გამომცემლობა „პალიტრა L” წარმოგიდგენთ ცნობილ ავტორებს, რომელთა დაბადების დღეებიც ოქტომბერშია. თვის იუბილარი ავტორები არიან:
გოდერძი ჩოხელი - 2 ოქტომბერი
მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს. როგორც იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა მშობლიურ სოფელში ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა - "გოდერძი, შვილო!" (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"). კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა და მაშინვე გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა "ვაჟა-ფშაველა" ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო...
მისი ყველა კინოსურათი თუ მოთხრობა მშობლიურ მხარეს, - გუდამაყარს ეძღვნება. ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა," - წერდა ის...
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - 12 ოქტომბერი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე 1988 წელს დაიბადა. ის გახლავთ საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში „რა? სად? როდის?“.
მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის, ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის „ალუბლობას“ მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში. იყო პოეტური ჯგუფის „ვარდისფერი ავტობუსის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე არის სამი პერსონალური პოეტური კრებულის: „ლურჯი“, „პოლი პოლაკი“ და „გამჭვირვალე“ ავტორი. გარდა პოეტური მოღვაწეობისა, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს აქვს დაწერილი რამდენიმე სცენარი კინოფილმებისთვის და ასევე რამდენიმე თეატრალური პიესა, რომლებიც სხვადასხვა დროს დადგმულა ქართული თეატრების სცენებზე. მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში 15 საუკეთესო მოთხრობა.
მარიო პიუზო - 15 ოქტომბერი
მარიო პიუზო ორი ოსკარის მფლობელი იტალო–ამერიკელი ავტორი და სცენარისტია. სახელი გაითქვა თავისი რომანით „ნათლია“, რომელშიც მოთხრობილია მაფიის ცხოვრება. რომანის მიხედვით რეჟისრომა ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო ფილმი (1972). პირველი ნაწარმოები „წყვდიადის არენა“ გამოქვეყნდა 1955 წელს, რომელიც აღწერს ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრებას. შემდგომი რომანი იყო „ბედნიერი ფურცელი“ რომელიც ასახავს იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს.
მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა რომანმა „ნათლია“. ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო კალერს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო, რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო. 1970-იან წლებში „ნათლია“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში წარმატება მოუტანა.
ოსკარ უაილდი - 16 ოქტომბერი
ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს უაილდი ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტია. ის გახლავთ გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით.
ავტორმა დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე. ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ოფიციალურს, არ ეგუებოდა საზოგადოებრივ აზრს და ღიად ებრძოდა დრომოჭმულ დოგმებს. თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას უაილდი ხელოვნებაში ხედავდა.
ოსკარ უაილდს მამისგან გამოჰყვა მხურვალე ინტერესი იდუმალებისა და ფანტასტიკურისადმი, ასევე, უჩვეულო ამბების მოგონებისა და მოყოლის უნარი. მწერალზე დიდი გავლენა იქონია დედამისის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა სიყრმის წლები გაატარა.
„დორიან გრეის პორტრეტი” მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, ამავდროულად, მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად.
ელიფ შაფაქი - 25 ოქტომბერი
ბუკერის პრემიის ნომინანტ, მწერალ და აქტივისტ ელიფ შაფაქს კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.
ელიფ შაფაქი დიპლომატების ოჯახიდანაა. ის დაიბადა საფრანგეთში. მშობლების გაყრის შემდეგ დარჩა დედასთან, ცხოვრობდა ესპანეთსა და იორდანიაში, შემდგომ დასახლდა თურქეთში. წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე. შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია.
შაფაქის წიგნებს დიდი წარმატება ხვდა თურქეთში, მწერალი დაჯილდოვდა დიდი ეროვნული პრიზებით. რომანები თარგმნილი მრავალ ენაზე. 2007 წელს თურქეთის გამომცემელთა კავშირმა მწერალს გადასცა გამოხატვის თავისუფლების პრემია.
იაკობ გოგებაშვილი - 27 ოქტომბერი
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა სოფელ ვარიანში. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს გაეცნო მსოფლიოს გამოჩენილ მოაზროვნეთა თხზულებებს, რომლებმაც დიდი ცოდნა შესძინეს. სუსტი ჯანმრთელობის გამო აკადემიის სრული კურსი ვერ დაასრულა და 1862 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1863-75 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იბრძოდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვდა ბავშვთა ინიციატივისა და თვითმოქმედების წახალისებას, რისთვისაც აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა და დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიუხედავად უკან არ დაუხევია, მხარში ამოუდგა ილია ჭავჭავაძეს და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი მონაწილეობით შედგა საზოგადოების პროგრამა ხალხური შემოქმედების შეგროვებისათვის და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რაიონში სახალხო სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნისა.
1865 წელს გამოვიდა გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ - „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876), „რუსსკოე სლოვო“ (1887). 1880 წლიდან იბეჭდება მისი ბავშვთა საკითხავი წიგნები: „კოკორი“, „კუნწულა“, „ხომლი“, „აკიდო“, „მოსავლის მცველნი“. მას ეკუთვნის 130-ზე მეტი საბავშვო ორიგინალური და გადმოკეთებული მოთხრობა. მათ შორის „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „თავდადებულნი ქართველნი“, „სხივი ჩვენი წარსულისა“. ი.გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების ძირითადი თემებია პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, ბუნების მოვლენები.
R