ავტორი:

ფრანც ბეკენბაუერის დიდების 6 ისტორია - ყველა დროის უდიდესი მატჩების მონაწილე, როკ კარიერაზე მეოცნებე და უბრალოდ, დიდი ადამიანი

ფრანც ბეკენბაუერის დიდების 6 ისტორია - ყველა დროის უდიდესი მატჩების მონაწილე, როკ კარიერაზე მეოცნებე და უბრალოდ, დიდი ადამიანი

გარდაიცვალა ფრანც ბეკენბაუერი - ნამდვილად დიდებული ადამიანი, გამორჩეული ფეხბურთელი, მწვრთნელი და პიროვნება.

დღეს ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მსოფლიო ფეხბურთისთვის და გერმანიისთვის, ზოგადად.

  • ბეკენბაუერმა შეცვალა ფეხბურთი, გახდა ლიბერო - თავისუფალი მცველი

ლიბეროს როლი მან გასული საუკუნის 60-იანებში მოირგო, როდესაც თავისი ნიჭისგან მაქსიმუმის მიღება გადაწყვიტა. იმ მომენტისთვის მომავალმა კაიზერმა მარცხენა მცველის პოზიციიდან ნახევარდაცვის ცენტრში გადაინაცვლა. მისი შთაგონების წყარო კი "ინტერის“ მწვრთნელი ერერა იყო.

იქ სქემა 1-3-3-3 იყო, რომელშიც იტალიელი მცველი ჯაჩინტო ფაკკეტტი ცენტრალური და მარცხენა მცველის ითავსებდა, მთლიან ფლანგს კეტავდა და თავდასხმაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ბეკენბაუერმა ფაკკეტტისა და კიდევ ერთი ფეხბურთელის, ნახევარმცველ პიკკის როლები შეითავსა, გარდაიქმნა ლიბეროდ, რომელსაც გადაცემის გაკეთების საოცარი უნარი ჰქონდა, კარგად აზღვევდა გუნდელებს და რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თავისუფლად მოძრაობდა მოედნის მთელ ვერტიკალზე.

ბეკენბაუერმა თამაში შეცვალა. ის მატჩის ტემპს მცველების ზურგიდან მართავდა, გუნდი მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარზე გადაჰყავდა, პოზიციური შეტევის დროს სიღრმიდან მოულოდნელად ჩნდებოდა და თავის გუნდისთვის რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. თავის დრიბლინგით ოპონენტის დაცვის ზონაში მუდმივ პრობლემებს ქმნიდა, ასევე ორივე ფეხით ძლიერად ურტყამდა. გერმანული ფეხბურთი უცებ გახდა დომინანტი ევროპაში, ხოლო გუნდები, რომელშიც ფრანცი თამაშობდა, ყველგან იგებდნენ. მან "ბაიერნთან“ ერთად 13 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიგო.

ბეკენბაუერი ლიბეროს ეტალონი გახდა. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი მცველები ყოველი მოძრაობით დასცინოდნენ მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ ცენტრბეკები ყოველთვის მაღლები და ფიზიკურად დიდები უნდა ყოფილიყვნენ.

ლიბერო დაცვის ხაზის უკანასკნელი ხაზი იყო და რამდენადაც ეს ბარიერი სულ ერთადერთი ფეხბურთელისგან შედგებოდა, ამ პოზიციისთვის არჩევდნენ ნამდვილ ოსტატებს, ვისაც სამი წინა მცველის ჩანაცვლება შეეძლო. მათი მთავარი ვალდებულება ყოველთვის ინტელექტზე იყო დაფუძნებული: უნდა ჰქონოდათ დროისა და სივრცის იდეალური შეგრძნება, რომ მოტყუებული ცენტრბეკი უშეცდომოდ დაეზღვია და ფორვარდი არ გაეტარებინა.

  • ითამაშა ყველა დროის დიდებულ მატჩებში

ფრანცი - გასული საუკუნის მთავარი საფეხბურთო მოვლენების გმირია.

არცერთი საფეხბურთო მატჩი გერმანული ტელევიზიის ისტორიაში იმდენჯერ არ გაუმეორებიათ, რამდენიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი იტალია-გფრ. 2000 წელს L’Equipe-მ ფეხბურთის 50 ვარსკვლავის გამოკითხვის საფუძველზე აღიარა, რომ მე-20 საუკუნის საუკეთესო მატჩი ზუსტად ეს შეხვედრა იყო.

ბეკენბაუერი პარტნიორებს აფრთხილებდა: "ბიჭებო, მთავარია დასაწყისში გოლი არ გავუშვათ. ასეთ შემთხვევაში ვერასდროს გავაღწევთ მოწინააღმდეგის ბეტონის კედლის მიღმა“.

ჩანაფიქრი არ ახდა - გერმანიამ გოლი გაუშვა და შემდეგ 83 წუთი ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. ანგარიში, ფაქტობრივად, მატჩის მიწურულს ბოლო შეტევისას გაათანაბრეს. 91-ე წუთზე შნელლინგერმა წონასწორობა აღადგინა. ეს მისი ერთადერთი გოლი იყო ნაკრების 47 მატჩში. "როდესაც მე კუბოში ჩამდებენ და მღვდელი ლოცვის კითხვას დაიწყებს, ის იტყვის: "აქ განისვენებს ის, ვინც 1970 წელს იტალიასთან მატჩში ანგარიში გაათანაბრა“, - ხუმრობდა შნელლინგერი.

ბეკენბაუერი ნახევარდაცვაში თამაშობდა და ბურთი წინ ეფექტურად გადაჰქონდა. ასეთი გარღვევის დროს მეორე ტაიმში საჯარიმოდან 1 მეტრში ის მოცელეს. "მოედანზე დაცემის დროს თვალებში დამიბნელდა. მარჯვენა მხარში ჩხვლეტა ვიგრძენი“, - იხსენებდა ფრანცი წინგში "Meine Gegner – Meine Freunde" ("ჩემი მოწინააღმდეგეები - ჩემი მეგობრები“).

გერმანელებმა არბიტრი ალყაში მოაქციეს და ითხოვდნენ, რომ ჩერისთვის ყვითელი ბარათი მიეცათ, ბეკენბაუერი კი წამოდგა და ჩუმად დაუბრუნდა პოზიციას.

ცვლილების განხორციელება შეუძლებელი იყო, დამატებითი ტაიმების წინ ფრანცს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ის შეხვეული ხელით გამოვიდა.

ძირითადი დროის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დამატებითი დრო დაიწყო.

"დამატებითი დრო ჰგავს ორი მოკრივის ბრძოლას, რომლებიც ფეხზე მყარად ვერ დგანან, ვერ იცავენ თავს და ერთმანეთს დარტყმებს აყრიან“, - იხსენებდა ZDF-ის რეპორტიორი გარი ვალერიენი.

ბევრი გერმანელი ფეხბურთელი მოგვიანებით ამბობდა, რომ მატჩი გიჟური უამრავი შეცდომის გამო გახდა.

"როგორ მოახერხა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ორმა ათეულმა ერთ მატჩში იმაზე მეტი შეცდომის დაშვება, ვიდრე ამას ერთ სეზონში არ უშვებდნენ?“ - წერს ბეკენბაუერი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "Einer wie ich ("ისეთი, როგორიც ვარ“). გერმანიამ ეს თამაში დათმო და ფინალს მიღმა დარჩა.

ბეკენბაუერის კარიერაში კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა იყო - გფრ ნიდერლანდების წინააღმდეგ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი.

გერმანიამ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უნდა ეთამაშათ ტოტალური ფეხბურთის წინააღმდეგ.

ჰელმუტ შენმა გულმოდგინედ შეისწავლა მოწინააღმდეგე და მიხელსის ტაქტიკის ძირითადი პრინციპები. იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჰოლანდიის წინააღმდეგ ეთამაშათ, მან უნივერსალური მანქანა ააწყო. შეისწავლა ის ზონები, საიდანაც იქმნებოდა წნეხი, გადაუკეტა ჟანგბადი მთავარ შემოქმედ ფეხბურთელს. კარგად ესმოდა, საჭიროა არა მხოლოდ წნეხის გზების შესწავლა, არამედ მნიშვნელოვანია ისეთი სისტემა შექმნას, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუდმივად იმუშავებდა.

ამ მატჩში ყველამ დაინახა პერსონალურ-ზონალური დაცვა, შემტევი ფეხბურთელების დაცვაში მუშაობა.

იმ წელს გერმანიამ მეორედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

  • გახდა ტელევარსკვლავი სიმღერების წყალობით, სერიოზულად ფიქრობდა მუსიკოსის კარიერაზე

1966 წელს გფრ-ს ეროვნული მუსიკალური ჩარტის ტოპ ხუთეული ასე იყო დალაგებული: Get Off of My Cloud და 19th Nervous Breakdown – Rolling Stones, Strangers in the Night – ფრენკ სინატრა, Sloop John B – The Beach Boys, Yellow Submarine – The Beatles. ისინი პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ, მაგრამ საინტერესო ჰიტების მწვერვალი კი არა, 31-ე ადგილოსანი მუსიკოსი გახლდათ. აღნიშნულ პოზიციაზე იყო სიმღერა "Gute Freunde Kann Niemand Trennen" ("ვერავინ დააპირისპირებს საუკეთესო მეგობრებს"), რომელსაც 21 წლის ფრანც ბეკენბაუერი, "ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი ასრულებდა.

დიდი გერმანელი ნამდვილად ფიქრობდა მუსიკალურ კარიერაზე.

თავიდან მღეროდა ბედნიერებაზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. "Gute Freunde Kann Niemand Trennen"-ით მთელი მიუნხენი აამღერა.

თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კაიზერის სიმღერები ფართო აუდიტორიაზე ვერა და ვერ გავიდა.

სამაგიეროდ ეპიზოდური გამართლებებით ტელევარსკვლავიც გახდა, თუმცა საბოლოოდ, ფეხბურთელის კარიერა ამჯობინა და როგორც დრომ გვაჩვენა, მისი ფსონი გამართლდა.

  • საკულტო რეკლამის გმირი

2000-იანების დასაწყისში საფეხბურთო ბაზარზე Nike იყო გამეფებული, თუმცა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით კი ამ ცვლილებებში დიდი როლი ითამაშა Adidas-ის რეკლამამ.

ვიდეოში, როდესაც ბავშვები ეზოში ტოპ-ფეხბურთელებისგან გუნდებს კრავენ, პატარა კაპიტნები ასახელებენ მოქმედ ფეხბურთელებს: ჯიბრელ სისეს, კაკას, ზიდანის, ბექჰემი, დეფოსა, ოლივერ კანისა და მესის შემდეგ, ბიჭუნამ, რომელსაც გერმანიის მაისური ეცვა, დაიყვირა: "ბეკენბაუერი“.

მისმა ოპონენტმა გაიმეორა: "ბეკენბაუერი?“ და გაიცინა. ის გაოცებული იყო, როდესაც ახალგაზრდა ფრანცი გამოჩნდა მოედანზე. ამის დანახვისას გერმანელმა ლეგენდარულმა მეკარემ კანმაც კი ჰკითხა თანაგუნდელ შვაინშტაიგერს: - "ბეკენბაუერი?“. კევინ კურანიმ და ლუკაშ პოდოლსკიმაც არ დაუჯერეს თვალებს.

ამის საპასუხოდ ზიდანმა მეორე ბიჭს უთხრა, რომ მეორე გუნდში პლატინი უნდა აეყვანათ, შესაბამისად, წარსულის ლეგენდებიდან მეორე პლატინი იყო.

ვარსკვლავების რაოდენობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა. აი, ეს არის მთელი გუნდი, კაიზერი სამკლაურით - რა თქმა უნდა, გრაფიკულად იყო დამატებული.

  • მას აღმერთებდა გერმანული ფეხბურთის ყველა თაობა

ბეკენბაუერი გერმანიაში ძალიან დაფასებული ადამიანი იყო.

კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობდა: "შეიძლება ითქვას, რომ ის იდეალური ფეხბურთელი იყო. ცხოვრებაში არ გამიგია, ვინმეს გაეკრიტიკებინოს მოედანზე ან მის მიღმა“.

გერდ მიულერი: "მოედანზე გვერდს ვერავინ უვლიდა ფრანცს“.

მას დიდ პატივს სცემდნენ გერმანიის ფარგლებს გარეთაც.

"ის იყო ლიდერი, დომინანტი ფეხბურთელი, რომელიც ბურთს საოცრად და ოსტატურად ფლობდა. მაგრამ, აი, რას გეტყვით: მან გული მატკინა. როდესაც 8 წლის ვიყავი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვუყურებდი და ჰოლანდიისკენ ვიყავი. ვტიროდი, როდესაც მათ წააგეს. ძალიან მოწყენილი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები კაიზერის გენიალურობას“, - ერიკ კანტონა.

"მას ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. ის იყო უნივერსალური, მოქნილი, კარგად კითხულობდა თამაშს, იცოდა, როგორ ეთამაშა, შეეძლო წინ წასვლა და გოლების გატანა“, - ასე ახასიათებს მას ეუსებიო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას მოედნის ხედვის ფანტასტიკური უნარი ჰქონდა. ფრანცი დიდებულად ფლობდა ბურთს, საოცრად კარგად თამაშობდა დაცვაში, ყოველთვის აკონტროლებდა სიტუაციას... ამას ისეთი სიმარტივით აკეთებდა, გეგონება, ბოლომდე არ იხარჯებოდა. ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში რთული იყო“, - იხსენებს სერ ბობი ჩარლტონი.

"ერთხელ დავინახე, როგორ შევიდა ფრანცი რესტორანში და იჯდა ისე, როგორც თამაშობდა ფეხბურთს: კლასით და ავტორიტეტით“, - ბრაიან კლაფი.

  • მოიგო ყველაფერი

ბეკენბაუერი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო. ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1974), ევროპის ჩემპიონი (1972), გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი, ევროპული თასების ჩემპიონი.

ორჯერ მოიგო ოქროს ბურთი (1972, 1976).

დიდებულ კარიერას მწვრთნელის რანგში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატიც (1990) დაემატა.

ფრანც ბეკენბაუერი 8 იანვარს გარდაიცვალა. მან ფეხბურთის ისტორიაში სამუდამო კვალი დატოვა.

ავტორი: ანრი კურტანიძე