ფარცხალაძის საქმე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირის საქმე, ამან ამხილა მთელი დანაშაულებრივი ჯაშუშური სისტემა, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა
გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.
"ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვინც არის მან უნდა იცოდეს, რომ რუსული ჯაშუშების პარტიაა „ქართული ოცნება“ და რუსი ჯაშუშების პარტიას საქართველოში მხარდაჭერა ვერ ექნება და ჩამოიშლება. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ყველას მოვუწოდებ, რომ რუბიკონი გადალახულია უკვე, წითელი ხაზები გავლებულია, გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, გაემიჯნეთ რუსულ ჯაშუშურ პარტიას. გადმოდით ნათელ მხარეს, დაგვიკავშირდით, შემოგვეხმიანეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ გადაცემაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებასაც უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ „სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე“.
გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ალუდა ღუდუშაურს, რომ „ჯაშუშ ფარცხალაძეს“ გაემიჯნოს.
„ფარცხალაძე არის ჯაშუში. მე ვუსვამ კითხვას ალუდა ღუდუშაურს და კოლექტიურ ალუდებს, ვინც არიან ახლა „ქართულ ოცნებაში“ - ემიჯნებით ჯაშუშ ფარცხალაძეს თუ მიჰყვებით ჯაშუშურ რუსულ საფლავში?“ - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, დღეს, საქართველოში ოთხი ოლიგარქი მართავს: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და კახა კალაძე.
„ფაქტობრივად დღეს ჩვენ 4 ოლიგარქი გვყავს საქართველოში, ვისი დეოლიგარქიზაციაც უნდა მოხდეს, ესენია: ბიძინა ივანიშვილი, ამერიკის მიერ „ეფესბეს“ ჯაშუშად და ოლიგარქად მხილებული ფარცხალაძე, კალაძე და ღარიბაშვილი, რომლებმაც თავისი ოლიგარქიული, ჩარტერული გაბლატავება მოაწყვეს ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე, რითაც საკუთარი თავი ამხილეს, რომ ჩვეულებრივი ოლიგარქები არიან ამ ქვეყანაში და ძალიან დიდძალ ქონებას დაეპატრონნენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.