ფრანგული მედიის ცნობით, 17 წლის რუთ პერესი, რომელიც მანამდე ეგონათ, რომ "ჰამასის" ტყვეობაში ჩავარდა, გარდაცვლილი ნახეს. გოგონას კუნთების დისტროფია ჰქონდა, რის გამოც ეტლს იყო მიჯაჭვული. მას საუბარი და დამოუკიდებლად საკვების მიღება არ შეეძლო და ოჯახის წევრებზე იყო დამოკიდებული.
რუთი მამასა და დასთან ერთად "სუპერნოვას" მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, როცა ტერორისტების თავდასხმა მოხდა.
რუთის 19 წლის და, იამიტი 7 ოქტომბრის თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ Times-ს ესაუბრა.
"რუთი ასეთი ბედნიერი აქამდე არასდროს მინახავს. ისე უხაროდა, რომ თავის ეტლში ცეკვავდა", - ამბობდა ის.
როგორც იამიტი ყვებოდა, მან ფესტივალი მამასა და რუთზე ცოტა ადრე დატოვა და წარმოდგენა არ ჰქონდა, ცოცხლები იყვნენ ისინი, თუ არა.
ინტერვიუში 19 წლის იამიტი მამას მიმართავდა:
"ძვირფასო მამა, თუ ჩემი ნათქვამი ოდესმე შენამდე მოაღწევს, იმედი მაქვს, რომ არ იტანჯები. შენ ხომ დამპირდი, სახლში რუთთან ერთად დავბრუნდებიო. ახლა ვნანობ, თქვენთან რატომ არ დავრჩი და არ დაგიცავით".
რუთს საუბარი არ შეეძლო და საკვებსაც მილის საშუალებით იღებდა. იამიტი "ჰამასს" მედიის საშუალებით მხოლოდ იმას ევედრებოდა, მამამისისთვის უფლება მიეცათ, რომ რუთზე ეზრუნა:
"მხოლოდ მან იცის, რა სჭირდება", - ამბობდა სასოწარკვეთილი გოგონა.
რუთ პერესის ოჯახის თქმით, მათ გოგონას ცხედარი 5 ნოემბერს იპოვეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად კი, გარდაცვლილებს შორის რუთის მამაცაა.
Quai d'Orsay-მა შაბათს გამოაცხადა, რომ "ჰამასის" განხორციელებულ თავდასხმებს, ჯამში, საფრანგეთის 40 მოქალაქე ემსხვერპლა.
წყარო: thetimes
მოამზადა: ანა სიბოშვილმა