ბრიტანელი მსახიობი გლინის ჯონსი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. თითქმის 90-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მას არაერთ ცნობილ ფილმსა თუ ტელესერიალში მიუღია მონაწილეობა, თუმცა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი 1964 წლის ფილმი "მერი პოპინსია".
მსახიობის გარდაცვალების სამწუხარო ინფორმაცია მისმა დიდი ხნის მენეჯერმა, მიჩ კლემმა გაავრცელა. კლემის თქმით, გლინისი საკუთარ სახლში ხუთშაბათს დილით მშვიდად განესვენა.
"გლინისი თავისი საქმის სიყვარულით ცხოვრობდა, რამაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მას ჩემი კარიერის დასაწყისში შევხვდი და საკმაოდ მაღალი სტანდარტები დამიწესა იმისა, თუ როგორ უნდა გამეკვლია ინდუსტრიაში გზა ისე, რომ წესიერება და ჭეშმარიტება არ დამეკარგა",- წერდა გლინისის მენეჯერი გავრცელებულ განცხადებაში.
გლინის ჯონსის კარიერა თითქმის ცხრა ათწლეულს მოიცავს. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა რომანტიკულ დრამაში "South Riding" პირველი როლი შეასრულა. 50-იან წლებში მან "ოსკარზე" ნომინირებულ ფილმ "The Sundowners"-ში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამავე ფილმისთვის ჯონსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაშიც იყო ნომინირებული.
1964 წელს გლინის ჯონსმა "მერი პოპინსში" ჯული ენდრიუსთან და დიკ ვან დაიკთან ერთად ითამაშა. მან ოსკაროსან ფილმში ფემინისტი ენერგიული ქალბატონი ბენქსის როლი განასახიერა. მას შემდეგ ჯონსი სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, ფილმებსა და ბროდვეის დადგმებში მონაწილეობდა.
ოქტომბერში გლინისმა 100 წლის იუბილე აღნიშნა და ჟურნალისტებს ჩვეული იუმორით განუცხადა: "ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ყველა ასაკში ძალიან კარგად გამოვიყურებოდი".
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა