ალბათ, გსმენიათ გამონათქვამი - ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობსო... ჩემმა რესპოდენტებმა სიყვარულით აირჩიეს ეს პროფესია, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, ნებსით, თუ უნებლიედ, მასთან განშორება მოუწიათ და სხვა გზები გამონახეს. ზოგმა ამ პროფესიაში თავი ვერ იპოვა, ზოგს მოლოდინი გაუწბილდა, ზოგმა პერსპექტივა ვერ დაინახა, ზოგიც პრობლემებს შეეჯახა და ხელი ჩაიქნია... ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ჟურნალისტიკა რთული და საკმაოდ სარისკო სფეროა, პირველ რიგში, ის დიდ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმს, ობიექტურობას, თავდაუზოგავ შრომასა და სიმამაცეს მოითხოვს. ხალხისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების დაფასების რა მოგახსენოთ, ეს არც განიხილება, თითქოს ამას ეგუები კიდეც და დაფასება-ტაშს არ ითხოვ. ხშირად დამცირება-ცილისწამების ტალღების გაპობა გმართებს, მაგრამ ნაპირზე თავაწეული და მართალი უნდა გამოხვიდე. ის პროფესიაში ერთგულებას და თავფეხიანად გადაშვებას გთხოვს. ის თუ შეგეყარა, მერე, სადაც არ უნდა წახვიდე, შენი თანმდევი ხდება...
ambebi.ge წარმოგიდგენთ პროფესიიდან წასულ რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებმაც დროებით, თუ სამუდამოდ უარი თქვეს მათ არჩევანზე.
ეკა აბაშიძე:
"ჟურნალისტიკასთან პირველი შეხება მქონდა 17-18 წლის ასაკში, როცა "კვირის პალიტრის“ ვებსაიტზე ვმუშაობდი. მამა ჟურნალის რედაქტორი იყო ბევრი წელი და მეც 14 წლიდან ხშირად მიხდებოდა ოფისში მისვლა, მაინტერესებდა ეს სფერო. მერე მქონდა 4-წლიანი წყვეტა, ვინაიდან უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის დასრულების შემდეგ ისევ "პალიტრაში“, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში“ დავბრუნდი რეპორტიორის პოზიციაზე. ოთხი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნითვე რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია და დიდი გამოცდილებაც მივიღე. 20 ივნისის დაზარალებული ვარ ("ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორად მუშაობისას ე.წ. გავრილოვის ღამეს ორი რეზინის ტყვია მომხვდა ორივე მკლავში) და ნაწილობრივ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ აღარ მემუშავა რეპორტიორად - ამ პროფესიას, ცოტა არ იყოს, შიშით ვუყურებდი, ჩემი თავი შემეცოდა კიდეც...
საბოლოო ჯამში, ეს 4 წელი დაძაბული ვიყავი, იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან შეხებამ დამანახა, რომ ჟურნალისტებს ხშირად ნეგატიური თემების გაშუქება უწევთ და გადავწყვიტე ცოტა უფრო მშვიდი და პოზიტიური სფერო მომეძებნა, თუნდაც საამისოდ მეტი ინტელექტუალური შრომა დამჭირვებოდა. ამის მერე თავის მოფრთხილებაზე ვიყავი კონცენტრირებული. სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა და რეპორტიორობის ინტერესმა გადამიარა. მერე ვიმუშავე მულტიმედიაში, ვისწავლე მონტაჟი, ვქმნიდი სხვადასხვა სახის კონტენტს - ვწერდი სტატიებსა და ინტერვიუებს ძირითადად დიპლომატებთან (ელჩები იქნებოდნენ, ყოფილი დიპლომატები, თუ სხვადასხვა თანამდებობის პირები), იმხანად საერთაშორისო თემებით უფრო ვიყავი დაინტერესებული. ამ სფეროში მუშაობის თითქმის 4 წელი მისრულდებოდა, როცა ჟურნალისტიკას დავემშვიდობე და ამის მაპროვოცირებელი რამდენიმე მიზეზი იყო: კარგი თვისება მგონია, როცა ადამიანი ცდილობ, ეტაპობრივად და სწრაფად განვითარდე. ეს ცუდი იმ კუთხითაა, რომ რაღაც ეტაპების გავლის შემდეგ, შესაძლოა, უფრო მეტად მოვიდეს სტაგნაცია და ეს სწრაფი განვითარება შეფერხდეს.
როცა საქმე რუტინაში გადავიდა, ამ შემთხვევაში უკვე საკუთარ თავში განვითარებას ვეღარ ვხედავდი, რასაც მანამდე ვიყავი მიჩვეული. ამ პროფესიისგან ბოლო წელიწადნახევარი ვეღარ ვიღებდი იმ სიამოვნებას, როგორც მანამდე. თან ბავშვობიდანვე ჰუმანიტარის იარლიყი მომაკერეს და მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა თავზე. მიუხედავად იმისა, რომ როცა მოვინდომებდი, სხვა სფეროებსაც კარგად ვუმკლავდებოდი. დროთა განმავლობაში საკუთარ თავზეც აღარ მქონდა კარგი წარმოდგენა, თვითშეფასება დამიმდაბლდა (ალბათ მეტი მოთხოვნა მქონდა საკუთარი თავის მიმართ), თითქოს ხელს ვაწერდი ჟურნალისტიკასთან, რომ თუ გავაგრძელებდი, მთელი ცხოვრება ეს უნდა მეკეთებინა, ასეთი დამოკიდებულება მქონდა.
მე კი საბოლოოდ, ამაზე ხელი ვერ მოვაწერე... მინდოდა თავი სხვაგან გამომეცადა და დღესდღეობით ვარ პროგრამული საგანმანათლებლო საზოგადოების შემადგენლობაში - Bitcamp-ში. ერთი სიტყვით, ამ პროფესიაში გადმოსვლამ განუსაზღვრელად ბევრი შესაძლებლობა მომცა - დროს მე ვაკონტროლებ, მაქვს იმის საშუალება, სხვა ინტერესებს მივხედო, სხვა ბევრი რამ ვისწავლო. რეპორტიორობა ჩემთვის იყო როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური დატვირთვა, ამავე დროს, ძალზე საპასუხისმგებლო - ჟურნალისტისთვის ნებისმიერ შეცდომას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამავე დროს, დაუფასებელიცაა, დიდი ფინანსური შედეგების დასადგომად ჟურნალისტიკა არ გამოდგება, მეტს და მეტს რომ მიაღწიოს, ამისთვის ჟურნალისტს დიდ მორალურ კომპრომისზე წასვლაც კი შეიძლება მოუწიოს.
მოკლედ, ჩემი გადაწყვეტილებით დღეს კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკაზე უგონოდ შეყვარებული ადამიანებიც არსებობენ, ყველას გზა ინდივიდუალურია და ზოგს უღირს ამ პროფესიაში ყოფნა, თუმცა მე ისეთი "ვაჟკაცი“ ვერ აღმოვჩნდი, რომ კიდევ მეტი წელი დამეთმო ამ სფეროსთვის. დღეს საქართველოში ძირითადად მიკერძოებული მედიასაშუალებებია და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ იმ მედიაში, სადაც ვმუშაობდი, ყოველთვის მქონდა თავისუფლება, "პალიტრას“ შორიდან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჟურნალისტიკა ძალიან ცოცხალი, დინამიკური პროცესია, ბევრ ადამიანთან გაქვს შეხება და ამის გადაჩვევა გიჭირს. კარიერის ცვლილებამ ხელი შემიწყო ჯანმრთელობზე ზრუნვაშიც, ასევე, ჩემში ახალი ინტერესების აღმოჩენაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტიკაში ყოფნის პარალელურად გამიჭირდებოდა ამ ინტერესებისთვის დროის გამონახვა-დათმობა, ცვლილებამ კი ამის საშუალება მომცა“.
მარიამ დემეტრაშვილი:
"ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მე ის იღბლიანი ვიყავი, ვისაც გაუმართლა და ჩემი პროფესიით დავსაქმდი - სრულიად შემთხვევით მოვხვდი ახლადგახსნილ ტელევიზიაში, 1-2 წელი ვიმუშავე და გადავედი "პალიტრაში“ - "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ვიყავი. ჩემთვის ეს პერიოდი იყო ყველაზე საინტერესო (ვმუშაობდი რადიოში, ტვ-ში, საიტებზე) და დიდი გამოცდილების მომტანი. ეს ეტაპი ძალიან კარგად მახსენდება როგორც პროფესიული, ისე ადამიანური თვალსაზრისით. შემდეგ გადავედი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რედაქტორის პოზიციაზე, იქაც ამდენ ხანს დავყავი და მერე უკვე შვილი შემეძინა. 1 წელი პაუზა ავიღე, მინდოდა თვითონ გამეზარდა ბავშვი და უკვე მივხვდი, რომ საქმე და ბავშვი ერთად, ორივე ცოტა რთული შესათავსებელია. პროფესიის სიყვარულიდან გამომდინარე, ვეძებდი გზას, როგორ შეიძლებოდა ეს მომეხერხებინა, მაგრამ სამსახური ღამის მორიგეობას მოითხოვდა ან დილიდან საღამომდე გრაფიკს. ტელევიზიამ ყოველგვარ ხელშეწყობაზე უარი მითხრა იმ მოტივით, რომ სხვებთან შედარებით გამორჩეულად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერ ჩამაყენებდნენ, ამიტომ წამოსვლა ვარჩიე.
8 წელი ვიყავი ამ პროფესიაში და ვერ წარმომედგინა, სხვა რა უნდა მეკეთებინა - ძალიან მიყვარს წერა, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა... მაინც ისეთი გრძნობა სდევს ჩვენს პროფესიას, რომ გგონია, საზოგადოებისთვის რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ. ეს სენი თუ შეგეყარა, ჭირს მასზე უარის თქმა. 1 წლის მერე გავედი და დავიწყე მუშაობა BMG-ში, რომელიც კარგი რეპუტაციის მედიაა, კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული და ამ შანსზეც უარს ვერ ვიტყოდი. იქ უკვე აშკარად დავრწმუნდი, რომ ბავშვი და მედია აშკარად რთული შესათავსებელია, თუკი გინდა აღზრდაში 100%-ით ჩართული მშობელი იყო. არ ვიყავი თანახმა, ჩემი შვილი სხვას გაეზარდა, ჟურნალისტს კი გრაფიკი არ აქვს, ვერ გათიშავს ტელეფონს და როცა საჭირო გახდები, ადგილზე გიწევს მისვლა. მივხვდი, რომ სულ თუ არა, დროებით მაინც უნდა ჩამოვშორდე ჟურნალისტიკას. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში ოფისმენეჯერად, სულ სხვა მიმართულებით და ძალიან მენატრება ჩემი პროფესია, ინტელექტუალური შრომა.
ჟურნალისტიკა ძალზე რთული, ცოცხალი, საპასუხისმგებლო და დაუფასებელი პროფესიაა. ერთის მხრივ, პოლიტიკოსები და ხელისუფლება ჩვენთან ცუდი თვალით უყურებენ ჟურნალისტებს, განტევების ვაცად ჰყავთ მიჩნეული. ეს პატარა ნიუანსებშიც კი იგრძნობოდა, მაგალითად, როგორც კი პარლამენტში დეპუტატთან მისთვის უსიამოვნო კითხვას დასვამდი (არ ჰქონდა მნიშვნელობა, უმრავლესობიდან იყო, თუ - ოპოზიციიდან), მაშინვე გეკითხებოდნენ, "შენ საიდან ხარ?“ - პასუხის მიღების შემდეგ დამცინავად - აჰა, გასაგებია. მაშინაც და დღესაც ანალოგიური დამოკიდებულებაა. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ანგარიშვალდებულება საერთოდ არ გააჩნიათ, მით უმეტეს, სამინისტროების პრესსამსახურებთან უშედეგოდ უნდა რეკო, ელემენტარულ კითხვაზე პასუხი რომ გაგცენ, საბოლოოდ კი, უარია კომენტარზე. ესეც ძალიან მოსაბეზრებელია...
ეს პროფესია ხალხისგანაც დაუფასებელია - ყოფილა შემთხვევები, როცა აქციებზე უხეშად და უდიერად გვექცეოდნენ, ამ დროს კი, როგორც კი ვინმეს ცხოვრებაში გასაჭირი დაუდგება, მაშინვე ჩვენ მოგვმართავენ, ყველა ჟურნალისტს სთხოვს დახმარებას. მაინც ვილანძღებით და ეს რთულია ჩვენს პროფესიაში“.
ნინო ბარამიძე:
"ბავშვობიდან მიყვარს ეს პროფესია. ტელევიზიობანას თამაშს და დიქტორის როლის მორგებას ვუთმობდი დიდ დროს. შემდეგ ჩავაბარე კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მუშაობა პირველივე კურსიდან დავიწყე, თავდაპირველად სტაჟორად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, მალევე სრულ შტატში დავსაქმდი. წერა ძალიან მიყვარდა, შემდეგ იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო პერიოდი, რომელიც პირველ არხზე დილის გადაცემა "ალიონში” გავატარე. წლების განმავლობაში ვმუშაობდი, შემდეგ აღმოვჩნდი საპატრიარქოს ტელევიზიაში. სხვადასხვა დროს ვიყავი კორესპონდენტიც, პროდიუსერიც და დილის გადაცემის წამყვანიც. იცით, იყო ჩემ ცხოვრებაში რთული პერიოდები, იყო ისეთი პერიოდიც, როცა კორესპონდენტად, წამყვანად და პროდიუსერად პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი ხარჯები ჩემ შემოსავალს ათჯერ მაინც აღემატებოდა. ამერიკა შორიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა და წასვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ საყვარელ პროფესიას ჩამოვშორდი, თუმცა ამ გადასახედიდან ჩემი ამ ნაბიჯით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ყველაზე სწორად იმ დროს მოვიქეცი, როცა ამერიკაში წამოვედი. აქაც უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ საქართველოს მაინც ვერაფერი შემიცვლის“.
პაპუნა შუშანია:
- 2012 წლიდან სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში ვიყავი, შემდეგ იყო ტელეკომპანია "იბერია", "იმედი" და ტვ "პირველი". ეს პროფესია მგონია, რომ დიდი მისტიკაა, რომელსაც თავს ვერ დააღწევ. ესაა ცხოვრება კონკრეტული გრაფიკის, ბარიერისა თუ შაბლონის გარეშე. თავისუფლებაა, რომელიც სითავხედეში არ უნდა გადაზარდო და იარაღია, რომელსაც კეთილსინდისიერი ადამიანები უსამართლობისა თუ ზღვარგადასულობის წინააღმდეგ იყენებენ. მე პირადად სულ სიახლის ძიებაში ვიყავი და საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას ვცდილობდი, რათა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები მიმეღო. პროფესიაზე უარი არ მითქამს, კონკრეტული გამოწვევებისა თუ დაბრკოლებების წინაშე ვიდექი, ამიტომ მომიწია პროფესიიდან და ქვეყნიდანაც დროებით წასვლა. ახლა ისრელში ვარ. ვერ წამომიდგენია ჩემი მომავალი აქტიური ჟურნალისტიკის გარეშე, თან როცა რეგიონში მუშაობ, უფრო დიდი ქიმიაა. იყო პრობლემები, რომელსაც ემიგრაციიდან უფრო სწრაფად ვაგვარებ. მახსოვს, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საომარი მოქმედება გამოაცხადა და გარეთ საჰაერო იერიშები იყო, ინსტიქტურად კადრებს ვიღებდი, შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი იყო. ეს რაღაც ჟინი სულ თან გაქვს და უფრო მძაფრდება, იძულებულს გხდის, რომ არ დანებდე და მალე დაუბრუნდე იმ საქმეს, რომელიც შენია და შენშია.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია საპასუხისმგებლოა, რადგან შესაძლოა ერთმა სიტყვამ რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. შესაბამისად, თითქმის ყოველთვის მოზომილი ვიყავი. არ მქონდა მოლოდინი და არც სურვილი იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ სპექტრს ან მაღალ ეშალონებს დავეფასებინე. ხალხის ნდობა და პატივისცემა მქონდა და ამას ახლაც ვგრძნობ. ახლა ისრაელში ვარ და ერთ-ერთ კლინიკაში სანიტრად ვმუშაობ.