საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ რჩეულს, სალი კერატიშვილს ხელი სთხოვა. როგორც ჩანს, საბამ სალის ხელი სტადიონზე სთხოვა. ფოტოებს წყვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და უამრავ მილოცვასაც იღებს. საბა ლობჟანიძე ამჟამად აშშ-ში, "ატლანტა იუნაიტედში" თამაშობს.
რაც შეეხება სალის, ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობია, სადაც კესოს როლს თამაშობს. სერიალში ეპიზოდურად ჩნდება, როგორც გავლენიანი მდიდარი ქართველის, შავლეგო მადლიანის მეგობარი გოგონა. რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში სალი ამბობდა, რომ არ სურს ვინმემ მის გმირთან გააიგივოს.
"არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მივედი ძალიან თავდაჯერებული. ჩემი პერსონაჟის მსგავსი არაერთი გოგოა ამ ქალაქში, ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ხდება მისი გარდაქმნა. უნდა შეგეძლოს იყო იმპულსური, თავხედი, ინტრიგანი, შტერი, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი...
პირველ დღეს, როგორც კი კამერა ჩაირთო, თამაში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დამეხმარნენ, განსაკუთრებით - ილო ბეროშვილი. ამიხსნა, როცა სერიალში სათამაშოდ მოვედი, დიდი სამსახიობო გამოცდილება მეც არ მქონდაო და თავის გავლილ გზაზე მიამბო. ძალიან დამეხმარა გიორგი ლიფონავაც. ეკრანზე საკუთარ თავს პირველ დღეს ცალი თვალით ვუყურებდი. ბევრმა დამირეკა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მე კი ძალიან ვინერვიულე" - ამბობდა სალი ინტერვიუში.