ავტორი:

"გიორგი ამ დროს ამოძრავდა... ტირილი ამიტყდა. ალექსანდრემ მითხრა, დაწყნარდიო და გააგრძელა დანის დარტყმა... " - ჩვენი დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის რა დეტალებს მოჰყვა "ოქროს მოწმე"?

"გიორგი ამ დროს ამოძრავდა... ტირილი ამიტყდა. ალექსანდრემ მითხრა, დაწყნარდიო და გააგრძელა დანის დარტყმა... " - ჩვენი დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის რა დეტალებს მოჰყვა "ოქროს მოწმე"?
  • ფოტოკოლაჟზე: მოკლული გიორგი ალხანიშვილი და "ოქროს მოწმე" ალექსანდრე ახვლედიანი

ა.წ. 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე სამი პირი ალექსანდრე ახვლედიანი, დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე დააკავა, სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედება. ერთს კი, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მან მკვლელობიდან მალევე დატოვა ქვეყანა. ახლობლების თქმით, ის ლონდონში იღებდა განათლებას და სწავლის პროცესს დაუბრუნდა. სწორედ ის გახლავთ ჩვენი დროის ერთ-ერთ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული. ამ ცოტა ხნის წინ ბაჟუნაიშვილი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, თუმცა საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსტრადიციის მომზადების პროცესი.

სასტიკი მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს ჩვენება "ოქროს მოწმემ“ ალექსანდრე ახვლედიანმა 26 დეკემბერს მისცა და მომხდარი დეტალურად გაიხსენა. დაკავებულს პოლიციისთვის უკვე მიცემული ჰქონდა აღიარებითი ჩვენება, რაც პროცესზეც დაადასტურა.

"ჩავედი ნაკადულთან და დავინახე, რომ გიორგი იწვა და ზემოდან ეჯდა ალექსანდრე და ურტყამდა მარჯვენა ხელს. მივვარდი, ხელი დავუჭირე და ვყვიროდი: გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი! გიორგი ამ დროს ამოძრავდა, ტირილი ამიტყდა. ალექსანდრემ მითხრა, დაწყნარდიო და გააგრძელა დანის დარტყმა... კიდევ და კიდევ ურტყამდა, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით, გაშეშებულები ვუყურებდით, წარმოუდგენელი იყო მსგავსი რამ..." - თქვა ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე, რომლის კადრებსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს

მისი თქმით, მკვლელობის შესახებ იცოდნენ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამამ და ბიძამაც, რომელიც სასულიერო პირია და რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს. ახვლედიანის თქმით, სწორედ ბაჟუნაიშვილის მამა იყო ის, ვინც მომხდარის მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა და აიძულებდა, მომხდარზე არავისთან ელაპარაკათ.

პროკურორის განცხადებით, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი ალხანიშვილს 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებეული.

ბრალდებითვე ინფორმაციით, მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა. ეს სასამართლო პროცესზე ახვლედიანმაც დაადასტურა.

გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ. "სასტიკი მკვლელობა მიმდინარე წლის 16 მაისს ღამით მოხდა. მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის დროს მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს, მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს ინციდენტში მონაწილეები უმტკიცებენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა სახლიდან ტაქსით გააცილეს“, - განაცხადა პროკურორმა.