ავტორი:

"83 წლის მასწავლებელს სამცხე ჯავახეთიდან ოცნება აუხდა..." - პედაგოგი, რომელიც 45 წელი ფრანგულს ასწავლიდა, სამოგზაუროდ პარიზში წაიყვანეს (ფოტოები)

"83 წლის მასწავლებელს სამცხე ჯავახეთიდან ოცნება აუხდა..." - პედაგოგი, რომელიც 45 წელი ფრანგულს ასწავლიდა, სამოგზაუროდ პარიზში წაიყვანეს (ფოტოები)

83 წლის პედაგოგს სამცხე-ჯავახეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში მოზარდებს ფრანგულს ასწავლიდა, ოცნება აუხდა. ის საფრანგეთში სამოგზუროდ წაიყვანეს.ინფორმაციას ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში "ასოციაცია ქართველები საფრანგეთში" ავრცელებს.

"83 წლის ეთერი მასწავლებლის მოგზაურობა პარიზში გრძელდება. 45 წელი სამცხე-ჯავახეთში თაობებს ზრდიდა, ფრანგულს ასწავლიდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 83 წლის ასაკში შეძლებდა ოცნების ასრულებას და რეალურად ნახავდა იმას, რასაც მხოლოდ წარმოსახვით თუ ეკრანებიდან ეტრფოდა.

გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა თითოეულ ნაგებობას პარიზში, თითოეულ ხეს თუ სკვერს, მოვლილს და გაკრეჭილს, ვერსალის სასახლემ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, შუშების სასახლეში ფრანგული სიმღერაც კი წაგვიღიღინა. სენას ყურებისას თვალწინ ალბათ თავისი ახალგაზრდობის წლები ეხატებოდა, რადგან დავბერდიო, შემოგვჩივლა.

მის თვალებში სევდა და პარიზის სიდიადით აღფრთოვანება ერთდროულად გამოსჭვიოდა.

ოცნებები ხდება! არავინ იცის, როდის, ან ვისი წყალობით, მაგრამ ოცნებები ნამდვილად ხდება! დიდი მადლობა საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის, 83 წლის ასაკში, საფრანგეთზე შეყვარებული მასწავლებლის ოცნების ასრულებისთვის!

დიდი მადლობა ასოციაციის ყველა წევრს თუ მეგობარს ამ ქალბატონის პარიზში მოგზაურობაში მონაწილეობისთვის, მისთვის სიხარულის მინიჭებისთვის.ჩვენთვისაც ისეთი მშობლიური იყო მასთან შეხვედრა, თითქოს ჩვენ ბებიას ვეხუტებოდით, ვეფერებოდით", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.