მსახიობი გიორგი ჯიქია, 20 წელიწადია თეატრის სცენაზე დგას. ამ წლების განმავლობაში არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, თუმცა უკვე კარგად ცნობილმა სერიალმა "სიყვარულს მიღმა“ პოპულარული მეტად გახადა. ის მთავარ როლს თამაშობს. გიორგი ჯიქიას პერსონაჟი მაყურებლის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. მისთვის ამ როლის შესრულება ძალიან საინტერესოა და "კერესას" თვისებების მეტად წარმოსაჩენად ენერგიას არ ზოგავს...
AMBEBI.GE -ს სტუმარი გიორგი ჯიქიაა:
- "ღამის შოუს" სტუდიასთან დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები და კარგად ვუგებთ... ჩემი როლი სერიალში "სიყვარულს მიღმა“ საინტერესო სამუშაოა, ამ პერსონაჟს ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც ჩემთვის უცხოა. ის თავის თვისებებით, შორსაა ჩემგან. მე ასე არ ვცხოვრობ... ეს კი მსახიობისთვის მეტად საინტერესო მოცემულობაა... ჩვენი პროფესიაც ხომ ისაა, ისეთ "კანში შევძვრეთ“ და ისეთი ხასიათი მოვირგოთ, რაც ჩვენგან განსხვავებულია. სწორედ ამაშია პროცესის ინტერესიც.
- რას იტყვი, როგორია შენი პერსონაჟი?
- რა დასკვნაც გამოვიტანე, ერთი არშემდგარი, არასერიოზული კაცია. ახლა უკვე ნელ-ნელა წამოიწია იმან, რომ ეს მისი გარკვეული კომპლექსების ბრალია. აქვს მამის კომპლექსი, რადგან უმამოდ გაიზარდა... ზედაპირზე რაღაცები წინ კიდევ ამოვა... თუმცა ბევრი ღირსეული თვისებაც აქვს. ვცდილობ, დადებითი თვისებები მეტად გავააქტიურო და მის ამა თუ იმ არასწორ ნაბიჯს ამით გამართლება მოვუძებნო... სულ ვეუბნები, თუ რამე ცუდს გააკეთებს, ისეთი ახსნა ჰქონდეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რომ ეს მისი დილემა იყო და ამიტომ გააკეთა. ასეთი მომენტები, მოტივაციები რაც უფრო კარგად გამოჩნდება, მით უკეთესი იქნება სერიალისთვის და საერთოდ ნებისმიერი ნამუშევრისთვის.
- სერიალი პოპულარულია, მაყურებელი აქტიურად არის ჩართული, ხშირად ესა თუ ის პერსონაჟი ისეთი ჰგონია, როგორსაც ის თამაშობს. მერე ამაზე სოციალურ ქსელში წერენ...
- კი, მეც წამიკითხავს, ამაზე რეაქცია ადრე მქონდა, ახლა აღარ მაქვს, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია და თან მხოლოდ საქართველოში არ ხდება... მსახიობს გმირთან აიგივებენ, ერთმანეთისგან ვეღარ მიჯნავენ. ეს ერთი მხრივ, არ არის ცუდი, იმაზე მეტყველებს, რომ მაყურებელი მაქსიმალურადაა ჩართული და ვერ განუსხვავებია, სადაა რეალობა და სად - სერიალი. თუ ზღვარს კარგავენ, ე.ი. კარგად ასრულებ და პროექტიც კარგადაა შეფუთული... ვიღაცას ჩემზე ეწერა - ყოჩაღ, გიორგიო და იქვე პასუხობდნენ, - რა ყოჩაღ, ეგ ნარკომანი, ეგო... როგორც ჩანს, ეს ასე ხდება და ვერაფერს იზამ...
- ამ სერიალზე მაყურებლის პოზიციიდან რას იტყვი?
- თეატრში არ მიმუშავია ისე, რომ არ მცოდნოდა, სეზონის ბოლოს რას ვაკეთებდი, ან სპექტაკლში ჩემი გმირი ვინ და როგორი იყო. აქ ისე ხდება, რომ მსახიობებმა არ ვიცით, ჩვენს პერსონაჟებს რა ბედი ეწევათ... დასაწყისი, განვითარება, დასასრული, - ასე ერთიანად არ ვიცი. ფილმზე მუშაობისას მსგავსი რამ არ ხდება, როგორც ვთქვი, არც თეატრში - სპექტაკლში თავიდან ბოლომდე ვიცით ამბავი როგორ განვითარდება. აქ, სრული ექსტრიმია და უნდა მოერგო, რაღაც უჩვეულოა და მომწონს. გარკვეული გამოწვევაა. უცბად უნდა გადავეწყო, ჩემი ტვინი გადავრთო და იმ კონკრეტული კუთხით ვიფიქრო. მოულოდნელობაცაა.
- რას ურჩევ შენს პერსონაჟს?
- მალე მოეგოს გონს, დაუჯეროს დედას და სწორად იცხოვროს... თანდათან გამოჩნდა, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, ძალიან მგრძნობიარეა. ერთი შეხედვით ეს თითქოს არ ჩანს, მაგრამ უკვე ფაქტები ადასტურებს, რომ უზომოდ მგრძნობიარეა. არის სუსტი და მერყევი... ყველაფერს იმახსოვრებს, ყველაფერი მარტივად უხარია, სწყინს და ამის ბრალია, ახლა რა დღეშიც არის.
- არადა, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი ტიპია...
- აღმოჩნდა, რომ ასე არაა. ამას მეც ახლა მივხვდი. გამოჩნდა, რომ ყველაფერი გულში აქვს შენახული და სევდიანი ტიპიც აღმოჩნდა.
- უკვე 20 წელიწადია, რაც მსახიობი ხარ. ამჟამად "თავისუფალ თეატრის" დასში ხარ... ეს ის არის, რაზეც გიოცნებია, რაზეც გიფიქრია, როდესაც გადაწყვიტე, რომ მსახიობი გამხდარიყავი?
- კი, 17 წელია "თავისუფალ თეატრში" ვარ. მანამდე სამი წელი თეატრ "გლობუსში“ სანდრო მრევლიშვილთან ვიმუშავე... როცა რაღაცას აპირებ, რაღაცაზე ოცნებობ და მერე ოცნება ახდება, ყველაფერი უკვე ჩვეულებრივად გეჩვენება. შედეგითაც შეიძლება მხოლოდ წამით დატკბე, მეტს ვეღარ აცნობიერებ. გავიწყდება, წლების წინ მსახიობობაზე, სცენაზე დგომაზე როგორ ფიქრობდი. ახლა კი ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყურადღებას აღარ ვაქცევ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კი, ეს ის დარგია, სადაც მინდოდა ყოფნა.
- ე.ი. არ ნანობ, რომ სხვა პროფესია არ აირჩიე?
- მსახიობები, რაღაც მომენტში, გარემოებებიდან გამომდინარე, ხანდახან დაიწუწუნებენ ხოლმე, აუ, აქ რამ ჩამაბარებინა, მაგრამ არის ასეთი ფრაზა "სცენის მტვერი", არადა, არავითარი "სცენის მტვერი" არ არსებობს. მსახიობებს ერთი რაღაცის მიმართ გვაქვს დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა და ეგ არის... ბოლო დროს ადამიანები აქტიურად მედიტირებენ. რამდენი წამიკითხავს და მომისმენია მაგ თემაზე, რომ მედიტაციის დროს მთავარია ის წამები შეინარჩუნო და იყო აწმყოში. ჰოდა, როცა სცენაზე ხარ, იქ არის ის წამები, სადაც აწმყოთი არსებობ, არც მომავალზე და არც არც წარსულზე არ ფიქრობ... კი, ეს მდგომარეობა განცდილი გვაქვს სცენაზე და ალბათ ამ განცდილს ეძახიან "სცენის მტვერს“...
- ე.ი. თეატრი შენი ცხოვრებაა?
- თეატრში ვატარებ ცხოვრების ნახევარზე მეტს. ოჯახია თეატრი. ორი ოჯახი მაქვს - ერთი ჩემი საკუთარი და მეორე - თეატრი...
- ვიცი, რომ შენი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. იმ წლებმა ხელი რაში შეგიშალა?
- იმ წლებმა, იმ გარემომ, რაშიც გვიწევდა ცხოვრება, განვითარებასა და წინსვლაში ხელი ყველას შეგვიშალა. თუმცა ვეცადე, ის პერიოდი მაინც სასარგებლოდ გამომეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ქუჩა, უბანი, ამ მხრივ გარკვეული სირთულეები, ეგ პერიოდი გამოვიარე... მაგ სიტუაციას მეგობრებმა, ახლობლებმა ხელიდან გამომგლიჯეს. რეალური საშიშროება იყო, იქ ჩავრჩენილიყავი. იმ მოცემულობით და ლოგიკით სხვა ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, მართლა ბეწვის ხიდზე გავიარე და ასე იყო მაშინ 90%. მოკლედ, გადავრჩი. საკუთარ თავში სხვა ადამიანი აღმოვაჩინე და გავიცანი.
- ვიცი, რომ მუსიკა და მხატვრობა გიტაცებს...
- მუსიკა მიყვარს და ხშირად ვაკეთებ რაღაც კომპოზიციებს, რომელიც სპექტაკლებში გამოუყენებიათ, საუნდტრეკებია, მაგრამ ყველა ჩემი კომპოზიცია მაინც სევდიანი, დრამატულია... პატარა კომპოზიციებია, მაგრამ განწყობა შემოაქვს და "ყურში გრჩება", რაღაც ემოციას აღძრავს. სხვა არანაირი პრეტენზია არ მაქვს. რაც შეეხება ხატვას, თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვხატავ, თუმცა ვამბობ, რომ ხატვა არ ვიცი. ერთადერთი სახის ხატვა გამომდის, რაც ძალიან მსიამოვნებს. რატომ, როგორ, ამის გამო ფსიქოლოგიური კვლევა არ ჩამიტარებია. რაღაცები გროვდება და მერე რაღაცებს აკეთებ. ფანქარშიც დამიხატავს, ტუშშიც და აკრილშიც, ახლა ზეთის საღებავი მინდა ვსინჯო, მაინტერესებს... ჩემი პროფესიის გარდა არც მუსიკა და არც ხატვა არ მისწავლია. 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაქვს გადაღებული და ის საქმეს ჩემით ვისწავლე. მომცეს სახელმძღვანელოები, სადაც ამოვიკითხე როგორ იწერება სცენარი, როგორ მუშაობს რეჟისორი და ოპერატორი. ჩემი ფილმები ფესტივალზე "სესილი" მოხვდა...
- გული რაზე გწყდება?
- თავის დროზე რაღაცები კიდევ მეტი უნდა მესწავლა, ვიდრე ვისწავლე. რაღაცებში დრო მაქვს დაკარგული. ახლა ამ გადმოსახედიდან ამას ცოტათი ვნანობ.
- საკუთარი ოჯახი გაგვაცანი.
- მყავს მეუღლე, რომელიც ჩემს საქმეში ძალიან მეხმარება. ძალიან მგულშემატკივრობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორც კი შეუძლია, მეორე ნახევარს ხელი შეუწყოს, გვერდით მიდგას. სამსახიობო აქვს დამთავრებული, უბრალოდ, თავის პროფესიას აღარ გაჰყვა... მყავს 2 შვილი, რომ ვთქვა, ისინიც ხელს მიწყობენ-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ჯერ პატარები არიან. ბიჭი 10 წლისაა, გოგო - 7-ის. დახმარება იქით უნდათ. თუმცა ის უხარიათ, თუ მამას ქუჩაში ვიღაც იცნობს - მამა, ნახე გიცნეს. ამაზე ვბრაზდები, ცოტა სნობიზმისკენ რომ მიდიან, არ მსიამოვნებს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჯერ პატარები არიან... ისე, მეგობრული მამა ვარ. სიმკაცრე არ მახასიათებს, მიყვარს ზომიერება, უაზრო სიმკაცრე ჩემთვის გაუგებარია. ცხოვრება მეგობრობაში, ასეთ ურთიერთობაში მირჩევნია.
- როგორია შენი შემოქმედებითი გეგმები?
- რაღაცები ჩემზე არ არის დამოკიდებული... ახლა "თავისუფალ თეატრში“ პიესას ვდგამთ და ავთო ვარსიმაშვილთან დეკემბრიდან დაგვეწყება რეპეტიციები, მივყვები ასევე ამ სერიალს, მაქვს შემოთავაზება კიდევ ახალი სერიალიდან, მაგრამ ჯერ არ მინდა, ამაზე მეტის თქმა. კარგი ხალხია, მაგრამ დაკონკრეტების უფლება არ მოუციათ... აი, ეს არის ამ ეტაპისთვის...
წაიკითხეთ ასევე: