აშშ-ს კონგრესმა მისი ერთადერთი პალესტინელ-ამერიკელი წევრისთვის ცენზურის დაწესების შესახებ კენჭისყრა გამართა. რაშიდა ტლაიბს კონგრესი ისრაელისა და "ჰამასის" ომზე გაკეთებული კომენტარების გამო აცენზურებს.
მიჩიგანის დემოკრატი რაშიდა ტლაიბი იმის გამო დაგმეს, რომ ის, პროპალესტინურ სლოგანს, "მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება", იცავდა. კონგრესის უმრავლესობა, 234 ხმით, რაშიდას დაცენზურების მომხრე იყო. პალესტინელს მხოლოდ 188 წევრმა დაუჭირა მხარი. საინტერესოა, რომ რაშიდასთვის ცენზურის დაწესებას თავად დემოკრატების ნაწილმაც მისცა ხმა (22-მა წევრმა).
რაშიდა ტლაიბის კრიტიკის მიზეზი პარასკევს X-ზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა. რაშიდამ ყოფილ "ტვიტერზე" ვიდეო გააზიარა, რომელშიც პალესტინელი დემონსტრანტები ამბობენ - "მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება". კრიტიკოსების თქმით, ამ ფრაზით ისინი პალესტინელებს იორდანიასა და ხმელთაშუა ზღვას შორის ტერიტორიის, მათ შორის ისრაელის კონტროლისკენ მოუწოდებენ. ვიდეო ასევე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღაზას გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა და ებრაული ჯგუფები აცხადებენ, რომ სლოგანი, რომელიც პალესტინის მხარდასაჭერ აქციებზე მთელ მსოფლიოში გამოიყენება, ფაქტობრივად, ისრაელის განადგურებისკენ მოწოდებაა. პროპალესტინელი აქტივისტები კი, თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ სლოგანს იყენებს, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციისა და ღაზას ბლოკადის ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვს და არა თავად ისრაელის ლიკვიდაციას.
<iframe width="1263" height="480" src="https://www.youtube.com/embed/qFTNSGu_OoQ" title="WATCH: Criticism of Israeli government not antisemitic, Rep. Tlaib says during motion to censure her" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
რაშიდამ მოგვიანებით სლოგანის გამოყენება გაამართლა და განაცხადა, რომ ის "თავისუფლების, ადამიანების უფლებების დაცვისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოწოდებაა და არა ვინმეს მოკვლის, განადგურების ან სიძულვილის გასაღვივებელი იარაღი".
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომელშიც რესპუბლიკელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ტლაიბისთვის ცენზურის დაწესებას მისცა ხმა, რაშიდა სიტყვით გამოვიდა. ქალმა განმარტა, რომ მისი კომენტარები ისრაელის მთავრობისადმი იყო მიმართული: "არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ პალესტინელი ხალხი ერთჯერადი არაა. ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ნებისმიერი სხვა",- განაცხადა განაწყენებულმა პოლიტიკოსმა.
7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერაქტის შედეგად, ჯამში 1 400-ზე მეტი ებრაელი დაიღუპა. მას შემდეგ, ისრაელის ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კი 10 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა