ა.წ. 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
Ambebi.ge-მ მომხდარზე მაშინ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, იმ პირის ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვებოდა, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩავიდა.
კაცმა ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.
მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გარდაცვლილის ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ქალი წერს, რომ პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად... ადვოკატი საზოგადოებისგან და მედიისგან მხარდაჭერას ითხოვს.
"მე გახლავართ 2023 წლის 18 მაისს ბათუმთან მდებარე სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ადვოკატი.
ალბათ გახსოვთ ეს მკვლელობა. მაშინ ყველა შეგვძრა მომხდარმა: ოთხმა მეგობარმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში.
იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს. დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს - მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის, სწორედ მისმა შვილმა, ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, რომ თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო...
მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით პოლიციამ ლეღვას ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს.
საქმის 7- ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად. პროკურატურა ცალსახად არიდებს თავს, რომ მომხდარი ჯგუფურ მკვლელობად განიხილოს. უფრო მეტიც: დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავება ერთ- ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც მკვლელობის წუთებში იმავე ჯგუფთან ერთად იყო და თანაც ყველაზე დაახლოებული გახლდათ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს: გიორგი ალხანიშვილის საქმეში სიმართლის დადგენისთვის დამიდექით მხარში. გიორგი ჩემზე სულ რამდენიმე წლით იყო უმცროსი, ჩვენ ერთი თაობა ვართ. ჩვენივე ტოლები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც გიორგი ასე გაწირეს. მე პირობა მივეცი გიორგის დედას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად.
სასამართლო პროცესები დაიწყო. მორიგი პროცესი ხვალ იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მედიას შეუძლია სასამართლო დარბაზიდან გარეთ გამოიტანოს ყველა ფაქტი, ყველა ადამიანის სახე, სიმართლე, სინამდვილე", - წერს მარიამ ბარსონიძე.
წაიკითხეთ ასევე: