ჰაკასიაში ადგილობრივ 47 წლის მამაკაცს დაკავებული ჰყავდა ორი ადამიანი - კაცი და ქალი და მათ სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებას აიძულებდა.
მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანის დაშინების, ძალადობის, მუქარის გზით, მისთვის მონურად შრომის იძულების მუხლით.
ინფორმაციას კრასნოიარსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, 2016 წელს მამაკაცმა, რომელსაც ფერმა დასახლებული პუნქტიდან 20 კმ-ში ჰქონდა, სამუშაოდ ასოციალური ცხოვრების წესის მქონე კაცი და ქალი "დაასაქმა".
დამსაქმებელი სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებისთვის რეგულარულ ხელფასს ჰპირდებოდა. ქალი და კაცი ფერმაში დღეში 16 საათი მუშაობდნენ, დაუმორჩილებლობის ან ცუდად შესრულებული საქმის გამო, ბრალდებული მათ სცემდა და სარდაფში კეტავდა. ხელფასს კი საერთოდ არ უხდიდა.
"მომუშავეებმა არაერთხელ სცადეს გაქცევა, თუმცა დასახლებული პუნქტიდან დიდი მანძილის გამო, ბრალდებული მალევე პოულობდა მათ და უკან აბრუნებდა. მონური შრომა 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა“, - ჰყვებიან საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში.