ავტორი:

"გაქცევა ჯოჯოხეთიდან" - როგორ შეძლო ეკიპაჟმა 379 მგზავრის უნაკლო ევაკუაცია იაპონიაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ?

"გაქცევა ჯოჯოხეთიდან" -  როგორ შეძლო ეკიპაჟმა 379 მგზავრის უნაკლო ევაკუაცია იაპონიაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ?

2 იანვარს, ტოკიოში, ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან შეჯახების შემდეგ გაუჩნდა.

ამ უკანასკნელი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანიდან, ხუთი დაიღუპა. თუმცა Japan Airlines-ის Airbus A350-ის 379 მგზავრის ევაკუაცია უმოკლეს დროში მოხერხდა. გადარჩენის უნიკალურ ოპერაციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

BBC ავიაციის ექსპერტებისა და ეკიპაჟის წევრების გამოცდილებას დეტალურად მოგვითხრობს.

“მგზავრები ეკიპაჟის ინსტრუქციების შესაბამისად მიდიოდნენ ცეცხლმოკიდებული Japan Airlines-ის თვითმფრინავის ავარიული გასასვლელისკენ, ხელბარგის გარეშე. მათი ნივთების დატოვება იყო გადარჩენის "მთავარი ფაქტორი“ ბორტზე მყოფი 379 ადამიანისთვის.

შვება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იყო. თუმცა, თავიდან, როდესაც სასწრაფო ევაკუაციის პროცედურაზე დავიწყე ფიქრი, ვნერვიულობდი და ცოტა შემეშინდა კიდეც", - განუცხადა გამოცემას Japan Airlines-ის ყოფილმა ბორტგამცილებელმა...

როგორ დააღწიეს თავი მგზავრებმა იაპონური თვითმფრინავის "ჯოჯოხეთს“.

"ავარიული ევაკუაციის დროს ყველაზე საშიში ბარგზე ზრუნვა და სალონში დატოვებული ხელჩანთების აღებაა, ეს ევაკუაციას ანელებს“ - განაცხადა გრინვიჩის უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო ჯგუფის დირექტორმა, პროფესორმა ედ გალეამ.

გალეას თქმით, ევაკუაცია ნაწილობრივ გაართულა Airbus A350-ის მდგომარეობამ.

“თვითმფრინავი იყო ცხვირით ქვემოთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მგზავრებს უჭირდათ გადაადგილება. მხოლოდ სამი გასაბერი სლაიდის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ ისინი სათანადოდ არ იყო განლაგებული თვითმფრინავის დაშვების გამო. ციცაბო იატაკი სრიალებდა, რაც მგზავრებისთვის საშიში იყო", - თქვა მან.

Japan Airlines- ის ინფორმაციით, ევაკუაციის დროს თვითმფრინავის აუდიო გადამცემი სისტემაც გაუმართავად ფუნქციონირებდა, ამიტომ ეკიპაჟს ინსტრუქციების გაცემა მეგაფონის გამოყენებით და ყვირილით მოუწია.

ავიაკომპანიის ცნობით, ერთ მგზავრს დალურჯებები აღენიშნებოდა, ხოლო 13-მა მოითხოვა სამედიცინო კონსულტაცია ფიზიკური დისკომფორტის გამო.

  • უსაფრთხოების ტრენინგი

Japan Airlines-ის ყოფილი ბორტგამცილებელის თქმით, ვიდრე მათ კომერციულ ფრენებში მუშაობის უფლებას მისცემენ, ყოველწლიურად გადიან ევაკუაციისა და სამაშველო ტრენინგებს სამი კვირის განმავლობაში.

იმისათვის, რომ ნებისმიერი სამგზავრო თვითმფრინავი იყოს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული, თვითმფრინავის მწარმოებლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ საჭიროების შემთხვევაში ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს შეუძლია დატოვოს თვითმფრინავი 90 წამში.

ცნობილია, რომ საავიაციო უსაფრთხოების რეგულაციები საგრძნობლად გამკაცრდა წარსული უბედური შემთხვევების შემდეგ.

მაგალითად, 1977 წელს ესპანეთის ლოს როდეოსის აეროპორტში ორი Boeing 747 თვითმფრინავის შეჯახებამ 583 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. დადგინდა, რომ ავიაკატასტროფა ეკიპაჟსა და საჰაერო მოძრაობის კონტროლიორებს შორის არასწორი კომუნიკაციის გამო მოხდა.

თავად Japan Airlines-ის თვითმფრინავი 1985 წლის აგვისტოში, ოსაკას მიმართულებით მიმავალი რეისი 123, აფრენიდან მალევე მთას შეეჯახა. ბორტზე მყოფი 524 ადამიანიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა