გავავლებ: მაგალითად, ვგიჟდები, მთვარე ისე მიყვარს! შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო, როგორი ულამაზესი და მისტიკურია. რომ შემომთავაზონ, რაკეტაში ჩავჯდე და მთვარეზე წავიდე, უარს ვიტყვი, რადგან იქ მთვარეს უკვე რეალურად აღვიქვამ: ისეთს ვნახავ, როგორიც არის - ნაცრისფერს... შემდეგ, როდესაც დედამიწიდან შევხედავ, უკვე მეცოდინება, როგორია და ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება, როგორიც ახლაა. ასევე მირჩევნია, იმ ავტორებს არ შევხვდე, რომლებიც მიყვარს, რადგან შეიძლება, ისეთები არ აღმოჩნდნენ, როგორებადაც წარმომიდგენია და არ მინდა იმედი გავიცრუო (იღიმის)...
- რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟს განსაკუთრებულად თუ ამსგავსებთ საკუთარ თავს?
- რთული კითხვაა, ამაზე არასდროს მიფიქრია... შემიძლია, ბევრს მივამსგავსო თავი, მაგრამ ჰერმიონა ("ჰარი პოტერიდან") ძალიან მომწონს. მეც ასეთი ვიყავი: ვკითხულობდი, სწავლა მიყვარდა და პასუხის გაცემას არავის ვაცდიდი - სულ ხელი მქონდა აწეული (იცინის)... დღევანდელ რეალობაში, ალბათ, ძალიან ამპარტავნულად იჟღერებს, მაგრამ საკუთარ თავს აქილევსს ვამსგავსებ, რადგან ტემპერამენტიანი ვარ. შემიძლია, ძალიან სწრაფად გავბრაზდე, უცნაურობები გავაკეთო... ასევე ვფიქრობ, ძალიან ძლიერი და იღბლიანი ვარ... განაგრძეთ კითხვა
ასევე იხილეთ: