ავტორი:

"ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა - ვისაც სხვა მიზნები აქვს, საკადრის პასუხს მიიღებს" - ხაბეიშვილი

"ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა - ვისაც სხვა მიზნები აქვს, საკადრის პასუხს მიიღებს" - ხაბეიშვილი

ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა - იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას - ვინც მანიფესტს არ მოაწერს ხელს, ვისაც არ აინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობა და სხვა მიზნები აქვს, საკადრის პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ მელია მანიფესტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებს, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.

"რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, ვისი ჭირ-ვარამიც, წუწუნი და ვერ შეუგუებლობა ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებზე მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე და მოაწერს ხელს მანიფესტს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროისთვის საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას საკუთარი პოზიციებით.

ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს, თუ დაინტერესდება, არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მას შემდეგ თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას [მანიფესტზე]. შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. მობრძანდეს, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, დიდი ხანია გარიცხულია. თუ იურიდიულად დააინტერესებს, "მგლის ბილეთი“, მოგვწერს და გავცემთ პასუხს არის თუ არა წევრი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავად უხელმძღვანელებს და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ "ბევრი დამსახურებული ადამიანი, ვინც პარტიიდან გარიყული აღმოჩნდა, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში“, ხაბეიშვილი ამბობს, რომ არცერთი ასეთი ადამიანის მიმართ თავად პარტიას პრობლემა არ ჰქონია.

"კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ არ მიიღებს, არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ხელს მოაწერენ. ვინც არ მოაწერს ხელს, ვისაც არ აინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობა; ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა მიზნები აქვს, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. "ნაციონალური მოძრაობა“ "სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, გამარჯვების კოალიცია, იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემი თანამებრძოლები, კონკრეტული ადამიანები, რომლებთან ერთადაც ბევრი მიბრძოლია, დასაფასებელი ადამიანები არიან და ამ ადამიანების მოფერების გარდა არაფერი გაგვიკეთებია პარტიას.

ამ ადამიანებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არც იქნება. იმ ადამიანების პოლიტსაბჭოში ყოფნის პრობლემა არ ყოფილა, ვინც განცხადება დაწერა და გავიდა [პოლიტსაბჭოდა]. ყველა განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობის“ მხრიდან კეთდება, შეთანხმებულია პრეზიდენტ სააკაშვილთან. ამ პარტიის მთავარი ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. როდესაც თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდი, მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი ტყვეობაშია. ამ ადამიანმა დღეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ ერთობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა ღიად თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს პოლიტიკურ საბჭოს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუ კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემა, პრეზიდენტი სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ თავად იქნება პროცესში ჩართული, მგონია, რომ ამ ადამიანებისთვის გამარტივდება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში, კლინიკა "ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას საკუთარ თავზე იღებს.

"მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის“,- განაცხადა სააკაშვილმა.