ავტორი:

"უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა - პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ" - სტოლტენბერგი

"უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა - პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ" - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში, ფრონტზე რთული მდგომარეობაა და საჭიროა, ქვეყნის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, როდესაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში მოგზაურობს, გზავნილი არის ის, რომ მოკავშირეები მზად არიან შეინარჩუნონ და გაზარდონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

“რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. ის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე იმედი გვქონდა, არ არის არგუმენტი მხარდაჭერის წინააღმდეგ, ეს არის არგუმენტი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის სასარგებლოდ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი მტკიცებით, უკრაინელებმა უკვე დიდი გამარჯვებები მოიპოვეს. ომის დასაწყისში ექსპერტების უმეტესობას სჯეროდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაიშლებოდა და რომ რუსეთი კიევზე კონტროლს რამდენიმე კვირაში მოიპოვებდა. რეალურად კი პირიქით მოხდა და უკრაინელებმა შეძლეს უკან დაეხიათ რუსული ძალები და ტერიტორიის ნახევარი გაეთავისუფლებინათ.

„ასე რომ, ამდენი ტერიტორიის გათავისუფლება უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა, უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა ის, რომ შეძლო, რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკარგები მიეყენებინა. უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა, რომ გაიმარჯვა, როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ქვეყანამ ევროპაში. რუსეთმა ბევრი დაკარგა. უკრაინა პრეზიდენტი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხია. მან ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.