2023 წელი დატვირთული იყო სკანდალური ამბებით, როგორც შოუბიზნესში, ისე პოლიტიკაში. წლის შემაჯამებელ სტატიაში, წარმოგიდგნეთ იმ პერსონებსა და ამბებს, ვისზეც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად წერდა ქართული მედია.
თათია შარანგია
პიანისტი და ტელეწამყვანი ერთ-ერთია იმ ცნობილ ქართველებს შორის, რომელსაც წლის მანძილზე აქტუალურობა არ დაუკარგავს. თათია შარანგიამ ჯერ სანდრო შელიასთან დაშორებით ჩააგდო შოკში საზოგადოება, შემდეგ კი საყვარელი ადამიანი, ჯარჯი თორაძე წარუდგინა საზოგადოებას. ზაფხულის თემა სწორედ მათი სიყვარულის ისტორია და შემდგომ ქორწილი იყო, თუმცა დაოჯახებიდან მალე, თათიამ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ახალშერთულ მეუღლეს დაშორდა. წყვილის შერიგების შესახებ ერთ კვირაში გახდა ცნობილი. მაგრამ შარანგია-თორაძის „ლავსთორის“ შესახებ, ყველაზე ხშირად იწერებოდა მედიაში.
ბაბი კირკიტაძე
მომღერალი „ღამის შოუს ბენდთან“ ერთად წლის მანძილზე არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ეპიცენტრში, როდესაც მედიები წერდნენ, რომ ხელისუფლება კონცერტებისთვის კოლოსალურ თანხებს უხდიდა. თუმცა წლის მიწურულს, ბენდი და ჰონორარები ყველას დაავიწყდა, როდესაც ფილარმონიაში ანრი ჯოხაძის კონცერტზე ბაბი კირკიტაძემ იფრინა. იქამდე, გამჭვირვალე კომბინიზონის ჩაცმით მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ამ ორი სკანდალიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ბაბის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, რომელიც მისივე თქმით, ფაბრიკაცია გახლდათ.
ალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრასა და დავით კოდუას „ლავსთორი“ მესამე წელია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან. ერთი შეხედვით რა შეიძლება მომხდარიყო ახალი, თუმცა მთელი წლის მანძილზე კოდუა-პაიჭაძის წყვილი ყურადღების ეპიცენტრში გახლდათ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კოდუა ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად ფოტოებზე გამოჩნდა. მოგვიანებით, კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ AMBEBI.GE-სთან განაცხადა, რომ მისი შვილი ცოლს არასოდეს დაშორებია და ალექსანდრა მისთვის შემთხვევითი ქალი იყო. ამ ამბის შემდეგ, ალექსანდრა და დავითი მუდმივად ერთად ჩნდებიან, უცხოეთში ისვენებენ, კაცი საყვარელ ქალს საჩუქრებით ანებივრებს. შესაბამისად, ისინი ქართული ყვითელი მედიისთვის ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცნენ.
მიხეილ სააკაშვილი
მართალია, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი აქტუალურობას არ კარგავდა, მაგრამ მისი ციხეში მოხვედრის შემდეგ, მედიისთვის უფრო საინტერესო მისი პირადი ცხოვრება გახდა. 2023 წელს გაირკვა, რომ ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ, ამაზე უკრაინული მედია წერდა. ივნისში აღმოჩნდა, რომ იასკოს სააკაშვილისგან გოგონა ჟასმინ სააკაშვილი ჰყავს. მალევე მიშამ დაწერა, რომ ის სოფო ნიჟარაძეს დაუბრუნდა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა. ცოტა ხანში კი ექსპრეზიდენტი პირველ მეუღლე სანდრა რულოვსს ოფიციალურად დაშორდა.
ოთარ ფარცხალაძე
სექტემბერში ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს. მოვლენების პარალელურად გაირკვა, რომ ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის. ერთი თვის მანძილზე ყოფილი მთავარი პროკურორის თემა აქტუალური იყო ქართულ მედიაში, რადგან სანქციებს საქართველო არ შეუერთდა და უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძემ თავისი ქონება სასწრაფო წესით უფროს შვილს გადაუფორმა.
დავით კეზერაშვილი
2023 წლის აპრილში ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი მსოფლიო მედიისთვის საინტერესო ფიგურად იქცა. "კეზერაშვილისა და ევროპელი პენსიონერების საქმე“ დღემდე არ კარგავს აქტუალობას. „ბიბისის“ მიერ გამოქვეყებულ სტატიაში ეწერა, რომ გლობალურმა თაღლითურმა ქსელმა ჩვეულებრივი ინვესტორებისგან მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა. გამოცემამ აღმოაჩინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, მათ უკან იდგნენ. სტატიის მიხედვით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებდა 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა "სოლო ქეფითალზი“. სტატიის მიხედვით, „მილტონის ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების უკან ყველაზე ხშირად, ხუთი ადამიანი იდგა: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, დავით კეზერაშვილთან.
ირაკლი ღარიბაშვილის შვილი
სექტემბერში „ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა. ღარიბაშვილის ოჯახის ფრენა მედიისთვის აქტუალურ თემად იქცა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალე, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
ვინ გადაიხადა ნიკოლოზ ღარიბაშვილის მგზავრობის საფასური, როდესაც პრემიერის დეკლარაციის თანახმად, მისი ხელფასი წელიწადში 42 ათასი ლარია. ამ ფულით, ცოლს და 4 შვილს არჩენს - ამ კითხვას მედია სვამდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მგზავრობის საფასური ირაკლი ღარიბაშვილის მამამ გადაიხადა.
გიორგი ყიფშიძე
მსახიობი წლების მანძილზე არ კარგავს აქტუალურობას, მაგრამ 2023 წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა ყიფშიძეების ოჯახისთვის. რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი ენი გასოევა ახალგაზრდა კაცს მკერდზე კოცნიდა. ვიდეოს გავრცელებიდან მალე, ლენუკა ყიფშიძემ დაწერა, რომ ენი ექვსი თვე მათი ოჯახის რძალი აღარ იყო. სკანდალი ამით არ დასრულებულა, თვეების მანძილზე გაგრძელდა ინტერვიუების სერია როგორც გიორგი ყიფშიძესთან, ასევე მის ყოფილ მეუღლესთან. საბოლოოდ, ენიმ ყიფშიძეების სახლი დატოვა და მსახობი ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის.
ნუცა ბუზალაძე
მაშინ, როდესაც მომღერლის ამერიკული წარმატებით საქართველოს დიდი ნაწილი ხარობდა, ცნობილი გახდა, რომ ნუცა ბუზალაძემ რუსეთში დაბადების დღეზე იმღერა. 22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები - ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად "სამშობლოს“ მღერის. მოგვიანებით ნუცამ განმარტება გააკეთა, რომ ის მეგობრის ნია კოღუაშვილის დაბადების დღეზე ჩავიდა რუსეთში, თუმცა თავის მართლებამ შედეგი ვერ გამოიღო და იმ დღეებში დაგეგმილი ბუზალაძის ბათუმური კონცერტი გაუქმდა.
წაიკითხეთ ასევე: