დღეს საგარეჯოს ცენტრში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე არასრულწლოვანი კი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი "მიცუბიშის" მარკის მანქანის მძღოლმა, რომელსაც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე მდებარე თონეს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა, შესაბამისად მას არ ექნებოდა არც მართვის მოწმობა.
დაშავებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი გვიყვება, დიდი სიჩქარით მომავალი "მიცუბიში" თონეში მომუშავე მცხობელ ქალს დაეჯახა, რომელიც ცოტა ხნით გარეთ ყოფილა გამოსული.
"მანქანას ქალი კედელზე მიუჭყლეტია. ავტომანქანაში მე-12 კლასელი ორი გოგონა და 2 ბიჭი მჯდარა, მძღოლიც მცხობელის შვილია (ოღონდ, დედამისი სხვა თონეში მუშაობს). ისეთი სისწრაფით დაეჯახა, მანქანას ძრავაც კი მოგლეჯილი აქვს. ბავშვები გადარჩნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასობაში, ის სხვა მანქანასაც შეეჯახა. უბედური შემთხვევა მე-3 სკოლასთან მოხდა, მაგრამ ეს ახალგაზრდები 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ის გარდაცვლილი ქალი იქვე, თონესთან ახლოს ცხოვრობდა" - გვიყვება ადგილობრივი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წაიკითხეთ ასევე: