მარნეულიდან გავრცელებულმა კადრებმა გუშინ მთელი ქვეყანა შეძრა. ვიდეოში ჩანდა, როგორ ძალადობდა მამაკაცი ძაღლზე, რომელიც ცემის შემდეგ დაიღუპა. პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
გუშინდელიდან ცხოველებზე და კერძოდ, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე უამრავი პოსტი იწერება. საზოგადოების დიდი ნაწილი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რომ მსგავსი დანაშაულისთვის ბრალდებული პირები სასტიკად დაისაჯონ.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბავშვობაში მომხდარ ამბებს იხსენებს, როდესაც რაიონში ძაღლის მოკვლა კვერცხის მოპარვის გამო, ჩვეულებრივი ამბავი იყო.
გიორგი კეკელიძე:
- მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს, დამშეულ ძაღლებს, იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს. "გაწუწკდა და მოსაკლავია” – ამბობდა ადამიანი, გამოჰქონდა თოფი და უმიზნებდა.
ძაღლი უყურებდა პატრონს და პატრონი უმიზნებდა. ბებიაჩემი ყურებზე ხელებს მაფარებდა, მაგრამ თითების ღრიჭოებში მაინც აღწევდა გაკვირვებული წკმუტუნი. და კლავდა ძაღლს ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის, მერე მარხავდა და თოფს წმენდდა ბინძური მზერით.
იმ ცხოვრებაში, ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს და იმ სამყაროში, რადგან ყველაფერი უკუღმაა, უკუღმაა ანდაზებიც და იმ სამყაროში "პატრონი ძაღლს ვერ ცნობს”, რადგან ძაღლი იქნება თეთრი ფრთებით და ძაღლს ლაპარაკი ეცოდინება და ძაღლს პატრონი ეყვარება, ძაღლს თავში ტყვიით და ზურგზე ფრთებით. საკუთარი მკვლელი ეყვარება, რადგან ხომ გითხარით, ძაღლს რომ უყვარს, ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია. ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი და ძაღლი – ძაღლი.