"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ "პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.
კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.
კობახიძე განმარტავს, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.
"როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, , მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.